Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი სერგო თეთრაძის საქმის გამოძიებაში მონაწილე ათი პირი


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის გამოძიებაში მონაწილე ათი პირი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. მანამდე ეს ინფორმაცია სააგენტო „ინტეპრესნიუსს“ მიაწოდა თეთრაძის ოჯახის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ. ადვოკატის განცხადებით, მასთან და სერგო თეთრაძის მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ”ღირსეული და ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო.” კოტრიკაძის ინფორმაციით, სერგო თეთრაძის საქმეში მონაწილე პირები პროკურატურაშიც მუშაობენ და ამ საკითხზე საუბარს აპირებს მთავარ პროკურორთან შეხვედრისას, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება. სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ოფიცერი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, რამდენიმე დღეში კი ოჯახს აცნობეს, რომ პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა. ხელახალი გამოძიებისას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა ალექსი ტერაშვილმა დაადასტურა, რომ სერგო თეთრაძე წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე წამების მუხლით უკვე გასამართლებულია ორი პირი და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს კიდევ ათზე მეტი ბრალდებულის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG