Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ევროკავშირს ადანაშაულებს უკრაინის მიმართ შანტაჟში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირს ადანაშაულებს უკრაინის მიმართ „შანტაჟში“ და მასზე „ზეწოლაში“ კიევის გადაწყვეტილების გამო, არ მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. „ფაქტობრივად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან მოვისმინეთ უკრაინის მიმართ მუქარა, რომელიც მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების ხელშეწყობასაც კი ეხებოდა. სწორედ ეს არის ზეწოლა, სწორედ ეს არის შანტაჟი. და დაემორჩილება თუ არა უკრაინა და უკრაინის ხელისუფლება ამ შანტაჟს - უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა“, განაცხადა პუტინმა პარასკევს სანქტ-პეტერბურგში, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა პარასკევს ამ ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ მომავალ კვირაში ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, იყო „ერთადერთი შესაძლო“ გამოსავალი. უკრაინის მთავრობის ამ ნაბიჯს ოპოზიციამ „სახელმწიფო ღალატი“ უწოდა და პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის რუსეთისათვის მიყიდვაში დაადანაშაულა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელებს მოუწოდა დემონსტრაციებზე შეკრებისაკენ, კიევის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. პარასკევს 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა კიევის ცენტრში, მომცრო დემონსტრაციები ჩატარდა უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქში.
XS
SM
MD
LG