Accessibility links

ახალი ამბები

ეუთოს შეფასებით არჩევნები იყო ეფექტიანად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე და ჩატარდა მშვიდობიან და კონსტრუქციულ გარემოში

ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ბიუროს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევნები საქართელოში იყო ეფექტიანად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე და ჩატარდა მშვიდობიან და კონსტრუქციულ გარემოში. ეუთოს დასკვნით, აზრის გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების ფუნდამენტურ უფლებებს სცემდნენ პარტივს, და კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია წარმემართათ შეზღუდვის გარეშე. სამეთვალყურეო მისის ხელმძღვანელმა, ჟოაო სუარეშმა განაცხადა, რომ საქართველოს ხალხმა დაამტკიცა ძალაუფლების შარშანდელი ისტორიული ცვლა. სოარეშის თქმით, ეს არჩევნები და პოლიტიკური კოაბიტაცია მას აფიქრებინებს, რომ საქართველოს დემოკრატია მოწიფული ხდება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ილკა კანერვას თანახმად, საქართველოს ხალხს შეუძლია იამაყოს დემოკრატიული ნაბიჯებით, რომელიც მან გადადგა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის, მატი რაიდმას თქმით, არჩევნების პროცესი წარიმართა პროფესიონალურ დონეზე, გამჭვირვალედ და კონსტრუქციულ გარემოში. მისი შეფასებით, რასაც ჩვენ მეთვალყურეობას ვუწევდით, იყო „ევროპული არჩევნები“.

ყველა ახალი ამბავი

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამ მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სტევო პენდაროვსკი და გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში 5 მაისს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბალკანეთის ამ სახელმწიფოში გამართულ არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პროდასავლური ორიენტაციის სტევო პენდაროვსკი და მისი კონსერვატორი ოპონენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა. ბიულეტენების 99,96 %-ის დათვლის შემდეგპენდაროვსკის წილად ხვდა ხმების 42,84%-ი, სილიანოვსკა-დავკოვას 42,24%-ი პროცენტი.

პენდაროვსკი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია, მტკიცედ უჭერდა მხარს საბერძნეთთან შეთანხმებას ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მაკედონიას გზას უხსნის ევროკავშირისა და ნატოსკენ.

კონსერვატიული შეხედულებების სილიანოვსკა-დავკოვა, სამართლის პროფესორი, რომელიც დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს და ცნობილია თავის შეურიგებელი პოზიციით სახელწოდება „მაკედონიის“ შეცვლისა „ჩრდილოეთ მაკედონიით“.

სალომე ზურაბიშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ერთი არ არის გათვალისწინებული

22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეორე მოსმენის პროცესში ჩაერთო და კონსულტაციები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შედეგად, ზურაბიშვილის განცხადებით, დამატებით გათვალისწინებულია სამი რეკომენდაცია.

"მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა, ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს".

პრეზიდენტის განცხადებით, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია "ქმნის ერთგვარ უხერხულობას", რადგან ფარული კენჭისყრა. 2014 წელს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო.

ზელენსკის უკრაინაში ხმის უფლების მქონეთა 73 პროცენტზე მეტმა დაუჭირა

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს შოუმენი, პოლიტიკური ახალბედა, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბიულეტების 99,70 %-ის დათვლის შედეგად, ზელენსკის მიემხრო, 73,21 %.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24.46 %-მა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 62 %.

თეთრ სახლმა გადაწყვიტა აღარ გასცეს ირანის ნავთობის შესყიდვის განსაკუთრებული უფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, მაისიდან აღარ გასცეს თავისი სანქციების გვერდის ავლით ირანის ნავთობის შესყიდვის განსაკუთრებული უფლება.

აშშ, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამირო შეთანხმდნენ, დროულად მიიღონ ზომები, რათა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ბაზრიდან ირანის ნავთობის გამორიცხვის შემდეგ, წაიკითხავთ თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ "გადაწყვეტილების მიზანია, დაყვანილ იქნეს ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე, რათა გადაეკეტოს რეჟიმს შემოსავლის მთავარი წყარო“. გადაწყვეტილების თანახმად, ხუთ ქვეყანას, ჩინეთს, ინდოეთს, ასევე აშშ-ის მოკავშირეებს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და თურქეთს 2 მაისიდან აღარ ექნებათ განსაკუთრებული უფლება, აშშ-ის სანქციების მიუხედავად შეიძინონ ნავთობი ირანში.

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მას ჰქონდა „საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ასევე სხვა მთავარ მწარმოებლებთან ფართო და პროდუქტიული მოლაპარაკება გადამავალი პერიოდის შესამსუბუქებლად და საკმარისი მომარაგების უზრუნველსაყოფად“.

აშშ-ის სენატორი ტედ კრუზი მიესალმა ირანის ნავთობის სანქციების გვერდის ავლის შეჩერების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დაუკარგავს აიათოლებს მილიარდობით დოლარს, რომელსაც ისინი დახარჯავდნენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განსავითარებლად და გლობალურ ტერორიზმის დასაფინანსებლად“.

22 აპრილს განცხადებაში, პომპეო ამბობს, რომ გავაგრძელებთ მაქსიმალურ ზეწოლას ირანის რეჟიმზე, სარამ მისი ლიდერები დესტრუქციულ მოქცევას არ შეიცვლიან, პატივს არ სცემენ ირანის ხალხს და არ დაბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

ირანისთვის ნავთობის ექსპორტი შემოსავალის მთავარი წყაროა და თეირანისთვის დიდი დარტყმა იყო აშშ-ის მიერ სანქციების კვლავ ამოქმედება. პომპეოს განცხადების წინ ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა ირანის სააგენტო თასნიმს, რომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ექსპორტის მთლიანად შეჩერებას.

სალომე ზურაბიშვილი პანკისზე: ჰესის მშენებლობას გეოლოგიური კვლევა უნდა ამყარებდეს

"ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით იმოქმედებს და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ისე განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია პოლიციელებზე ძალადობა:

"მითუმეტეს, მიუღებელია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს შს და ეკონომიკის მინისტრებს

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტში მივიდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და უპასუხონ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაგროვილ შეკითხვებს.

"გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმე გადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერ ასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ამ რეგიონში ყველაზე სახიფათოა უსამართლობის და უძალობის კომბინაცია და ორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან.

თვითონ რომ ამბობენ, ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ გუშინო, რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებთ - ამ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ეს რეგიონი მიტოვებულია და იქ ხელისუფლება კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას უკვე წლებია ვეღარ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში, საფუძვლიანი წარმოდგენა აქვთ, რომ ხელისუფლება არის სუსტი და თან უსამართლო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პოლიციელებზე ნებისმიერი სახის ძალადობას დაუშვებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც უნდა იქნეს დაცული, თუმცა მისივე შეფასებით, პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

გიორგი გახარია პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში მივა. მას პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 30 აპრილი-3 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგშია ასახული

აშშ გააუქმებს ირანის ნავთობის შესყიდვის გამონაკლისის სახით გაცემულ ნებართვას

ტრამპის ადმინისტრაცია ხუთ სახელმწიფოს, მათ შორის თავის მოკავშირეებს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და თურქეთს, მათთან ერთად ინდოეთსა და ჩინეთს, უცხადებს, რომ ვადა გაუვიდა ვაშინგტონის სანქციების მიუხედავად მათთვის მინიჭებულ გამონაკლის უფლებას, შეისყიდონ ირანის ნავთობი.

ინფორმაცია გავრცელდა სააგენტოების მიერ, რომლებიც ეყრდნობოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო განცხადებას აკეთებს 22 აპრილს. პომპეომ, 10 აპრილს თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააგრძელებს ირანზე ზეწოლას, რათა „მათი ქცევა შეცვალოს“.

