Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინციპულად არასწორი მიდგომა უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ მოსკოვი მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საზღვართან კანონიერად მოქმედებს, თბილისი კი ვითარებას ხელოვნურად ძაბავს. 23 სექტემბერს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ძლიერდება თბილისის პროვოკაციული აქტიურობა და პროპაგანდისტული ისტერია სამხრეთ ოსეთის საზღვრის გამო, რომლის განმტკიცების მიზნით ცხინვალის ქმედება სრულიად კანონიერია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლისგან კარასინი ადეკვატურ პასუხს მიიღებდა. ”პასუხი იქნებოდა ის, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენტეტი უნდა იყოს ხელშეუხებელი”, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, პრინციპულად არასწორი მიდგომაა, როცა კარასინი აცხადებს, რომ საქართველო ვითომდა ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვართან.
XS
SM
MD
LG