Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„ნაციონალების“ სადავო ოფისი თელავში


თელავი
თელავი
„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონულ ოფისში სასამართლო ექსპერტიზა აზომვით სამუშაოებს ატარებს. ფართი, სადაც შენობა დგას, სადავო მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა მეპატრონემ, გია სესიკაშილმა, ფართის დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლო უწყებაში საჩივარი შეიტანა. როგორც სესიკაშვილმა განაცხადა, ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 2006 წელს იძულებით და მის ნამდვილ ღირებულებასთან შესაბამისზე ბევრად ნაკლებ ფასად დაათმობინეს:

„ჩვენ კი არ გავყიდეთ, გვაიძულეს გაყიდვა. სხვა გზა არ გვქონდა. რა ამბები ხდებოდა მაშინ, ხომ გახსოვთ ყველას, მაგრამ ჩვენთვის ესეც საკმარისია. პარტია რა შუაშია, მე შეიძლებოდა სულაც არ ვყოფილიყავი „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ შენობის დაბრუნებაზე მაინც ვიდავებდი. ყველაფერი არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული. ჩვენ მათ გადაგვიხადეს 8 500 ლარი, გვყავს ზეწოლის მოწმეც. ეს თანხა, რომელიც მათ გადაგვიხადეს, ტერიტორიის რეალურ ფასზე ბევრად ნაკლები იყო. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზა დადებს დასკვნას და ყველა გაიგებს მის ნამდვილ ფასს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ შენობა პარტიის კერძო საკუთრებაა, „კერძო საკუთრების ხელყოფა კი დანაშაულია“:

„მთავრობის დამტკიცების შემდეგ დღეს უკვე შემოვიდა აქ პოლიციის წარმომადგენელი და, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები. მათ ჩვენი ოფისის აზომვა დაიწყეს. ოფისი პარტიის კერძო საკუთრებაა და ის ხელშეუხებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ფართი შეიძინა კანონმდებლობის სრული დაცვით. მას შემდეგ დღემდე ამ ადამიანს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ გია სესიკაშვილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი...
გია სესიკაშვილი
ბოტკოველის მსგავსად, ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი. მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტერიტორია 2006 წელს კანონის სრული დაცვით შეიძინა. ღვინიაშვილი ყურადღებას ყოფილი მეპატრონის, გია სესიკაშვილის, პოლიტიკურ კუთვნილებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ სესიკაშვილი „ქართული ოცნების“ წევრია და მან ფართის დაბრუნების გადაწყვეტილება მხოლოდ ახალი სახელისუფლებო გუნდის დამტკიცების შემდეგ მიიღო:

„2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ფართი შეიძინა კანონმდებლობის სრული დაცვით. მას შემდეგ დღემდე ამ ადამიანს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ გია სესიკაშვილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი. ცხადია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მართლდება ჩვენი ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ დაიწყებდა პოლიტიკური ზეწოლის ახალ ტალღას“.

პოლიტიკური ზეწოლის ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული. სამხარაული ამბობს, რომ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ღვინიაშვილმა და მისმა გუნდმა ყველაზე უკეთ იციან:

რეალურად მიმაჩნია, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მას, მართლაც, წაართვეს მისი კუთვნილი ფართი...
„სესიკაშვილის პარტიულ კუთვნილებაზე რომ საუბრობს ღვინიაშვილი, პირველ რიგში, იქნებ ჯობდა ეკითხა, თუ რატომ გახდა ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ აქტივისტი. და არა მარტო ეს ადამიანი, მასთან ერთად თითქმის მთელი საქართველოც. იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ასეთი ხელყოფა ხდებოდა ადამიანების ქონების, მათი ღირსების“...

ფაქტის შეფასების მიზნით, ჩვენ აზრი თელავის მოსახლეობასაც ვკითხეთ. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ქონების ჩამორთმევის მრავალ ასეთ ფაქტს ითვლის და გამორიცხული არ არის, მსგავსი რეპრესიული ქმედება სესიკაშვილის მიმართაც განეხორციელებინათ:

„საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოფისის საქმეც, რომელზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიება, ჩვეულებრივად ყოფილიყოს „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული. ანუ მჯერა, რომ მათ აიძულეს მეპატრონე დაეთმო საკუთარი ტერიტორია“.

„რეალურად მიმაჩნია, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მას, მართლაც, წაართვეს მისი კუთვნილი ფართი“.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საკითხით პროკურატურაა დაინტერესებული. უახლოეს ინფორმაციებს საქმის მსვლელობის პროცესში მოგაწვდით.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG