Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება


ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება - ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან მონაწილეობა მიიღო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თბილისში ორგანიზებულ რეგიონულ ამბასადორიალში, რომლის დასრულების შემდეგ შეხვდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ზეევ ელკინს. შეხვედრის შემდეგ ელკინმა ჟურნალისტებს აცნობა, სავიზო რეჟიმის გაუქმების პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, ტექნიკურ საკითხებზე კი მოლაპარაკება საქართველოს შს-თა მინისტრთან გაიმართება. ”მოხარული ვარ, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკების დაწყება”, - განაცხადა ზეევ ელკინმა. მისივე თქმით, ისრაელი საქართველოს მიიჩნევს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პარტნიორად. ”ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ საკითხში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო ურთიერთობები აქვთ, უვიზო რეჟიმიც იქნება”, - განაცხადა ზეევ ელკინმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური მოლაპარაკება მალე დასრულდება და შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო-ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ ზეევ ელკინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ორი ქვეყნის მთავრობები ქმნიან ერთობლივ ეკონომიკურ კომისიას, რომელიც იანვრის ბოლოს შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG