საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და კიდევ 35 პირს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა - ამის შესახებ გაზეთი კომერსანტ-უკრაინა იუწყება. მისი ინფორმაციით, შესაბამისად დაკმაყოფილდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, რეგიონების პარტიის წევრის ოლეგ ცარიოვის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისთვის 8 დეკემბერს გაგზავნილი მიმართვა. ცარიოვი, რომელმაც 36 პირის ნუსხა მოამზადა, აცხადებდა, რომ უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების და პოლიტტექნოლოგების ვიზიტები ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. გაზეთ კომერსანტ-უკრაინის ინფორმაციით, ცარიოვის ნუსხაში ჩამოთვლილ პირთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. ამ დღეებში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით კაკულიას და ბიზნესმენ გიორგი კიკვაძეს. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე რეაგირებას სამინისტრო ოფიციალური ცნობის მიღების შემდეგ მოახდენს.