Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი შინა პატიმრობაში მოათავსეს


მოსკოვში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი თვით შინა პატიმრობა შეეფარდა რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის. მას აეკრძალა ინტერნეტის გამოყენება და მედიასთან საუბარი. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების მოთხოვნა 28 აპრილამდე ნავალნის წინასწარ შინა პატიმრობაში მოთავსების შესახებ. ამასობაში გრძელდება გამოძიება ალექსეი ნავალნის და მისი ძმის, ოლეგის წინააღმდეგ, ფულის გაფლანგვაში და ფულის გათეთრებაში ბრალდების საფუძველზე. ალექსეი ნავალნიმ მის შინა პატიმრობაში მოთავსებამდე მიმართა სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს და თქვა, რომ თანამოაზრეებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ: „ვსარგებლობ რა ბოლო შესაძლებლობით, მსურს მედიას ვუთხრა, რომ გამოძიება აშკარად უკანონოა. ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ მომხდარით მიზნად ისახავენ ერთადერთ რამეს - უბრალოდ, შეზღუდონ ჩემი შესაძლებლობები, გავაგრძელო კორუფციის გამოძიება“, უთხრა ალექსეი ნავალნიმ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მოსკოვში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შინა პატიმრობაში მის მოთავსებაზე. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ნავალნიმ დაარღვია სასამართლოს წინა გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნა - არ გასულიყო მოსკოვიდან.
XS
SM
MD
LG