სოჭის ოლიმპიადის ზედმეტად პოლიტიზების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს - ნათქვამია მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მას საფუძვლად დაედო რუსეთის მიერ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მფრინავის ივან ნეჩაევის შერჩევა. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ქვეყნის რეგიონების ოკუპაციის ფონზე სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მონაწილეობის გადაწყვეტილება უკიდურესად რთულად მისაღები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მთავრობის მხარდაჭერით გამოხატა კეთილი ნება და რუსეთთან ურთიერთობის თანამიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაწყვიტა ოლიმპიადაში მონაწილეობა. ”მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა, მეორე მხარე მის გამოყენებას სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს” - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. მისივე შეფასებით, სხვა ვერაფრით აიხსნება ის, რომ ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს მონაწილე შეარჩია. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა. მთავრობა აღნიშნავს, რომ ყურადღების მიღმა არც ის რჩება, რომ სოჭის ოლიმპიადასა და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მთავრობის განცხადებითვე, ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამავდროულად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების თანამიმდევრული კურსის ერთგულია. ”ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართულად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, ხელისუფლება ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების დასაცავად მიირებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხებს სათანადო ყურადღებას დაუთმობენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების მთავრობები.
სოჭის ოლიმპიადის პოლიტიზების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
ყველაზე პოპულარული
1