უკრაინაში ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ დღეს მიმართა კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ევრომაიდანზე შეკრებილებს და ქალებსა და ბავშვებს სთხოვა, დატოვონ მანიფესტაციის ადგილი. კლიჩკოს თქმით, ევრომაიდანს ორი მიმართულებიდან უახლოვდებიან სპეცდანიშნულების შენაერთები. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ცენტრში შევიდნენ ავტობუსები და სატვირთო ავტომანქანები, რომლებშიც სპეცდანიშნულების შენაერთების წევრები სხედან. ამასობაში, კიევში დემონსტრანტები განაგრძობენ პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების, ისევე როგორც პარლამენტის ბლოკირებას. გუშინ ოპოზიციონერებმა ულტიმატუმი წაუყენეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს: 48 საათის განმავლობაში გამოაცხადოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადაყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრანტები აპირებენ კიევთან იანუკოვიჩის რეზიდენციის ბლოკირებას. კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში 21 ნოემბრიდან იმართება ევრინტეგრაციის მომხრეთა მასობრივი აქციები, რომლებზეც აპროტესტებენ მთავრობის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ყველაზე პოპულარული
1