ირანისთვის ნავთობის ექსპორტი შემოსავალის მთავარი წყაროა და თეირანისთვის დიდი დარტყმა იყო აშშ-ის მიერ სანქციების კვლავ ამოქმედება.

პომპეოს განცხადების წინ ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა ირანის სააგენტო თასნიმს, რომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ექსპორტის მთლიანად შეჩერებას.

ჩრდილოეთ ირლანდიაში გაათავისუფლეს ლაირა მაკკის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულები

ადგილი ლონდონდეილში, სადაც მოკლეს ჟურნალისტი ლაირა მაკკი.

ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ გაათავისუფლა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ჟურნალისტ ლაირა მაკკის მკვლელობასთან დაკავშირებით იყვნენ დაკავებული. მათთვის არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ, იტყობინება სოცქსელებში პოლიციის წარმომადგენელი ჯეისონ მერფი.

ახალგაზრდები 20 აპრილს დააკავეს. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ისინი 18 და 19 წლის არიან და რომ ისინი დააკავეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის ძალით.

29 წლის ჟურნალისტი ქალი, ლაირა მაკკი 18 აპრილს თავში გასროლით მოკლეს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდასხმასთან კავშირი აქვს „ირლანდიის ახალ რესპუბლიკურ არმიას,“ რომელიც მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში შემავალი ჩრდილოეთ ირლანდიის შესვლას ირლანდიის შემადგენლობაში.

ირლანდიის რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის დღის წინ პოლიცია ლონდონდერიში ატარებდა სამძებრო ოპერაციას, რომელიც რადიკალური რესპუბლიკელების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამან მოახდინა არეულობების პროვოცირება, რისი ერთადერთი მსხვერპლიც გახდა მაკკი. პოლიცია თავდასხმას ტერაქტად განიხილავს. მაკკი საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და ლგბტ აქტვისტი იყო.

ბირკიანის მკვიდრი: ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ესენი ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო

პოლიციამ პანკისის ხეობაში თავად გამოიყენა ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ და ისინი თავიდან ქალებს დაუპირისპირდნენ - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრმა, დარეჯან ალხანაშვილმა.

„მშვიდად მოვდიოდით, გზაზე გადმოვედით, ხელში შვილები გვეჭირა. გადმოდგა ამ დროს პოლიცია. მე თვითონ ვუთხარი პოლიციას - ხელი არ შეგვახო, ხელი არ შემახოთ-მეთქი... გინდა თუ არა, ჩემი მკლავების დაჭერა უნდოდათ...

ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც თქვა, ესენი ამ ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო. რატომ არ გააფრთხილა გახარიამ თავისი პოლიცია, რომ წარამარა არ ილაპარაკონ და წყნარად იყვნენ?!

ან ამდენი ჯავშანტექნიკა რაში უნდოდათ ამ ერთიბეწო ხალხთან... მერე ჩვენ გზაზე გადავდექით ქალები, იმათ კიდე ტყვიები გვესროლეს...

მერე იქიდან ჩვენი ბალღებიც ატყდნენ და დაიწყო ეს აჯანყება“, - ამბობს სოფელ ბირკიანის მკვიდრი დარეჯან ალხანაშვილი.

მისი თქმით, თუკი 21 აპრილს მომხდართან დაკავშირებით ხეობაში ვინმეს დაიჭერენ, მთელი ხეობა ერთად დადგება და აჯანყდება.

„თუ ჩვენს ერთ-ერთ ბალღს ხელი დაადო, თუ მაგათ ხელი დაადეს, მაშინ მთელ ხეობას უნდა დაადონ ხელი... ყველანი ავდგებით და ჩვენ თვითონ ჩამოვალთ თბილისში, მაგისი დაჭერა არ გვინდა... ერთ-ერთს რომ ხელი დაადონ, მთელი ხეობა აჯანყდება“, - აცხადებს დარეჯან ალხანაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ - „რომ დაეკავებინათ ვინმე, განა ასე წყნარად გავჩერდებოდით?!“

„მინისტრმა ჯერ თემირლანის (მაჩალიკაშვილის) საქმე გახსნას და მერე ჩვენ მოგვთხოვოს პასუხი“, - ამბობს დარეჯან ალხანაშვილი.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.

ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია. საავადმყოფოში ამ დრომდე 16 ადამიანი რჩება. აქედან 15 პოლიციელია, ხოლო ერთი აქციის მონაწილე.

სალომე ზურაბიშვილი CBS-ს მიმართავს "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის პროვინციად მოხსენიების გამო

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა შემაშფოთებელი უწოდა ამერიკული ტელეკომპანიის CBS-ის სერიალში „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის პროვინციად მოხსენიებას.

საუბარია ტელესერიალის „საზღვაო პოლიცია: ნიუ ორლეანის“ ერთ-ერთ სერიაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მსგავსი შეცდომა უპასუხისმგებლობაა და CBS-ს და სერიალის ავტორებს მოუწოდა, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საჭირო ცვლილება განახორციელონ.

შეხვედრა ბირკიანში: ხალხს თუ არ უნდა, ჰესი არ უნდა აშენდეს

არ უნდა ხეობას, არ უნდა გაკეთდეს ეს ჰესი - განაცხადა ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ, გია ბერძენიძემ პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში გამართულ შეხვედრაზე.

ადგილობრივ მოსახლეობას მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და პანკისის ხეობაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაინტერესებული იმით, რომ ეს კონფლიქტი უბრალოდ არ გაღვივდეს. ჰესის მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით - არ უნდა ხეობას? არ უნდა გაკეთდეს. მთავრდება ამით ყველაფერი. მეც ამ აზრზე ვარ“, - განაცხადა გია ბერძენიძემ.

სოფელ ბირკიანში შეკრებილი პანკისელები აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ „ხადორი 3“-ის მშენებლობას, რადგან ჰესი სოფელს უწყლოდ დატოვებს, ხოლო ხალხს სასიცოცხლო პირობებს მოუსპობს.

„სანამ ცოცხლები ვართ, აქ ჰესი არ აშენდება“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შრი ლანკაში მოწყობილ აფეთქებებში ხელისუფლება ისლამისტურ დაჯგუფებას ადანაშაულებს

შრი ლანკის ხელისფლებამ 21 აპრილს მომხდარ აფეთქებებში პასუხისმგებლობა დააკისრა ნაკლებად ცნობილ რადიკალ-ისლამისტურ დაჯგუფებას, ჯამაათ ათ-თაუჰიდ ალ-ვათანიას.

ფეშენებელურ სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მლოცველები სააღდგომო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მომხდარი აფეთქებების შედეგად დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 290-ს, დაშავებულია სულ მცირე, 500 ადამიანი.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მინისტრმა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ექსტრემისტებს მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო „ქსელმა“.

ფრანს პრესი იტყობინება, რომ აპრილის დასაწყისში უცხოეთის დაზვერვამ შრი ლანკის ხელისუფლებას შეატყობინა ისლამისტების მიერ ტერაქტების სერიის მომზადების თაობაზე. სააგენტო როიტერსის ცნობით, წინასწარი გამოძიებით, ცხრა ტერაქტიდან სულ მცირე, ექვსი თვითმკვლელებმა მოაწყვეს.

აფეთქებებთან დაკავშირებით კოლომბოსა და მის შემოგარენში დაკავებულია 24 პირი, ყველა შრი ლანკის მოქალაქეა.

დახოცილებს შორის 32 უცხოელია.

ზურაბიშვილმა ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა და უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოელის უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

21 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა ხმების 73%-ზე მეტით.

შრი ლანკაში აფეთქებების შედეგად დახოცილების რიცხვი 290-მდე გაიზარდა

შრი ლანკის პოლიციის თანახმად, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მლოცველები სააღდგომო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მომხდარი აფეთქებების შედეგად დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 290-ს, დაშავებულია სულ მცირე, 500 ადამიანი.

21 აპრილს მომხარ აფეთქებებთან დაკავშირებით კოლომბოსა და მის შემოგარენში დაკავებულია 24 პირი.

სულ ცხრა აფეთქება მოხდა შრი ლანკის დედაქალაქის ფეშენებელურ სასტუმროებსა და ეკლესიებში, ასევე სხვა ადგილებში. დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ, ბოლო ათ წელიწადში, ეს იყო ძალადობის ყველაზე მასშტაბული შემთხვევა, რაც ამ ქვეყანას ახსოვს.

პოლიციის წარმომადგენელმა, რუვან გუნასეერამ აფეთქების დროს მოკლულთა და დაშავებულთა გარშემო დეტალებზე არ ისაუბრა. გავრცელდა ცნობა, რომ მოკლუთაგან 32 უცხოელია, შორის ბრიტანელები და ამერიკელები არიან. გამოძიება გრძელდება გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მთავრობის მოხელეების მხრივ სადაზვერვო სამუშაოებს სათანადოდ თავი ვერ გაართვეს. პასუხიმგებლობა აფეთქებებისთვის არავის უკისრია.

თავდაცვის მინისტრმა, რუვან ვიჯევარდამ აფეთქება შეაფასა, როგორც რელიგიურ ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმა. აფეთქებათა უმეტესობა, სავარაუდოდ, თვითმკვლელებმა მოაწყვეს. პრემიერ-მინისტრის, რანილ ვიკრემესინგეს თქმით, ის შეეცდება უცხოეთის დახმარებით დაადგინოს, აქვთ თუ არა კავშირი მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან. ხელისუფლებამ შრი ლანკაში კომენტანდის საათი გამოაცხადა, შეზღუდული სოციალური ქსელების მოხმარებაც.

სუს-ის ანგარიშის საპარლამენტო განხილვა დახურული რეჟიმით გაგრძელდა

ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურული ფორმატით გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის განხილვა.

ანგარიშის საჯარო ნაწილის წარმოდგენის შემდეგ, სხდომის დახურვა ითხოვა მომხსენებლმა, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ „შეკითხვები და მასზე გაცემული პასუხები ყველა შემთხვევაში იქნება საინტერესო მტრისთვის.“

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სუს-ის ანგარიში საჯაროდაა გამოქვეყნებული, კითხვა-პასუხის ნაწილის დახურვას კი ის განაპირობებს, რომ პარლამენტის წევრები უფრო მეტად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი საფრთხეების, გამოწვევების და რისკების შესახებ და თავად სუს-ის წინაშე არსებულ პრობლემებზეც უნდა იმსჯელონ, რასაც ღია ფორმატით ვერ გააკეთებენ.

სხდომის დახურვა გააპროტესტეს „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ მოითხოვეს, რომ სხდომა საჯარო ყოფილიყო პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების და კორუფციის საკითხის განხილვისას და დახურულიყო ის ნაწილი, სადაც შესაძლოა, საუბარი ყოფილიყო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე.

"ქართული ოცნების" უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა საკომიტეტო მოსმენის მეორე ნაწილის დახურული ფორმატით წარმართვა.

ზელენსკის გამარჯვება იანუკოვიჩმაც მიულოცა

ვიქტორი იანუკოვიჩი

შოუმენს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთში გაქცეულმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი მილოცვა ფეისბუქით გაავრცელა იანუკოვიჩის პრესმდივანმა იური კირასირმა.

იანუკოვიჩი წერს, რომ უკრაინელებმა ზელენსკის პრეზიდენტის თანამდებობა ანდეს ქვეყნის ისტორიაში უმძიმეს დროს, როცა მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი გახლეჩილი და რადიკალიზებულია და დონბასში მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომი.

ამ ყველაფერზე იანუკოვიჩი პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტ პოროშენკოს და მის თანამოაზრეებს და აცხადებს, რომ მათ განაჩენი ამომრჩეველმა გამოუტანა.

ვიქტორ იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე დგას ქვეყანაში მშვიდობის დამყარების, უკრაინელი ხალხის გაერთიანების და შერიგების და სამართლიანობის აღდგენის რთული ამოცანები და ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.

ზელენსკის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მათ იანუკოვიჩის მილოცვა არ სჭირდებათ.

შტაბის ხელმძღვანელის, დმიტრი რაზუმკოვის თქმით, ზელენსკის გუნდი მთელი კამპანიის განმავლობაში იღებდა ე.წ. "მხარდაჭერას" რუსეთის "პროპაგანდისტებისა და უკრაინის ყოფილი მოხელეებისგან." რაზუმკოვის განცხადებით, მუშაობას "მათი მხარდაჭერის და მილოცვის გარეშეც" შეძლებენ.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთში 2014 წელს გაიქცა, ბრალდებულია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი 13 წლიანი პატიმრობა.

მძღოლები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების აკრძალვას აპროტესტებენ

ელექტრომობილების მფლობელები მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ ბათუმის საკრებულოს 5 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 1 მაისიდან, ბათუმის ბულვარში იკრძალება მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება.

აქციის 100-მდე მონაწილე მოითხოვს, 2019 წლის ზაფხულის ბოლომდე 300 ელექტრომობილს მიეცეს ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება.

„ჩვენ ვითხოვთ მკაცრ რეგულაციებს და არა აკრძალვას, რითაც ტურისტების უსაფრთხოება დაცული იქნება. შარშან მართლაც ძალიან მდგომარეობა იყო - 1300 მოპედი მოძრაობდა. ახლა კი მოვითხოვთ, ზაფხულის სეზონზე დარჩეს 300 მოპედი“,- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ, ჯემალ სურმანიძემ.

აქციის მონაწილეებს აქვთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც მოითხოვენ. ეს მოთხოვნებია:

· 1300 ელექტრომობილის 300-მდე შემცირება;

· ელექტრომობილების სიჩქარის 15-20 კმ/სთ-მდე დაყვანა;

· ბულვარის ტერიტორიაზე ბაიკერების გადაადგილების აკრძალვა;

· ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა არასრულწლოვნებზე;

· ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნებებისთვის;

· ბულვარის ტერიტორიაზე სეზონის ბოლომდე 300 ელექტრომობილით გადაადგილება.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ უკვე მიმართეს ბულვარის ადმინისტრაციას, ბათუმის საკრებულოს, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც, თუმცა მათ მოთხოვნებს მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის ნიშნად ბათუმში კვირაში ორჯერ ელექტრომობილებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

ელექტრომობილების მფლობელებმა უკვე გამართეს შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასს „დინამო თბილისი“ დაეუფლა

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც 16-21 აპრილს „დინამოს“ აკადემიამ უმასპინძლა. 15-წლამდელ ფეხბურთელთა შეჯიბრების ფინალში თბილისელებმა იტალიის „ემპოლის“ მოუგეს - 1:0.

„დინამო თბილისი“ „ემპოლის“ ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა და იქაც მინიმალური ანგარიშით აჯობა. ჯგუფურ ეტაპზევე დაამარცხა შვეიცარიის „ციურიხი“ (3:0) და ინგლისის „ვულვერჰემპტონი“ (4:0). ნახევარფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ მოუგეს (5:1).

ტურნირის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ინდივიდუალურ ნომინაციებში გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს. საუკეთესო მეკარის ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის წევრ ლუკა ხარატიშვილს გადაეცა. საუკეთესო მცველი საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“) გახდა, ნახევარმცველი - მატეო ბუკინი („ემპოლი“), თავდამსხმელი - სილვან შესი („ციურიხი“), ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა გაგნიძე („დინამო თბილისი“).

პარლამენტის კომიტეტებში სუს-ის ანგარიშს უსმენენ

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც განიხილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) საქმიანობის 2018 წლის ანგარიში.

დოკუმენტს დეპუტატებს აცნობს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევებს წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული.

მედვედევმა ზელენსკის კეთილგონიერება უსურვა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევით გაჩნდა მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი.

„მთავარი, რაც უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას უნდა ვუსურვოთ, კეთილგონიერებაა. და რა თქმა უნდა, გააზრება ჩვენი ქვეყნების ხალხთა ურთიერთობის ფასეულობებისა, რაც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა იყოს“ - დაწერა მედვედევმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ აშკარა მოთხოვნაა პრობლემების მოგვარების ახალ მიდგომებზე. მედვედევის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის წინაშე დადგება ქვეყნის კონსოლიდაციის ამოცანა ბოლო წლებში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.

ამასთან, მედვედევი დარწმუნებულია, რომ ზელენსკი რუსეთის მიმართ შეინარჩუნებს რიტორიკას, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დროს იყენებდა. თუმცა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს, რასაც სჭირდება პატიოსნება და პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელების უმრავლესობამ ხმა პოროშენკოს მისცა

პეტრო პოროშენკო

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მიცემული ხმების დათვლა.

არჩევნებში მონაწილე უკრაინელების 54,73%-მა ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს. შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 43,78% მიიღო. სულ საზღვარგარეთ ხმა მისცა უკრაინის 60 ათასამდე მოქალაქემ.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პოროშენკომ გაიმარჯვა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, შვედეთი და იაპონია, ხოლო ზელენსკიმ პოლოენთში, ჩეხეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

საქართველოში ზელენსკის ხმა მისცა არჩევნებში მონაწილე უკრაინის მოქალაქეების 50,38%-მა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საერთო ოფიციალური შედეგებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმარჯვებს ხმების 73%-ზე მეტით.

თელავის საავადმყოფოში პანკისში დაშავებული 16 ადამიანი მკურნალობს

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში დაპირისპირების დროს დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფიში ამ დრომდე 16 ადამიანი რჩება. აქედან 15 პოლიციელია, ხოლო ერთი აქციის მონაწილე. მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ. ექიმის მაია მრელაშვილის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკაში მყოფ პაციენტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი პოლიციელია, თავის ტვინის დახურული ტრავმა და სხეულის სხვა დაზიანებები აღენიშნება. ექიმის თქმით, პაციენტების ნაწილი სავარაუდოდ დღესვე გაეწერება.

გუშინდელი ინციდენტის დროს თელავის კლინიკაში სულ 40 პაციენტი მოხვდა. შსს- ის ინფორმაციით, ჯამში სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია.

დასავლეთის ლიდერებმა ზელენსკის გამარჯვება მიულოცეს

ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ ვოლოდიმირ ზელენსკის.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის მიულოცა გამარჯვება, ხოლო უკრაინელ ხალხს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები.

ვოლკერი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია აგრესიის წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამერიკელმა დიპლომატმა შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, პეტრო პოროშენკოს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ურთულეს დროს ქვეყნის ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის ნების მიღებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა ძლიერი უკრაინული დემოკრატია.

ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგმა უკრაინას უწოდა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდებიან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტებმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა - ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას კიევში, საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეს და ამას აუცილებლად გააკეთებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არ ჰქონია მოლაპარაკება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

სააკაშვილის შეფასებით, ზელენსკი ძალიან გონიერი, ღრმა ადამიანია, რომელიც გზადაგზა სწავლობს და არც ისეთი უბრალო, როგორც ამას წარმოაჩენდნენ „პოროშენკო და მისი მაფია.“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინა უყვარს და აქვს რეალური შანსი იქცეს უკრაინის ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად.

რამდენიმე კვირის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ კარგადაა განწყობილი, რადგან მან საქართველოში რეფორმები განახორციელა და კორუფცია დაამარცხა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG