Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი: 40 პროცენტით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა


საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა 2013 წელს 40%-ით გაიზარდა. „ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციას "რია ნოვოსტიზე" დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რუსეთი კვლავაც შეეცდება, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მიმოსვლა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. "გასული წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით კულტურული, სპორტული და რელიგიური კავშირების, საქმიან წრეებს შორის კონტაქტების მნიშვნელოვნად გამოცოცხლება, რომელიც მანამდე უბრალოდ იბლოკებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ დანერგილი რეჟიმით – მტრული ატმოსფეროთი. 2013 წელს რუსულმა მხარემ 40%-ით მეტი ვიზა გასცა საქართველოს მოქალაქეებზე, ვიდრე 2012 წელს. ამავდროულად, ჩვენ უფრო მოქნილად ვუდგებით მოქალაქეების კერძო ვიზიტების ვიზების გაფორმებას, დავეხმარეთ ადამიანებს ნათესაური კავშირების შენარჩუნებაში. მომავალში შევეცდებით, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამავდროულად, მოსკოვი ყველა ფაქტორს გაითვალისწინებს – როგორც ვიზის ლიბერალიზაციის ხელშემწყობ, ასევე უარყოფით ქმედებებს. "ნეგატიურ ქმედებებს შორის პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონაა, ასევე ის ფაქტი, რომ ქართული მხარის მოთხოვნით, თბილისში ერთობ შეზღუდულია დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა შვეიცარიის საკონსულოში არსებულ ჩვენს სექციაში", - დასძინა გრიგორი კარასინმა.
XS
SM
MD
LG