Accessibility links

ახალი ამბები

რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ადრიან ნასტასეს კორუფციაში ბრალდების გამო 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრობისას ნასტასე ქრთამს იღებდა. კერძოდ, მას ბრალად დაედო 630 ათასი ევროს ღირებულების სამშენებლო სერვისის უკანონოდ, საზღაურის გარეშე მიღება. ნასტასეს სამშენებლო სერვისი შესთავაზა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, რომლის მთავარ ინსპექტორს თანამდებობის შენარჩუნება სურდა. მასაც ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ყოფილი პრემიერის ცოლს კი პირობით სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადრიან ნასტასე, რომელიც 2000-2004 წლებში ხელმძღვანელობდა რუმინეთის მინისტრთა კაბინეტს, თავს უდანაშაულოდ თვლის. 2012 წელს, როცა ნასტასეს სხვა კორუფციული საქმისთვის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან თვითმკვლელობა სცადა - პისტოლეტით კისერში დაიჭრა თავი და დიდხანს საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი

იაპონიაში გაუქმდა ცუნამის შესახებ გაფრთხილება

იაპონიაში გაუქმდა ცუნამის შესახებ გაფრთხილება, რომელიც მოჰყვა ძლიერ მიწისძვრას ამ ქვეყნის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს ნაპირებთან.

იაპონის მეტეოროლოგიური სააგენტოს თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 იყო. სააგენტო შესაძლებლად მიიჩნევდა 0,2-1,0-მეტრიან ცუნამის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე.

გაფრთხილება მიწისძვრიდან 2,5 საათში გაუქმდა.

არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ.

დაღესტანში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს

დაღესტანელი ჟურნალისტი აბდულმუმინ გაჯიევი

მახაჩყალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევს, რომელსაც წაყენებული აქვს ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს დაღესტნის გაზეთი „ჩერნოვნიკი“.

გაჯიევი, რომელიც „ჩერნოვნიკის“ რელიგიის საკითხთა განყოფილების რედაქტორია, ბრალდებას უარყოფს. ის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილი 2013 წლიდან აფინანსებდა რუსეთში აკრძალულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“.

ამასობაში, „ჩერნოვნიკის“ რედაქტორის გათავისუფლება მოითხოვა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სულ უფრო ხშირად დევნიან ჟურნალისტებს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.

მახაჩყალის სასამართლოსთან, სადაც დაკავებულ ჟურნალისტზე მსჯელობდნენ, შეიკრიბა ასამდე ადამიანი და ჩატარდა ერთკაციანი პიკეტები ბრალდებულის მხარდასაჭერად, იუწყება ინტერნეტპორტალ „კავკაზ.რეალიი“-ს კორესპონდენტი.

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ღირსების მარშს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისი პრადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების და კერძოდ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იხმაროს ყველა ღონე რათა ლგბტ თემის წარმომადგენლებს საჯარო სივრცეში თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა არ შეეზღუდოთ.

"18-22 ივნისს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველად, გაიმართება პირველი ლგბტ პრაიდი. საქართველოს ხელისუფლებამ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა იხმაროს ყველა აუცილებელი ზომა. ძალადობის უპრეცედენტო მუქარის წინააღმდეგ, მათ შორის ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან.

ჰომოფობიური დაჯგუფება, რომელსაც სათავეში უდგას ბიზნესმენი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ძალადობრივ კონტრდემონსტრაციას გეგმას თბილისი პრაიდის მსვლელობის შესაჩერებლად.

16 ივნისს დაჯგუფების ლიდერმა განაცხადა რომ ქმნის სახალხო ლეგიონს, რომელიც შეიარღებული იქნება ხის ხელკეტებით რათა თავს დაესხას მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებს. მისი გამოსვლა შეიცავდა მუქარას საერთაშორისო დამკვირვებლების და დიპლომატების მიმართ, ვინც მარშზე დასწრებას გეგმავს.

16 ივნისს ქართული მედია იუწყებოდა რომ სამოქალაქო გვარდიაში (სახალხო ლეგიონში) რამდენიმე ათეული ადამიანი ჩაეწერა.

17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო „უკანონო შეირაღებული ფორმირების“ შექმნის შესახებ. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გამოძიების მიუხედავად ჰომოფობიის მხარდამჭერები ორგანიზაციაში გაწევრიანებას განაგრძობენ.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა „Amnesty International“-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან. ასევე 17 ივნისს შსს-ს წარმომადგენლები პრაიდის ორგანიზატორებს შეხვდნენ და განუცხადეს რომ, საჯარო სივრცეში მსვლელობის უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებენ.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს საჯარო სივრცეში მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებას მიუხედევად სქესისა და გენდერული იდენტობისა.

საქართველოს ოფიციალური პირები ვალდებული არიან დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობის მონაწილეები თავდასხმისგან.

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა ღირსების მარშის მიმართ. ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და ზემოთ აღწერილი თავდასხმის გეგმები. დაუყოვნებლივ მიიღოს უტყუარი და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების აღსაკვეთათ",- ნათქვამია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Amnesty International-ის მონიტორები თბილისი პრაიდის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

აშშ 250 მლნ დოლარით გაზრდის სამხედრო დახმარებას უკრაინისათვის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის 250 მლნ დოლარს გამოჰყოფს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დონბასში სეპარატისტებთან ბრძოლის ფონზე.

დამატებითი თანხა მოხმარდება უკრაინის სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ძალების წვრთნასა და იარაღით მათ მომარაგებას, ნათქვამია პენტაგონის 18 ივნისის განცხადებაში.

ახალი ტრანშის შედეგად 1,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან აქვს მიღებული შეერთებული შტატებისაგან.

მერკელმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას

ბერლინი, 2019 წლის 18 ივნისი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის მიმართ სანქციების გაგრძელებას.

18 ივნისის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერკელმა აღნიშნა, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტი მებრძოლების მხარდაჭერის გამო, ძალაში უნდა დარჩეს კიევის სუვერენიტეტის აღდგენამდე.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია და იმავე წლის აპრილში შეუდგა სეპარატისტების ბრძოლის მხარდაჭერას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტმა შეიწირა 13 ათასამდე ადამიანი.

დააკავეს ექიმი, რომელმაც პაციენტის მიღებაზე უარი თქვა

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება.

რუსთავში ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე 10 თებერვალს საკიკვდილოდ დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული თ.ა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,.

რუსეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 27 ადამიანს ბოშებთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

სოფელი ჩემოდანოვკა, 2019 წლის 16 ივნისი: 13 ივნისის ჩხუბის შემდეგ დემონსტრანტები მოითხოვენ სოფლიდან ბოშების გასახლებას

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 ადამიანს ბოშების ეთნიკური ჯგუფის წევრებსა და სხვა მოქალაქეებს, უმეტესწილად, რუსებს შორის სისხლისმღვრელი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.

ინციდენტი 13 ივნისს მოხდა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პენზის ოლქში, სოფელ ჩემოდანოვკაში.

პენზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილები წინასწარ პატიმრობაში დაჰყოფენ ორ თვეს, სანამ გამოძიება ჩატარდება.

ნათელი არ არის, ვინ დაიწყო ჩხუბი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ჩემოდანოვკის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ფადეიევმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩხუბის მერე ამ სოფლისა და მეზობელ დასახლება ლოპატკის მოსახლე ბოშებმა „ნებაყოფლობით“ დატოვეს თავიანთი სახლები.

ოლქის მმართველის ადმინისტრაციამ იმავე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაცლილია ბოშების 130-მდე სახლი.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია ჩემოდანოვკაში შექმნილი ვითარების შესახებ და ვითარება კონტროლდება.

იაპონიის ნაპირებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში გავრცელდა ცნობა ცუნამის საფრთხის შესახებ ქვეყნის ნაპირებთან ძლიერი მიწისძვრის შემდეგ.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 იყო. სააგენტო შესაძლებლად მიიჩნევს 0,2-1,0-მეტრიან ცუნამის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე.

არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის, ან ზარალის შესახებ.

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აშშ-თან ანტისარაკეტო ხელშეკრულების გაუქმებას

მოსკოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციაზე აშშ-თან დადებული ხელშეკრულების (INF) მოქმედების შეჩერების შესახებ.

ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1987 წელს გააფორმეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, მიხაილ გორბჩოვმა და რონალდ რეიგანმა. კანონპროექტი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესახებ მაისში წარმოადგინა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

წელს თებერვალში აშშ-მა დაიწყო პროცედურა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ვაშინგტონის აზრით, რუსეთმა შეთანხმება დაარღვია თავის შეიარაღებაში 9М729 „ნოვატორის“ ტიპის რაკეტების ჩართვით.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჩაატარებს აქამდე აკრძალული რაკეტების გამოცდას.

INF-ის შედეგად, 1988 წლიდან ევროპის კონტინენტზე აღარ განთავსებულა 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

ნიდერლანდი გამოაცხადებს უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილთა ვინაობას

ჰააგა, 2019 წლის 4 ივნისი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალი (მარჯვნივ) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვისას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალის განცხადებით, ნიდერლანდი აპირებს, დაასახელოს ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პირები.

მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ შეიწირა მასში მყოფი 298-ვე ადამიანის სიცოცხლე.

ზერკალმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთან“ 18 ივნისის ინტრვიუში თქვა, რომ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ნიდერლანდი ხელმძღვანელობს, 19 ივნისს დაასახელებს პირველი ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობას.

ნიდერლანდის მედია იუწყება, რომ ინფორმაციას მიაწვდიან ჯერ მსხვერპლთა ნათესავებს, რასაც, ადგილობრივი დროით, 13 საათზე მოჰყვება პრეს-კონფერენცია.

ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა 2016 წელს გამოაცხადა, რომ სარაკეტო სისტემა „ბუკი“, რომლითაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს მალაიზიის ავიაკომპანიის ბოინგი, რუსეთიდან იყო შესული უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთი უარყოფს ტრაგედიასთან კავშირს. ის უკრაინასა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს აკისრებს ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას.

ფალავანდიშვილი: პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას უწყობს ხელს

ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია კი - გარყვნილების პროპაგანდას უწყობს ხელს, - განაცხადა „სახალხო ლეგიონის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლის წინ.

ფალავანდიშვილი იმედოვნებს, რომ პოლიციას მასთან ბევრი შეკითხვა არ ექნება და შეკითხვებით არ შეაწუხებს.

„იმედია მე არ შევდივარ მტრებში, შევდივარ ჩემს პოლიციაში, რომელიც ქართული ტრადიციის დამცველ ხალხს, სიკეთის დამცველ ხალხს და წესრიგის დამცველ ხალხს არ შეაწუხებს და ზედმეტად შეკითხვებით არ დაღლის... ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომიას იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომლებიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ... პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ პროპაგანდას გარყვნილების. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს - ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის“, - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

სახალხო ლეგიონის რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა და, ვერის პარკში შეკრებილთა თქმით, პროცესი 18 ივნისსაც გრძელდებოდა. ლეგიონში გაწევრიანებულია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

17 ივნისს დაწყებული გამოკითხვის პროცესი პოლიციის მთავარ სამმართველოში 18 ივნისსაც გაგრძელდა.

ჩინეთი და რუსეთი მოუწოდებენ აშშ-ს, შეამციროს ზეწოლა ირანზე

აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენიდან გადაღებული ფოტო, რომელიც, პენტაგონის ინფორმაციით, გადაღებულია 13 ივნისს ომანის ყურეში. პენტაგონის თანახმად, სურათზე ჩანს, როგორ ხსნიან აუფეთქებელ ნაღმს იაპონიის კუთვნილი ტანკერიდან. აშშ ირანს ადანაშაულებს ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში

ჩინეთი და რუსეთი მოუწოდებენ აშშ-ს, შეამციროს ზეწოლა ირანზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო კონფრონტაცია.

ამასთან, ჩინეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ვან იმ, 18 ივნისს მოუწოდა ირანს, კვლავაც შეასრულოს ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდა და განაახლა სანქციები ირანის წინააღმდეგ.

ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა პენტაგონის განცხადებას ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცის განთავსების შესახებ. სამინისტროს შეფასებით, ვაშინგტონის პოლიტიკა მიმართულია „ომის გაჩაღებისაკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის აზრით, ვაშინგტონის მხრიდან „პროვოკაციული“ ქმედებაა „ირანზე პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გაძლიერების (...) მცდელობები“.

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა გაზრდილილა მას შემდეგ, რაც 2018 წელს ვაშინგტონი გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან.

ლევან ვასაძე ამ დღეებზე მემუარების დაწერას გეგმავს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის პარკში შეკრებილ „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მისი სიტყვებით გუშინდელი დღე იყო „დიდი შუალედური გამარჯვება“. ის გულისხმობდა სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 ივნისს გამართულ შეხვედას, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უწყება არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასატარებლად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს არ შეეხება „თბილი პრაიდის“ ფარგლებში (18-22 ივნისი) დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ უშიშროების სამსახურებზე დაყრდნობით ფლობს ინფორმაციას, რომ იგეგმება მისი ფიზიკური განადგურების მცდელობა, რათა შემდეგ ეს „მთავრობას და ბიძინას დაბრალდეს და მერე აირიოს ქვეყანა.“

„მე არ მჯერა, მაგრამ რაღაცა მსგავსი თუ მოხდა, მინდა რომ საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება სახელმწიფოს ბრალი. თუ ეს გაკეთდა ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ“, - უთხრა მან „სახaლხო ლეგიონის“ წარმომადგენლებს.

ლევან ვასაძის სიტყვებით ახლა არ არის დრო მოდუნების და „ჰარი-ჰარალო წამოკოტრიალების, გუშინდელი დღე იყო უდიდესი შუალედური გამარჯვება“, მაგრამ ჯერ ლელო არაა გატანილი". მისივე განცხaდებით, როდესაც ეს კვირა გადაივლის ის ხელისუფლებასთან სამომავლო საკითხებზე ისაუბრებს, ამასთან ამ დRეების შესახებ ის მემუარების დაწერას გეგმავს.

ახალი ზელანდიის მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს ტერაქტების ამსახველი ვიდეოს გავრცელებისათვის

კრაისტჩერჩი, 2019 წლის 15 მარტი: სამაშველო ოპერაცია ალ-ნურის მეჩეთზე თავდასხმის შემდეგ

ახალი ზელანდიის სასამართლომ 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა ამ ქვეყნის მოქალაქე ფილიპ არპსს მარტის ტერაქტების ამსახველი ვიდეოს გავრცელებისათვის.

ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე 15 მარტს მოწყობილი თავდასხმის მომდევნო დღეს, არპსმა გამოაქვეყნა ვიდეო წარწერებით „მოკლულების მრიცხველი“ და „სამიზნო გზაჯვარედინი“. ამის შესახებ წერს გაზეთი „ნიუ ზილენდ ჰერალდი“.

არპსი დააკავეს ტერაქტიდან რამდენიმე დღეში. მოსამართლის შეფასებით, ბრალდებულმა გამოავლინა „განსაკუთრებული სისასტიკე“ „მუსლიმთა თემის მიმართ სიძულვილის“ ნიადაგზე.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ არპსი ნახევარი წელი ვეღარ ისარგებლებს ინტერნეტით.

ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტმა წელს 15 მარტს ცეცხლი გაუხსნა ქრაისტჩერჩის ორი მეჩეთის მრევლს. დაიღუპა 51 ადამიანი. ტარანტი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გადასცემდა თავდასხმას.

28 წლის ტარანტს წაყენებული აქვს 51 ადამიანის მკვლელობის, 40 შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებები.

კრაისტჩერჩის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი სასამართლო პროცესი 2020 წლის 4 მაისს დაიწყება.

ახალმა მინისტრმა სისტემის რეფორმირების მეორე ფაზის მიზნები დაასახელა

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მეორე ფაზის მიზნებად დაასახელა უფრო ეფექტური და მიზნობრივი მართვა.

ტიკარაძის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც დავით სერგეენკოს და გუნდის დამსახურებაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე, მთელი რიგი პრობლემები სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არცერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში საქართველო მიიღებს რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას.

ეკატერინე ტიკარაძემ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და რეკომენდაციისთვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნამდე ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

პესკოვს გაუმართლებლად მიაჩნია საუბარი რუსეთში სიღარიბის ზრდაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს გაუმართლებლად მიაჩნია რუსეთში სიღარიბის ზრდაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც შემოსავალი უმცირდება.

პესკოვის ეს შეფასება მოჰყვა საფინანსო კონტროლის პალატის უფროსის, ალექსეი კუდრინის გამოსვლას რუსეთის პირველი არხის პროგრამა „პოზნერში“. კუდრინმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთში ცხოვრების დონის გაუარესებით.

პესკოვის სიტყვებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც შემოსავალი უმცირდება, „ოდნავ გაიზარდა საგარეოეკონომიკურ კონიუნქტურასთან და რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე მთელ რიგ პროცესებთან დაკავშირებით“. მაგრამ ეს, პრეს-მდივნის აზრით, არ ნიშნავს სიღარიბის ზრდას.

კუდრინმა მანამდე თქვა, რომ სიღარიბის დონის ზრდის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის შექმნა. მისი აზრით, „სიღარიბე რუსეთში სამარცხვინო გახდა“.

ალექსეი კუდრინი ფინანსთა მინისტრი იყო 2011 წლამდე.

დავით სერგეენკოს თქმით, ახალ მინისტრს რეკომენდაცია თავად გაუწია

დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე

„მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ ათ წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად, ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკვე ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

მის ნაცვლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

დავით სერგეენკოს თქმით, რამდენიმე კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა ინტენსიური კონსულტაციები, თუ სწორად და ოპტიმალურად როგორ უნდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო რეფორმების ახალი ფაზა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო“ - განაცხადა სერგეენკომ, რომელიც მუშაობას პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გააგრძელებს.

დავით სერგეენკოს თქმით, ანალიზზე დაფუძნებით სჯერა, რომ რეფორმები ასე უკეთ განვითარდება.

„ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ განვითარებაზე და დაგეგმარებაზე ვიყო კონცენტრირებლი და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, და მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას“ - თქვა სერგეენკომ.

მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და სამინისტროს გუნდს და ახალ მინისტრს წარმატება უსურვა

დავით სერგეენკო 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. "ქართული ოცნების" მთავრობაში გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერგეენკოს დღემდე არასდროს შეხებია.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებდა პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ. სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-მა გამოხატა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა გერმანიაში. მოლაპარაკების უმთავრესი თემაა კონფლიქტი დონბასში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა ბერლინში, სადაც შეხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, პოლიტიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.

წინა დღით ზელენსკი პარიზში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ვიზიტამდე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისაგან გერმანიაში ელოდებიან პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დონბასში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში.

მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლას 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილიდან, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება განახორციელა. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის საკითხის და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკო შეცვალა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრად დანიშვნამდე ტიკარაძეც სერგეენკოს მსგავსად საჩხერის კლინიკას ხელმძღვანელობდა.

18 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დავით სერგეენკო მუშაობას მის მრჩევლად გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა ჯანდაცვის სისტემაში 2012 წლიდან გატარებული რეფორმა, რომელიც მორგებულია ადამიანზე და ამ სფეროში მიღწეული წარმატება უკავშირდება დავით სერგეენკოს. მამუკა ბახტაძემ გამოჰყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მეორე ფაზის ძირითადი პრიოროტეტები, რომელთა შორისაა ელექტრონული ჯანდაცვა და სერვისების გაციფრულება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდა.

ბახტაძის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ თანხის ე.წ. ჯიბიდან გადახდა, განსაკუთრებით მედიკამენტების შეძენისას და ამ პრობლემის მოგვარებას კონკრეტული ინიციატივით და საბიუჯეტო დაფინანსებით აპირებენ.

პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა დევნილებისთვის ბინების მშენებლობა და თქვა, რომ ამ მიზნით 2019-2020 წლებში გამოყოფილია 350 მილიონ ლარზე მეტი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხებიც.

„ქალბატონი ეკა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ სფეროში მოღვაწეობის, მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი. დათოსთან, მისივე ინიციტივით რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისივე თქმით, ახალ მინისტრს გასატარებელი აქვს საკმაოდ რთული რეფორმები, მას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დავით სერგეენკოს, როგორც უკვე პრემიერის მრჩევლის როლი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი რეფორმა ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს ახალ დონეზე და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვებს.

გაერო: მსოფლიოს მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება შემდგომი 30 წლის განმავლობაში

გაეროს ანგარიშის თანახმად, რომელსაც ეწოდება, „მსოფლიოს მოსახლეობის პერსპექტივა 2019: ძირითადი მომენტები“, - მომდევნო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება, ხოლო საუკუნის ბოლოს კი 11 მილიარდს მიაღწევს. დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 7,7 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

გაეროს კვლევის თანახმად მოსახლეობის მხრივ ინდოეთი გადაუსწრებს ჩინეთს, ხოლო სუბსაჰარის მოსახლეობა კი გაორმაგდება.

გარდა ამისა, 2050 წლამდე მოსახლეობის საგრძნობი ზრდა მოსალოდნელია აშშ-ში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდონეზიაში, ნიგერიაში, პაკისტანში, სულ 9 ქვეყანაში.

კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა ხდება გლობალური მასშტაბით მშობიარობის დონის კლების ფონზე.

1990 წლისათვის შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე შეადგენდა 3,2 ბავშვს. ეს ციფრი 2050 წლისათვის სავარაუდოდ შემცირდება 2,5-მდე, რაც ახლოსაა შობადობის დონის იმ ნიშნულთან - 2,1-თან, რომელიც აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული შობადობის კლება.

ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ სერგეენკო ივანიშვილმა გადააყენა

დავით სერგეენკო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს წასვლას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად აფასებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

"ჩვენ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ იმიტომ, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ავიწროებს იმ წრეს, საიდანაც გამოჰყავს მინისტრები. ეს არის პირადი ექიმები და ახლა, ახალი მინისტრი კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი როგორც მე გავიგე. თვითონ სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი და მისი პირადი ექიმი იყო, ახლა როგორც ჩანს, პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავენ. პირადი დაცვა ერთი, პირადი დაცვა ორი, "ქართუს" თანამშრომლები ყველგან“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. მისი შეფასებით, საქართველო გადაიქცა არცთუ გამჭვირვალე შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის მომსახურე პერსონალს ნიშნავს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.

„პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი და მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება როტაცია მთავრობაში“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ამჯერად ივანიშვილი პირად ექიმს ცვლის პირადი სტომატოლოგით. „რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და ვიწრო პირადი ინტერესები - ასე მოქმედებენ და ამიტომ არის ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისში“ - უთხრა ჟურნალისტებს ბოკუჩავამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, დღემდე განხორციელებულმა ყველა საკადრო ცვლილებამ აჩვენა, რომ მთავრობის წევრებს არ ათავისუფლებენ კონკრეტული პროგრამული, თუ პროფესიული ხარვეზების გამო. სამნიძის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს პირადად ივანიშვილი იღებს და მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში მყოფთ ენდობა, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.

„გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, თუ სწორია ვერსია, რომ სურთ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ჭორების ფონზე.

„ოცნების მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, უსაზღვროა. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას" - უთხრა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკოს შეცვლის საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე.

საპატიმროდან გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი

ლეონიდ ვოლკოვი

რუსი ოპოზიციონერი, ლეონიდ ვოლკოვი სამშაბათს გათავისუფლდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. ამის შესახებ ვოლკოვმა ტვიტერში დაწერა.

წინა დღით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შეუმცირა ვოლკოვს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

ცნობილი რუსი ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და პოლიტიკოსისა, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლს სასამართლომ, მაისში, 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მის მიერ მოსკოვში 9 სექტემბერს გამართული საპროტესტო აქციის გამო, რომელიც მიმართული იყო მთავრობის საპენსიო გეგმის წინააღმდეგ.

სასამართლომ ვოკლოვი დამნაშავედ სცნო, საპროტესტო აქციის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რასაც დაცვის მხარემ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

დააკავეს მიშელ პლატინი

საფრანგეთში კორუფციის საქმეზე უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, მიშელ პლატინი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ფრანგულ „ლე მონდზე“ დაყდნობით.

პლატინის დაკავება, სავარაუდოდ, 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მიშელ პლატინი უეფას 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი სახელი ერთხელ უკვე ფიგურირებდა გახმაურებულ ფინანსურ სკანდალში.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა 2015 წლის დეკემბერში საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი. საქმე ეხებოდა ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ბლატერსა და პლატინის დაეკისრათ ასევე ფულადი ჯარიმის, პირველს 46 ათასი ევროს, მეორეს კი 74 ათასი ევროს გადახდა.

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მომზადდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელშიც წინა წლისგან განსხვავებით, ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოსთან თანამშრომლობას.

ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატოს ძალებთან თავსებადობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, 2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის კანონპროექტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას და საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მტკიცე პოზიციას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და მხარდაჭერას ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას და აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.

აშშ დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ის სამხედრო უწყებამ გამოაქვეყნა დამატებითი ფოტოები იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა გასულ კვირაში, ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმაში. 17 ივნისს პენტაგონის მიერ გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენიდან არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ იღებენ ირანელ სამხედროები აუფეთქებელი ჭურვს იაპონური ტანკერის კორპუსიდან.

ვაშინგტონის თანახმად, ეს ფოტოები ადასტურებს, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები მტკიცებულებების განადგურებას ინცინდენტის ადგილიდან.

ვაშინგტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტანკერებზე იერიშის გამო დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში. „სამხედროებს აქვთ თავდაცვითი ამოცანა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ხასიათის საფრთხეების შესაკავებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰენმა.

პენტაგონის შეფის თქმით, რეგიონში სამხედრო ძალების რაოდენობის კორექტირება მოხდება, „სადაზვერვო ცნობებისა და საფრთხეების შესახებ მიღებული სანდო ინფორმაციების“ მიხედვით.

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა. თავდასხმას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

ამის შედეგად დაძაბულობამ რეგიონში ახალ სიმძაფრეს მიაღწია. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში, მათ შორის საუდის არაბეთმა, ირანი დაადანაშაულეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს ირანს დასდო ბრალად ტანკერებზე თავდასხმაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG