Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

დალილ–დამაშვრალთ, დასვენება რომ დაგრჩენიათ ოცნებ–ნუგეშად:

კარგ ამინდში ტყეში წადით, სანამ ტყეობენ. ამ დროს ხომ ტყემლის, ალუბლის და ატმის ხეები საბოლოოდ ფხიზლდებიან მძაფრი და მოუსვენარი, ბლატავ–ჩმორული პოლიტიკური ძილისგან და ღრმად მოწყურებულები შმაგად შთანთქავენ ადამიანის პათოგენურ, ცუდ ენერგიას.

როგორც კი შეხვალთ, ხეების ძებნა არ დაიწყოთ, რა ძებნა უნდათ, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში.

ნუ მიადგებით ნაჯახით.

არა, ხეების ნუ შეგეშინდებათ, ხმასაც არ ამოიღებენ, გეშინოდეთ ჩინელების. ქართული ტყეები ხომ ჩვენი იმათი ინტერნაციონალური პოლიტიკის შედეგად ახლა მეგობარი და მეზობელი ჩინელების ხელშია. კონფუციანელი ჩინელები კი, საქმე საქმეზე, ანუ მათს ხეებზე რომ მივა, არც მეგობრობას დაგიდევენ და არც მეზობლობას. როგორც კონფუცი ასწავლიდათ, „მეგობარი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ ჩემი ხე–ქონება უფრო ძვირფასია„.

ამრიგად, აირჩიეთ დიდი, ლამაზი ხე, ნელა, ფრთხილად მიუახლოვდით, რომ არ შეაშინოთ და ასევე ნელა და ფრთხილად და მიესალმეთ, როგორც ძველ, კეთილ, ერთგულ და პატივსაცემ პოლიტიკოსს: „სალამი და გამარჯვება, ხეო, ხეო, პატარაო! სიჯანსაღე და დიდ ხანს ყოფნა არ მოგაკლოს ამ დლოცვილ და მადლიან მიწა–ტყეში მაღლიდან ღმერთმა, დაბლიდან კი გაშოროს თოფიანი ჩინელები და ნაჯახიანი ქართველები!„. დაიჯერეთ, ძალუმად გაეხარდებათ და დაგიმადლებენ ჩვენი დიდებული პოლიტიკოსებივით.

საპასუხო სალამ–ქალამს ნუ დაელოდებით. შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ ლოდინი, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე.

ასე და ამგვარად, თქვენი რჩეულისკენ დადექით სახით, ანუ მიეყრდენით ზურგით. გაირინდეთ, როგორც მაგიდასთან ირინდებით ხოლმე, ვერმიშელის ბულიონით დავიწყო თუ უხორცო ბორშჩითო და წაიოცნებეთ, ახ, ახლა აქ გურაზას თავი რომ მომცა!.. შემდეგ ამ ქართული ოცნებით წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის სიღრმიდან თქვენს ხეში ამოდის და გადმოგეცემათ მძლავრი ძალა; სინამდვილეში, რასაკვირველია, ასეცაა, იქიდან ხომ ხშირად ამოდის მძლავრი ძალები თუნდაც იგივე ლავას ან ჯონჯოლის სახით/ვსარგებლობ შემთხვევით და ნაოცნებარ ხელისუფლებას მოვუწოდებ სასწრაფოდ დააპატენტოს ჯონჯოლი ჩვენი, სანამ, ქვეყანას არ დავასახელებ და მეზობლებს არ მიუჯონჯოლებიათ/.

ამ გადმოცემისას აუცილებლად იგრძენით, როგორ ჩქეფს ეს ძალა თქვენს ფეხებში, ხელებში, ყურებში, თვალებში, ნეკნებში, ტანში, კისერში, თმებში, თავში, ტვინში...

იგი გწმენდთ, გასუფთავებთ/იანგარიშეთ პარალელურად რამდენი წყალი, საპონი და ციებიანი კანკალი გეზოგებათ/, გკვებავთ/მოდით აღტაცებაში, რამდენი ვერმიშელი, ლობიო, ბარდა, ეკალა, უხორცო ბორშჩის მასალა და გინება გეზოგებათ/, გკურნავთ/გადაირიეთ სიხარულით, რამდენი თეთრი, ბალახი, ხახვი, ნიორი, ლოცვა–კურთხევა გეზოგებათ/.

ხოლო ფეხებიდან, ასევე ხელებიდან, ყურებიდან, თვალებიდან, ნეკნებიდან, ტანიდან, კისრიდან, თმებიდან, თავიდან, ტვინიდან ლაღად გადის, გაედინება ცუდი, გლახა, პათოლოგიური ენერგია და ტვინგამომთხრელი ქართული ოცნება „იქ„ მოხვედრაზე, რომელიც თქვენგან მუქი, მიშიკოიანი ღრუბლის სახით გაფრინდება/ამდროს შეგიძლიათ წაიღიღინოთ: „ღრუბელ–ღრუბელ დაგეძებ და ვაი, გპოულობ!„/. ეცადეთ, შემდეგ, წვიმისას იმ ღრუბლის ქვეშ არ მოხვდეთ.

ასე იდექით ცოტა ან ბევრ ხანს. კიდევ უფრო შეეცადეთ აღივსოთ საწყაული აღუვსებლით, ანუ დიადი დღევანდელობის შესაფერისი სისუფთავით, სიხალისით, სიმაძღრით, არანაკლებად სუფთა და მაძღარი პოლიტიკური ძალებით, ნამგლეური ოპტიმიზმით, რაც ძალიან გამოგადგებათ ჭიკაიძის ბიჭები როს მოგადგებიან.

როცა იგრძნობთ, რომ კარგად დანაყრდით და გასუფთავდით, ნაჯაფარ ხეს ისევე დაემშვიდობეთ, როგორც ჩვენს ნაყაჩაღარ, ესეიგი, ნაჯაფარ პოლიტიკოსებს ემშვიდობებით ხოლმე, უღრმესი მადლობითა და საუკეთესო სურვილებით...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG