Accessibility links

ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი: 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო

2007 წლის ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატორი ბადრი ბიწაძე იყო - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნონო ბურჯანაძის მოწმედ დაკითხვისას განაცხადა განსასჯელმა ვანო მერაბიშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დანაშაულად არც 2007 წლის აქციის ძალით დაშლა მიაჩნია.

ყველა ახალი ამბავი

ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ კვამლისგან გაიგუდნენ. სხეულის დამწვრობით ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს მათი შვილი, 31 წლის კაცი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დამწვარია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. შენობაში იმყოფებოდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დაზიანება არ მიუღია. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი გამორიცხავს ხანძრის ბუნებრივი აირიდან გაჩენის შესაძლებლობას. მისი მტკიცებით, იმ ოთახში, სადაც ცეცხლის კერა იყო, გაზის დანადგარი დამონტაჟებული არ არის.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

გერმანია მასპინძლობს მნიშვნელოვან სამიტს ლიბიის კონფლიქტზე

ათზე მეტი ქვეყნის, მათ შორის თურქეთის, აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები 19 იანვარს ბერლინში იკრიბებიან, სამიტზე, რომელზეც იმსჯელებენ ლიბიაში კონფლიქტის დასრულების და სირიის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ლტოლვილების კრიზისის მსგავსი ვითარების შექმნის არდაშვების გზებზე.

თურქეთის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მასპინძლობს კანცლერი ანგელა მერკელი. სამიტის მხარდამჭერია გაეროც. შეხვედრაზე შეეცდებიან უცხოეთის ძალები დაარწმუნონ შეწყვიტონ კონფლიქტის გაღვივება სამხედროებით, შეიარაღებით თუ ფინანსური დახმარებით.

ბერლინის მოლაპარაკებების ორგანიზატორები გამოთქვამენ იმედს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, რაც არ დაუშვებს კონფლიქტის ინტენსიფიკაციას ჩრდილოეთ აფრიკის ამ ნავთობით მდიდარ, 7 მილიონამდე მოსახლის მქონე სახელმწიფოში.

მოელიან, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული, ტრიპოლიში მყოფი ეროვნული მთავრობის ლიდერები და მეამბოხეთა ლიდერი ხალიფა ჰაფტარი, რომლის ძალები ქალაქ ტობრუკში არიან დაფუძნებული.

ლიბიაში არეულობა სუფევს 2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

კაპანაძე კონგრესმენის წერილზე: ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის

სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, კონგრესმენ მარკვეინ მალინის ღია წერილი, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით:

„ეს წერილები არ წყდება, ეს განცხადებები არ წყდება და ისინი მოდის არა მარტო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომენტარში სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, „ნათელია უკვე ყველასთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არის სერიოზული დარტყმა დემოკრატიულ პროცესებზე, არის ეკონომიკური კრიზისი, არის უგულებელყოფა დემოკრატიული ინსტიტუტების“.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

შსს: ამოღებულია 200 აბი სუბოქსინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 200 აბი ამოიღეს ნივთმტკიცებად.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონგრესმენის წერილი გახარიას: საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

„მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ მიაღწია 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა, რაც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, რადგან ამერიკული და ევროპული ინტერესები შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ“, - წერს კონგრესმენი და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. კერძოდ, იგი საუბრობს ნავთობისა და გაზის კომპანია „Frontera Resources”-ზე და „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვაზე.

მალინი წერს, რომ ასეთი გაუარესებული გარემო აისახა იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას საქართველო, პირველად თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ღია წერილში მარკვეინ მალინი ამბობს, რომ უერთდება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ადამ კიზინგერსა და გარი კონოლის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება.

"იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც აღვწერე და ცვლილებების მცდელობების ხელშესაწყობად, იზრდება წუხილი და მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე ვუერთდები ამ რეფორმების შესახებ მოწოდებას და წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარვადგინე საქართველოში "პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი", - წერს მალინი.

კონგრესმენი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. იგი იმედოვნებს ასევე, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად, რათა უპასუხოს იმ საფრთხეებს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უდგას.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აღარ ისარგებლებენ „სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგონია მეგან მარკლი ვეღარ ისარგებლებენ „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით, - გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულიდან შევა ძალაში. „ჰარი, მეგანი და არჩი ყოფელთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები“, - ამბობს დედოფალი ელისაბედ მეორე განცხადებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

განცხადებაში დედოფალი აღნიშნავს, რომ მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ ნაპოვნია პრინცი ჰარისა და მისი ოჯახისათვის მხარდამჭერი, კონსტრუქციული გზა:

„ვაღიარებ გამოწვევებს, რომლებიც მათ გაიარეს ინტენსიური დაკვირვების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, - აღნიშნავს დედოფალი ელისაბედ მეორე.

ბუკინგემის სასახლე, თავის მხრივ, იუწყება, რომ ჰარის და მეგანს მომავალში აღარ მოეთხოვებათ სამეფო მოვალეობების შესრულება, ფორმალურად ვეღარ იმოქმედებენ დედოფლის სახელით და ვეღარ ისარგებლებენ საჯარო ფონდით. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგონიამ გამოთქვეს ასევე სურვილი აანაზღაურონ ფროგმორის რეზიდენციის რემონტზე დახარჯული თანხა, რომლითაც ისინი ისარგებლებენ გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის დროს.

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, სასექსის ჰერცოგინია მეგანმა 8 იანვარს გამოაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრების ოფიციალურ სტატუსზე. განცხადებაში ისინი წერდნენ, რომ აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.

ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ აღნიშნეს, რომ აპირებენ მუშაობა დაიწყონ, რათა სამეფო ოჯახისგან ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.გარდა ამისა, წყვილი აპირებს შექმნას საქველმოქმედო ორგანიზაცია.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ.

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყება.

სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე სრულდება წყლის კურთხევის მსახურება ( დიდი აიაზმა). ნაკურთხ წყალს მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე კანდიდატი დასახელდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის სპორტული სეზონი შეაჯამა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელეს საუკეთესოები. მთავარი ჯილდოს - წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს ექვს კანდიდატს შორის გამორჩეული საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ საღამოს წამყვანებმა დამსწრეთ აცნობეს, რომ მთავარ ნომინაციას ერთბაშად ექვსი გამარჯვებული ეყოლებოდა. საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ: თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. შარშან ექვსივე სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:

  • 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთის ნაკრები
  • 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)
  • 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
  • 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)
  • 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია
  • 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
  • 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)
  • 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
  • 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
  • 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი

იუწყებიან, რომ ნატა ფერაძე პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა ფერაძის თანამებრძოლმა, "პარტიზანი მებაღეების" წევრმა მარი ყანჩაველმა.

ფერაძე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მანამდე "ფეისბუკზე" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ფერაძე პოლიციამ დააკავა მაშინ, როცა ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ესარჩლებოდა ხულიგნობისთვის დაკავებულ ტრანსგენდერ ქალს.

როგორც რადიო თავისუფლებამ შსს-სგან შეიტყო, დაკავებულია ორი ტრანსგენდერი ქალი, 166 და 173 მუხლებით, რომლებიც, შესაბამისად, გულისხმობს ხულიგნობას და სამართალდამცველთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

შსს: ფერაძე დაკავებულია სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების წარმომადგენელმა, ელიზა ჯაფოშვილმა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავება და განაცხადა, რომ ის დაკავებულია 173-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

მანამდე "ფეისბუკზე" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ფერაძე პოლიციამ დააკავა მაშინ, როცა ის ესარჩლებოდა ხულიგნობისთვის დაკავებულ ტრანსგენდერ ქალს.

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტს 2054 წლამდე აუკრძალა ყირიმში შესვლა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უწყებამ, სასაზღვრო დაცვამ, უკრაინელ ჟურნალისტს, ტარას იბრაგიმოვს 2054 წლის შუა პერიოდამდე აუკრძალა რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში შესვლა.

იბრაგიმოვმა, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ყირიმის განყოფილებაში მუშაობს, რადიო თავისუფლებამ 18 იანვარს უთხრრა, რომ ორდერი მას ახსნა-განმარტების გარეშე, პირადად გადასცეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირდება ჩემს ჟურალისტურ საქმიანობას და იმ პუბლიკაციებისთვის გაწეულ სამუშაოს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ ყირიმელი თათრების მდგომარეობას ყირიმსა და რუსეთში" - ამბობს იბრაგიმოვი.

ჟურნალისტის თქმით, მას ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან ფოტოები გადაუღეს და თითის ანაბეჭდები აუღეს.

2019 წლის თებერვალში ყირიმში და რუსეთში შესვლა 2028 წლამდე აუკრძალეს ფოტოგრაფ ალინა სმუტკოს, რომელიც ასევე რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ყირიმის განყოფილებაში მუშაობდა. 2018 წლის ნოემბერში ამავე განყოფილების უკრაინელ ჟურნალისტს, ალენა სავჩუკს, ასევე 2028 წლამდე დაუწესდა აკრძალვა ყირიმში და რუსეთში შესვლაზე.

თბილისში დააკავეს აქტივისტი ნატა ფერაძე

გავრცელებული ცნობებით, თბილისში საპარტულო პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე. "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა მაშინ, როცა გამოესარჩლა ტრანსგენდერ ქალს, რომელიც პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

ვიდეოში ჩანს, რომ ფერაძე პოლიციის მანქანით წაიყვანეს. მისი დაკავების მუხლი და ადგილმდებარეობა უცნობია.

ირანი ადასტურებს, რომ კიევს გაუგზავნის უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს

ირანი ადასტურებს, რომ კიევს გაუგზავნის შავი ყუთის ჩანაწერებს, რომლებიც ამოიღეს თეირანის თავზე 8 იანვარს ჩამოგდებული უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავიდან.

ირანის სამოქალაქო ავიაციის უწყების ავარიების გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰასან რეზაიფერმა, სააგენტო "ტასნიმს" 18 იანვარს უთხრა, რომ ირანში ჩანაწერები ვერ წაიკითხეს.

მისი თქმით, კიევში ჩატანის შემდეგ ჩანაწერებზე იმუშავებენ საფრანგეთის, ამერიკის და კანადის ექსპერტები.

"თუ ეს წარუმატებელი იქნება, მაშინ შავ ყუთს საფრანგეთში გავგზავნით" - ამბობს რეზაიფერი.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოაგდეს, რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი შეეწირა.

ინციდენტს ცოტა ხნით უძღოდა წინ ირანის მიერ რაკეტების სროლა ერაყის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული. ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, იყო პასუხი აშშ-ის საჰაერო თავდასხმაზე, რომელსაც ირანის სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.

ტრამპი იურისტების გუნდს აძლიერებს სენატში საიმპიჩმენტო განხილვისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აძლიერებს თავის იურისტების გუნდს სენატში დანიშნული საიმპიჩმენტო განხილვისთვის.

აშშ-ის მედია 17 იანვარს იუწყებოდა, რომ ტრამპის იურისტთა გუნდს შეუერთდნენ ყოფილი დამოუკიდებელი მრჩეველი, კენ სტარი - რომელმაც გზა გაუხსნა ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის იმპიჩმენტის განხილვას, და ცნობილი ადვოკატი, ალან დერშოვიცი.

რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით მომუშავე სენატში საიმპიჩმენტო პროცესი ოფიციალურად 16 იანვარს გაიხსნა, თუმცა სრული მასშტაბით 21 იანვარს ამოქმედდება, პირველი განცხადებებით. ეს პროცესი გადაწყვეტს, ჩამოშორდება თუ არა ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობას.

დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატამ 18 დეკემბერს მისცა ხმა ტრამპის იმპიჩმენტს, უკრაინასთან დაკავშირებული ორი ბრალდების, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის და კონგრესისთვის წინაღობის შექმნის საფუძველზე. ამ კენჭისყრას წინ უძღოდა გამოძიება, რომელიც იკვლევდა ტრამპის თხოვნას, უკრაინას გამოძიება დაეწყო მისი პოლიტიკური მეტოქის, დემოკრატი ჯო ბაიდენის გარშემო.

გავრცელებული მოლოდინით, სენატი ტრამპს გაამართლებს, რადგან 53 რესპუბლიკელიდან არც ერთს არ დაუჭერია მხარი მისი იმპიჩმენტისთვის, რასაც ორი მესამედისგან შემდგარი უმრავლესობა ესაჭიროება.

ტრამპი უარყოფს არასწორ ქცევას და იმპიჩმენტის პროცესს სიყალბეს უწოდებს.

ერდოანი: ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის ნაბიჯებს ლიბიაში

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ევროპამ, თუკი ლიბიაში კონფლიქტის დასრულება სურს, მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის ნაბიჯებს, რომელიც ლიბიაში სამხედრო ძალით ეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ მთავრობას.

ერდოანი ამ განცხადებით შაბათს გამოვიდა, ინტერნეტგამოცემა Politico-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, კვირას ბერლინში დანიშნულ სამიტამდე, სადაც ლიბიის სტაბილიზაციის გზები უნდა განიხილონ.

სამიტზე გერმანია და გაერო შეეცდებიან, დედაქალაქ ტრიპოლისთვის მებრძოლ, ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიაღწიონ ზავს და სადამკვირვებლო მექანიზმის შექმნას. ეს იქნება პირველი ნაბიჯები მშვიდობისკენ, - ამბობენ დიპლომატები და ვკითხულობთ სამიტის განცხადების პროექტში.

თურქეთი მხარს უჭერს ტრიპოლიში ფაეზ ალ-სარაჯის მთავრობას და აცხადებს, რომ ხალიფა ჰაფტარი, რომელიც აღმოსავლურ ლიბიის ეროვნულ არმიას ხელმძღვანელობს, გადატრიალებას გეგმავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მკაფიო არჩევანია თანამშრომლობა თურქეთთან, რომელიც უკვე გამოვიდა სამხედრო დახმარების დაპირებით“, - წერს ერდოანი.

„ჩვენ გავწვრთნით ლიბიის უსაფრთხოების ძალებს და მათ დავეხმარებით ტერორიზმთან, ადამიანებით ტრეფიკინგსა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ სხვა წინაღობებთან ბრძოლაში“, - დასძენს ერდოანი.

კვირის სამიტის მონაწილეები შეეცდებიან, ჰაფტარი და მისი ძალები დაიყოლიონ შეწყვიტონ ცხრა თვის განმავლობაში წარმოებული შეტევა ტრიპოლიზე. როგორც იუწყებიან, სამიტზე არ იქნება ლაპარაკი ორ მხარეს შორის ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებაზე.

ბერლინში ელიან როგორც ჰაფტარს, ისე სარაჯს, ისევე, როგორც ერდოანს და რუსეთის, ეგვიპტის, დასავლეთის და არაბული ქვეყნების ლიდერებს.

ლიბიაში არეულობა სუფევს 2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

კანადა დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება, კომპენსაციას ირანისგანაც ელის

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ მისი მთავრობა სწრაფ ფინანსურ დახმარებას გაუწევს კანადის იმ 57 მოქალაქის და 29 რეზიდენტის ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ გასულ კვირაში ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად.

როგორც ტრუდომ 17 იანვარს თქვა, მართალია, კანადა 12 ათასამდე ამერიკული დოლარის ეკვივალენტურ თანხას გამოუყოფს მსხვერპლთა ოჯახებს, ის კვლავ ელის, რომ მათ ირანიც გადაუხდის კომპენსაციას. ტრუდოს თქმით, თანხები ოჯახებს დაეხმარება დაფარონ დასაფლავების, ირანში ჩასვლის და სხვა ხარჯები. ყველა თანხა, რომელსაც თეირანი მოგვიანებით გამოყოფს, პირდაპირ ოჯახებს გადაეცემა, - ამბობს ტრიუდო.

„მსურს მკაფიოდ ვთქვა - ჩვენ ველით, რომ ამ ოჯახებს ირანი კომპენსაციას გადაუხდის“, - განაცხადა ტრუდომ და დასძინა: „თუმცა მე შევხვდი მათ, და მათ არ შეუძლიათ კვირების განმავლობაში ლოდინი. მხარდაჭერა ახლა სჭირდებათ“.

ტრუდომ ასევე თქვა, რომ თვითმფრინავის „შავი ყუთები“ ძალიანაა დაზიანებული და მოუწოდა თეირანს, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, ისინი საფრანგეთს გადასცეს.

თალიბანი იმედოვნებს, რომ თვის ბოლომდე მიაღწევს შეთანხმებას აშშ-სთან

თალიბანის პრესმდივანმა პაკისტანში გამომავალ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსტრემისტული ჯგუფი აშშ-სთან მოლაპარაკებაში შეთანხმების მიღწევას იანვრის ბოლომდე იმედოვნებს.

სუჰაილ შაჰინის მიერ 18 იანვარს ნათქვამი ამ სიტყვების ფონია თალიბანსა და აშშ-ს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ყატარში. მანამდე, 17 იანვარს, შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ შეხვედრა „გამოსადეგი“ იყო.

შაჰინი ამბობს, რომ მოლაპარაკების საგანი იყო ერთობლივი შეთანხმების გაფორმება და ამასთან დაკავშირებული ცერემონია, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. სააგენტო როიტერსი ავრცელებს ორი წყაროს ინფორმაციას, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში თალიბანი მზად იყო აშშ-ის ძალებთან ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტისთვის, ისევე, როგორც ავღანეთის ძალებთან ძალადობის შემცირებისა და ავღანეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებისთვის.

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას“, - განაცხადა კუპრავამ.

შსს-ს ცნობით, კუპრავა და დანარჩენები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერს მოუწოდებს, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის „ტვიტერზე“ გამოეხმაურა:

„ირანის ე.წ. უზენაესმა ლიდერმა, რომელიც ბოლო დროს არცთუ ისე უზენაესია, უსიამოვნო, საძაგელი რამ თქვა შეერთებული შტატებისა და ევროპის შესახებ. მათი ეკონომიკა ინგრევა, ხალხი იტანჯება. ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პარასკევის ლოცვაზე აიათოლა ალი ხამანეიმ აშშ-ის პრეზიდენტს „კლოუნი“ უწოდა, რომელიც მხოლოდ თავს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ირანელ ხალხს, სინამდვილეში კი სურს, მათ „ზურგში შხამიანი მახვილი ჩასცეს“.

უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერის გადადგომა არ მიიღო

უკრაინის პრემიერი, ოლექსი ჰონჩარუუკი პარამენტში, 17 იანვარი, 2020 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმრ ზელენსკიმ არ მიიღო პრემიერ-მინისტირის, ოლექსი ჰონჩარუკის გადადგომა.

მან თქვა, რომ გადაწყვიტა, შანსი მისცეს მთავრობის მეთაურს და მის კოლეგებს, თუ ისინი „გადაწყვეტენ ზოგიერთ მომენტს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია და ასე აღელვებს საზოგადოებას“, - იტყობინება პრეზიდენტის საიტი.

17 იანვარს, დილით, ჰონჩარუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სკანდალის ფონზე, რომელიც ეხება აუდიოჩანაწერს, რომელშიც, როგორც იტყობინებიან, ის ამცირებს საკუთარ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოდნას ეკონომიკაში.

17 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ჰონჩარუკმა ფეისბუკში დაწერა: „მე თანამდებობაზე მოვედი პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად. ის ჩემთვის არის გახსნილობისა და წესიერების მაგალითი. მაგრამ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტის მიმართ ჩვენს პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, მე დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და გადავეცი ის პრეზიდენტს პარლამენტში შეტანის უფლებით“.

აუდიოჩანაწერები ოთხშაბათს გამოქვეყნდა YouTube-ის არხზე „როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი“. ჩანაწერების სანდოობა არ არის დადასტურებული, მათი წყარო უცნობია. დაცვის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ არა აქვს კავშირი პრემიერ-მინისტრის საუბრების მოსმენასთან.

როგორც აცხადებენ, ჩანაწერები გაკეთდა დეკემბერში გამართული თათბირის დროს. საუბრის ყველა მონაწილე რუსულად ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ჰონჩარუკი ჩანაწერში აღიარებს, რომ „სრული უვიცია ეკონომიკაში“, პრეზიდენტ ზელენსკიზე კი ამბობს, რომ „მას ძალზე პრიმიტიულად ესმის ეკონომიკური პროცესები“.
ოლექსი ჰონჩარუკი შარშან ჩაუდგა სათავეში მთავრობას მას შემდეგ, რაც უმაღლესი რადის არჩევნებში გაიმარჯვა ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“. განათლებით ის იურისტი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. 35 წლის ასაკში ის უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

აშშ-ის არმია: 11 ამერიკელ სამხედროს ჩაუტარდა მკურნალობა 8 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ

ალ-ასადის სამხედრო ბაზა 2020 წლის 8 იანვრის თავდასხმის შემდეგ

აშშ-ის არმია აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების 11-მა მოსამსახურემ გაიარა მკურნალობა, რადგან მათ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდათ ერაყში, სამხედრო ბაზაზე 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის დროს „ამერიკელთაგან არავინ დაზიანებულა“.

მართალია, აშშ-ის არც ერთი სამხედრო არ მოუკლავთ 8 იანვრის თავდასხმისას ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, არაერთს დასჭირდა მკურნალობა აფეთქების შედეგად ტვინის შერყევის სიმპტომების გამო და ისინი ახლაც კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, თქვა 16 იანვარს კაპიტანმა ბილ ურბანმა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა. თავდასხმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩანს ირანი გაჩერდა“ მას მერე, რაც თეირანმა განახორციელა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ერაყის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ირანის მხრიდან იერიში განხორციელდა აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს ერაყის აეროპორტში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის სამაგიეროდ.

ტყვიით მოკლული კუტოიანი მანამდე არც მოწმედ და არც ეჭვმიტანილად არ დაუკითხავთ

სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ ბინაში მკვდარი ნახეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თანახმად, კუტოიანის გვამი ნახეს ერევნის ჩრდილოეთში, საცხოვრებელი არეალის ერთ ბინაში. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ნაირა ჰარუთიუნიანმა ფეისბუკით გაავრცელა ეს ცნობა. მას არ განუმარტავს, 38 წლის კუტოიანმა თავი მოიკლა თუ ვინმემ ესროლა.

მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, არტურ მელიქიანმა განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.

მაგრამ, თქვა მელიქიანმა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიების სხვა მიმართულებასაც არ განვიხილავთ, მათ შორის, მკვლელობის და მკვლელობის შენიღბვის ჩათვლით. მანვე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო 40-ზე მეტი მასრა და ტყვია.


განათლებით იურისტი, კუტოიანი სარქისიანის ასისტენტად მუშაობდა 2011 წლიდან, სანამ, მას, 2016 წელს, მოულოდნელად არ აირჩევდნენ უშიშროების სამსახურის ხელმღვანელად.

ის დაუყოვნებლივ იქნა თანამდებობიდან განთავისუფლებული 2018 წლის მაისში, როცა გამოსვლების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. კუტოიანს მას მერე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და მანამდეც თავშეკავებული და შეუმჩნეველი ფიგურა იყო.

სარქისიანმა გააკეთა განცხადება კუტოიანის მკვლელობის შესახებ და თქვა, რომ გამოძიება გულმოდგინედ უნდა წარიმართოს „საზოგადოების კონტროლის ქვეშ“

კუტოიანი უშიშროების სფეროს მაღალი რანგის ოფიციალური მეორე პირია, რომელიც ბოლო ოთხ თვეში მოკლეს.

ჰაიაკ ჰარუთიუნიანი, სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მისი აგარაკზე ნახეს მოკლული სექტემბერში. გამოძიების თანახმად, მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და გამომძიებლები თვითმკვლელობას ვარაუდობენ. სიკვდილამდე ჰარუთიუნიანი არაერთხელ დაჰკითხეს 2008 წლის არჩევნების შემდგომი ძალადობის თაობაზე.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც იძიებს ამ საქმეს, არმენპრესს უთხრა, რომ კუტოიანი არასოდეს დაუკითხავთ არც როგორც მოწმე და არც როგორც ეჭვმიტანილი.

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დასრულდა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კანდიდატების სია ასეთია:

პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეექვსე კანდიდატი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე წარადგინა იურიდიულმა კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.

მეშვიდე კანდიდატმა - იურისტმა მერაბ გამყრელიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მერვე კანდიდატმა - იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეცხრე კანდიდატი -იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.

მეათე კანდიდატს - იურისტ დავით ზირაქაშვილს რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.

მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.

მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "დამცველი".

მეთექვსმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეჩვიდმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მომართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

თბილისის ზოოპარკი: ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ

„გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები“, - წერს „ფეისბუკზე“ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, „ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები [ჩიჩილაკს] ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს“.

სერგი კაპანაძე: რუსეთს ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა

“არც ამერიკა, არც ნატო და არც რომელიმე დასავლელი პარტნიორი არ აქეზებს არც ერთ ქვეყანას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

„სამწუხაროდ, რუსეთში და კონკრეტულად, კრემლში არსებობს ასეთი იდეოლოგიური ხაზი ბოლო 30 წელია, რომ ნებისმიერი მათი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ღიად სუვერენიტეტის დათმობას და რუსეთისთვის ჩაბარებას არ არჩევს და დასავლურ სტრუქტურებში ინტრეგრაციას არჩევს, მათ მიერ აღქიმება მტრად და აღიქმება სახელმწიფოდ, რომელსაც უნდა ებრძოლო და მოუწყო პროვოკაციები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამ რიტორიკის გაგრძელებად მიიჩნევს სერგი კაპანაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფრენების აკრძალის გამო თბილისისთვის ჭკუის სწავლებაზე.

„რუსეთს რომელმაც ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმზიდველი მოდელის შექმნა მის გარშემო მყოფი ქვეყნებისთვის, ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლებისა, ქვეყანაში მაინც რჩება ძლიარად პროდასავლური განწყობების მქონე საზოგადოება, რომელსაც „არ უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობები“.

„რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფრენების აკძალვაზე უფრო მტკივნეული ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მზაობა და პასუხი უნდა იყოს იმგვარი, რომ ეს საზოგადოებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს“,- მიაჩნია სერგი კაპანაძეს.

ის ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ირიბად ხელისუფლების მხარდამჭერია ხოლმე, „ვინაიდან ნათელია რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები და რომელი არა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“. თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG