Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის ელჩის პრაღის რეზიდენციაში იპოვეს დიდი რაოდენობით იარაღი


პრაღაში, ოთხშაბათს სეიფის აფეთქების შედეგად დაღუპული პალესტინის ავტონომიის ელჩის ჯამალ ალ-ჯამალის რეზიდენციაში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენელმა ანდრეა ზოულოვამ აუწყა. ჩეხეთის ყოველკვირეული „რესპეკტის“ ინფორმაციით, ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღი ათკაციანი ჯგუფის შეიარაღებისთვის საკმარისი იქნებოდა. ეს იარაღი ჩეხეთში უკანონოდ არის შეტანილი. პალესტინელი დიპლომატი ახალ ბინაში სულ რამდენიმე დღის გადასული იყო. სეიფი რეზიდენციაში საელჩოს ყოფილი შენობიდან გადაიტანეს. საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სეიფით სისტემატურად სარგებლობდნენ და მასზე არ ყოფილა დამონტაჟებული დამცავი ასაფეთქებელი მოწყობილობა. რეზიდენციაში მეორე სეიფიც იყო, რომლითაც 20 წელზე მეტია არ უსარგებლიათ. პოლიციას არც იქ უპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობა. მანამდე პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალკიმ განაცხადა, რომ აფეთქებული სეიფით 1980-იანების შუა პერიოდიდან არ უსარგებლიათ. 56 წლის ჯამალ ალ-ჯამალი ოთხშაბათს, აფეთქების შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობებით პრაღის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ჩეხეთის პოლიცია გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას და ირწმუნება, რომ აფეთქების მიზეზი სეიფის დამცავ სისტემასთან გაუფრთხილებელი მოპყრობა იყო. მოელიან, რომ გამოძიებაში პალესტინელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG