გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აპირებს გააძლიეროს კონტროლი ინტერნეტზე. როგორც ყოველკვირეულ ბიზნეს-გამოცემა იუწყება, ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტრომ შეიმუშავა ბრძანებულების პროექტი, რომლის თანახმად ყველა ინტერნეტ-პროვაიდერი ვალდებულია 2014 წლის 1 ივლისამდე დაამონტაჟოს ისეთი მოწყობილობა, რომელიც ჩაიწერს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში ინტერნეტში მომხდარ ყველანაირ მოძრაობას. ამასთან სპეცსამსახურებს ექნებათ ინტერნეტ-პროვაიდერების მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა და შეეძლებათ თვალყური ადევნონ სატელეფონო ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და ინტერნეტის მომხმარებლის ადგილსამყოფელს. კავშირგაბმულობის ზოგიერთი ოპერატორი, მაგალითად „ვიმპელკომი“ აცხადებს, რომ პროექტის ზოგიერთი დებულება ლახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკონსტიტუციო გარანტიებს, რომლის შეზღუდვაც მხოლოდ სასმართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს. თუმცა, „იანდექსმა“, გუგლმა და მაილ რუმ გაზეთ „კომერსანტის“ შეკითხვებს ამ თემაზე არ უპასუხეს.
ყველაზე პოპულარული
1