Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი „საზღვარგარეთს“ ადანაშაულებს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციაში


მოსკოვი ფიქრობს, რომ უკრაინის კონსტიტუციას ექსტრემისტულად განწყობილი ოპოზიცია არღვევს, ხოლო უკრაინის ხელისუფლება კი საზღვარგარეთიდან ჩარევას აწყდება. ამის თაობაზე სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელმაც დასძინა, რომ მთლიანად იზიარებს უკრაინის ხელისუფლების შეფასებებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა კი ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არეულობის ორგანიზატორებს დააკისრა. „როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მსხვერპლი, რომელიც სამწუხაროდ უკვე მივიღეთ, მასობრივი არეულობების ორგანიზატორებისა და მთავარი მონაწილეების სინდისზეა. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დეტალურად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და გააკეთონ ყველაფერი, რათა მომავალში არ დაუშვან მსგავსი რამის განმეორება.“ ევროკავშირს ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუმ კი მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ ძალადობისაგან. უკრაინაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა ვიზები გაუუქმა რამდენიმე უკრაინელ მოხელეს, რომლებსაც კავშირი აქვთ დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობაში. თუმცა, კონკრეტული ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. უკრაინის პროდასავლური ოპოზიცია კი მოუწოდებს დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს ფინანსური სანქციები შემოიღოს უკრაინის მთავრობის წევრების - მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივნის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალურ პროკურორის მიმართ.
XS
SM
MD
LG