საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადასტურებს, რომ 2000 წელს გერმანიის პოლიციასთან „ინციდენტი“ შეემთხვა და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს „ბინძური პოლიტიკური კამპანიის პიკს“ უწოდებს. „2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ფარცხალაძე დასძენს, რომ ამ ინციდენტს გერმანიიდან მისი დეპორტაცია არ მოჰყოლია. ორშაბათს გიგი უგულავამ - რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა - საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუგსბურგის რაიონული სასამართლოს განაჩენით, რომელიც 2001 წლის მარტიდან ამოქმედდა, ოთარ ფარცხალაძეს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა 1 წლით და 3 თვით და დამატებითი სასჯელის სახით პასიური საარჩევნო და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლებები ჩამოერთვა 2016 წლის აგვისტომდე. ამ ინფორმაციის საფუძველზე უგულავამ ფარცხალაძისთვის მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეჩერება მოთხოვა.
ყველაზე პოპულარული
1