Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი ლიდერები იანუკოვიჩს მოუწოდებენ კანონის შეცვლისკენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, შეცვალოს კანონი, რომელიც ზღუდავს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლებას. სატელეფონო საუბარში მერკელმა იანუკოვიჩს სთხოვა „დაიწყოს სერიოზული დიალოგი ოპოზიციასთან“ და შეცვალოს კანონი, რომელიც მოქალაქეთა უფლებებს არღვევს. ხუთშაბათსვე შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის. ბაიდენის სიტყვებით, თუკი უკრაინაში კვლავაც გაგრძელდება სისხლისღვრა, ეს აუცილებლად აისახება ამერიკა-უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა, კანონი ოპოზიციასთან თანამშრომლობით შეიცვალოს. ამის შესახებ აზაროვმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ „ევროსაბჭოს ექსპერტებსა და ვენეციის კომისიას“ შეუძლიათ დახმარების გაწევა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ახალი კანონის მიხედვით, არასანქცირებული ქუჩის პროტესტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმის რაოდენობა და პატიმრობის ვადა. კანონი ასევე კრძალავს პლაკატების გაკვრასა და კარვების გაშლას. „როიტერსთან“ ინტერვუში აზაროვმა ოპოზიცია დაადანაშაულა კრიზისის ესკალაციაში: „ჩემი შეხედულებით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შესაძლოა ავხსნათ, როგორც გადატრიალების მოწყობის მცდელობა“, - განაცხადა აზაროვმა.
XS
SM
MD
LG