უკრაინის პარლამენტმა „ვეხროვნა რადამ“ ხუთშაბათამდე გადადო კოალიციური ეროვნული ნდობის მთავრობის ფორმირება. კენჭისყრა ამ საკითხზე სამშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობასაც ითავსებს, კონსულტაციებისათვის დამატებითი დრო ითხოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოალიციური მთავრობის დამტკიცების საკითხის გადადება ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და „ევრომაიდნის“ მემარჯვენე ძალებს შორის სამთავრობო პოსტების გადანაწილების საკითხში წამოჭრილ უთანხმოებას ეხება. კერძოდ, „მემარჯვენე სექტორის“, „თავდაცვის ძალების“ და წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა რადიკალური ნაწილის მოთხოვნაა, რომ მთავრობის წვერთა კანდიდატები მათთან კონსულტაციებით შეთანხმდეს. ამავდროულად, დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატები მოუწოდებენ უკრაინის ახალ ლიდერებს, რათა სასწრაფოდ გაატარონ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რაც ფინანსური დახმარების გარანტიას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსი სამშაბათს ჩადის კიევში, მანამდე კი უკრაინაში მყოფი ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი სამშაბათ დილით უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შეხვდა. ვაშინგტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება შეუჩერა, აღარ წარმოადგენს „მოქმედ პრეზიდენტს“. თუმცა, თეთრი სახლი ჯერჯერობით არ ჩქარობს ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად რომელიმე პოლიტიკოსის ცნობას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი კი დღემდე უცნობია.
ყველაზე პოპულარული
1