Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ნაბიჯს გადადგამს სამიტზე საქართველოსთან მიმართებით


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ნაბიჯს გადადგამს სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებით. ამ თემას ის შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელებთ იმ ქვეყნების შეფასებას, რომლებიც მიისწრაფიან ნატოში გაწევრიანებისაკენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ გაცილებით უფრო გვიან ეტაპზე, როცა მოახლოვდება სამიტი. როგორც აღვნიშნე, საქართველოში ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს და მჯერა, რომ ამ პროგრესს ცნობენ და სათანადოდ გაითვალისწინებენ ამ სამიტზე“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. რუსეთის პოზიციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ მესამე მხარე ვერ გადაწყვეტს, როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ და უნდა განახორციელოს თუ არა ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ თავის რიგებში მიიღებს საქართველო, როცა ის სათანადო პირობებს შეასრულებს.
XS
SM
MD
LG