Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების შესახებ შეთანხმება დაიცავს საქართველოს


ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა. შეხვედრას საქართველოს საელჩო მასპინძლობდა და მას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის ელჩები ესწრებოდნენ. „ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი - ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა," განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მასთან შეხვედრისას იხუმრა, რომ საქართველო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს - ჩვენი ისტორიის ”ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმების” გარშემო მოლაპარაკებათა ყველაზე სწრაფად დასრულებისთვის. „მე ვიქნები კიდევ უფრო ბედნიერი, თუ ჩვენ რეკორდს მოვხსნით ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების უსწრაფესი და ყველაზე ეფექტიანი იმპლემენტაციის გამო. ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ყველაზე კარგ დამცველს შიდა თუ გარე გამოწვევებისგან. ის გაგვიხსნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩვენი ბიზნესისთვის; საშუალება მოგვეცემა, მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის პროგრამებში; ეს გააძლიერებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ყოველივე ეს ავტომატურად მოგვცემს საშუალებას, ავაშენოთ აყვავებული, თავისუფალი და ევროპული საქართველო, რაც წარმოადგენს ჩვენს საბოლოო მიზანს, ” აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე საქართველოს ევროპული არჩევნის ურყეობაზე გაამახვილა ყურადღება ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. მოხსენების სახელწოდება იყო: "საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე - პრიორიტეტები და გამოწვევები." ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 3-5 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG