Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი გამოეხმაურა ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნისას თბილისში მომხდარ ფაქტს


საქართველოს სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს ჯერჯერობით არ გამოუხატავს გამოკვეთილი პოზიცია ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნისას თბილისში მომხდარი ფაქტის გამო. თავად უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს მომხდარი ძალადობრივი ქმედება სრულიად მიუღებელია სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე. სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული გავლენის გამო სასულიერო პირთა განცხადებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ მომხდარ ფაქტზე ზოგიერთი მათგანის კომენტარი შემაშფოთებელი იყო. ამასთან, ომბუდსმენი მიესალმა სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ რეაგირებას. ხანუქის დღესასწაულის აღმნიშვნელი პლაკატების ჩამოხევის გამო პოლიციამ 4 დეკემბერს დააკავა 2 პირი, რომლებიც სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა. ხანუქის აღნიშვნა და დღესასწაულში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად შეაფასა რამდენიმე სასულერო პირმა.
XS
SM
MD
LG