Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ვილნიუსში გამგზავრებამდე ბრიუსელში იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ისინი 27 ნოემბერს შეხვდნენ ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს და მონაწილეობა მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს წერს, რომ ალექსი პეტრიაშვილმა და დავით ზალკალიანმა მკაფიოდ დაადასტურეს ნატოსკენ საქართველოს ურყევი გზა, ქვეყნის პროგრესსა და რეფორმებზე დაყრდნობით. „მათ ყველასგან უამრავი მილოცვა მიიღეს ბოლოდროინდელი წინსვლის გამო და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, როცა საქმე ეხება რუსეთის მიერ ”საზღვრის” მოწყობის პროცესს”, - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების პარაფირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს სვლა შეუქცევადი გახდეს.
XS
SM
MD
LG