Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში


საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ მეორე პოლიტიკურ ცენტრად გამოცხადებულმა ქუთაისმა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ სტატუსის შენარჩუნება პრაქტიკულად ვერ შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღეზე ნაკლები დარჩა, თუმცა კანდიდატების და მათი შტაბების განსაკუთრებული აქტიურობა ქუთაისში კვლავ არ შეინიშნება. პრეზიდენტობის 23 კანდიდატიდან ქალაქში საარჩევნო შტაბი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე არც ერთ კანდიდატს საარჩევნო პროგრამის პირველი პრეზენტაციის ადგილად ქუთაისი არ შეურჩევია.

წინასაარჩევნო პერიოდს ქუთაისელები არაერთგვაროვნად აფასებენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდელი პერიოდი გასული წლების საარჩევნო პერიოდებისგან დაპირებების სიმწირით გამოირჩევა და პრეზიდენტობის კანდიდატებისგან მათ კონკრეტული წინადადებები სოციალური და დასაქმების პრობლემების მოსაგვარებლად არ მოუსმენიათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა.

სოციოლოგი ბადრი ფორჩხიძე მიიჩნევს, რომ, გასული არჩევნებისგან განსხვავებით, მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებს ძირეულ ცვლილებათა მოლოდინს არ უკავშირებს. ამასთან, მოქალაქეების ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი, რადგან სადაზღვევო და სხვა სახის მცირედი შეღავათები მათ სოციალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა, კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ამ დრომდე არ შეხებია.

საპრეზიდენტო არჩევნებამდელ პერიოდს გასული წლებისგან მკვეთრად გამორჩეულს უწოდებს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. პარტიას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს იმ კანდიდატს უჭერს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. გოგი წულაია მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთისთვის წარსულის შეხსენებით არიან დაკავებულნი და კონკრეტულ წინადადებებს მოსახლეობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ სთავაზობს.

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტის აზრით კი, აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პრობლემები სასწრაფოდ მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG