Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს შესაძლოა შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს


საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, კონსტიტუციით გარანტირებული შეწყალების პრივილეგია შეეზღუდოს. ომბუდსმენის რეკომენდაციას, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენების კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფარგლებში მოქცევის შესახებ არასამთავრობოების ნაწილიც იზიარებს. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ნებისმიერი შეწყალების აქტი ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ის გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. "როდესაც პატიმარი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, სხვა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ პატიმრის შეწყალების საკითხი იმ პატიმრისგან განსხვავებით, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ითხოვს პატიებას", - განაცხადა ნანუაშვილმა. პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. "პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ცვლილების შეტანით თქვა – მე შემიძლია, ყველას შეწყალება ყოველგვარი კრიტერიუმის მიუხედავად და შემიძლია გამოვუშვა ყველა, როდესაც მომინდება. ასეთი ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს დღეს პრეზიდენტი. ამას, ბუნებრივია, სჭირდება რეგულაცია. არ შეიძლება, ასეთი ფართო საკითხი საკანონმდებლო და იურიდიული ჩარჩოების მიღმა არსებობდეს", - განაცხადა კოჟორიძემ. ომბუდსმენისა და არასამთავრობოების ნაწილის მოსაზრებას გარკვეულწილად საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, უფრო მკაფიო განმარტებები გაკეთდეს.
XS
SM
MD
LG