Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას ჯილდო ავღანეთს „სამართლიანი თამაშისთვის“


ავღანეთში ზეიმობენ სპორტულ წარმატებას, რომელიც განსაკუთრებით ეამაყებათ ამ ქვეყანაში: ფიფამ, ანუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, ავღანეთს მიანიჭა 2013 წლის პრემია „სამართლიანი თამაშისათვის“.

ავღანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისათვის 2013 წელი მართლაც გამორჩეული წელი გამოდგა. გუნდმა არა მარტო, მთელი ათწლეულის შემდეგ, პირველი საერთაშორისო მატჩი ითამაშა, მან ავღანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოიპოვა საერთაშორისო ჯილდო. და აი, წელი დააგვირგვინა ფიფას გადაწყვეტილებამ, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციისათვის მიენიჭებინა 2013 წლის პრემია „სამართლიანი თამაშისათვის“, ანუ Fair Play-სთვის.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიფამ გამოაცხადა 13 იანვარს ციურიხში, სადაც გაიმართა „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონია: აღიარება დაიმსახურა სპორტულმა წარმატებებმა, რომლებსაც მიაღწიეს, ავღანეთში მძიმე პირობების მიუხედავად.

ამ აღიარებას ძალიან აფასებენ ავღანეთში. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჰომაიუნ კარგარმა 14 იანვარს ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში „ისტორიული მიღწევა" უწოდა „სამართლიანი თამაშისთვის“ მოპოვებულ ჯილდოს.

„მრავალი წლის ომის მიუხედავად, ავღანეთმა შეძლო ჯილდოს მოპოვება ძალიან მნიშვნელოვან ცერემონიაზე. იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც წლებია ფიფას წევრები არიან, ვერ მიუღწევიათ იმისათვის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“, ამბობს ავღანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთმა ავღანელებს შეჰმატა პატრიოტული სულისკვეთება, სიამაყე და ერთსულოვნება - ის, რაც დიდი იშვიათობაა პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური განხეთქილებებით მოცულ ქვეყანაში.

კარგარის აზრით, „ძალიან მოკლე დროში ავღანურმა ფეხბურთმა ძალიან პოზიტიური გეზი დაუსახა ახალგაზრდებსა და საზოგადოებას. ავღანური ფეხბურთი ხელს უწყობს მშვიდობას, სტაბილურობასა და ერის ერთსულოვნებას“.

ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის კორესპონდენტი ესაუბრა ავღანელ გულშემატკივარსაც. ქაბულელი ყუდრატულა იმედოვნებს, რომ ფიფას ჯილდოს მორიგი წარმატებები მოჰყვება: „ძალიან კარგი ამბავია, რომ ეს ჯილდო მოგვანიჭეს! ავღანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წელს დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. ღვთის წყალობით, წელს კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ“...

ფიფას Fair Play-ს კომიტეტის წევრ ტოკიო სექსუეილის რწმენით, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჯილდო დაიმსახურა თავისი თავდადებული შრომით: ფეხბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურის შექმნით და ეროვნული ლიგის განვითარებით, ქვეყანაში ძალადობისა და ნგრევის მიუხედავად.

აღინიშნა ისიც, რომ ავღანეთში სულ უფრო იზრდება ფეხბურთის გულშემატკივართა რიცხვი და ქომაგებს შორის ქალებიც, მთელი ოჯახებიც არიან. ამჟამად უკვე 20 სპორტული კლუბი სთავაზობს ავღანელ გოგონებსა და ქალებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას.

როგორც წესდებაში ვკითხულობთ, ფიფა „Fair Play-ს ჯილდოს ანიჭებს ადამიანებს ან ორგანიზაციებს მათი "სამართლიანი თამაშისათვის" - ეს არის საკითხი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა საკვანძო მნიშვნელობა მსოფლიოში ფეხბურთის მმართველი ორგანოსათვის".

2014 წელს ავღანელ ფეხბურთელებს ახალი ამოცანა მოელით: მაისში მალდივის რესპუბლიკაში, აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდება ტურნირი, რომელში გამარჯვებულიც ავტომატურად მოიპოვებს უფრო პრესტიჟულ ასპარეზზე გამოსვლის უფლებას - შეძლებს ბრძოლას აზიის 2015 წლის თასისათვის.
XS
SM
MD
LG