Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მისტერ პუტინია, რომელიც გამყოფ ხაზებს აშენებს“


ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის საგანგებო დავალებათა ელჩები დვანში
ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის საგანგებო დავალებათა ელჩები დვანში
გორთან ახლოს, სოფლების არბოსა და ბერშუეთის თავზე, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ამ დროს კი ევროპელი დიპლომატები დვანში მავთულხლართებით გაყოფილ ტერიტორიებს ათვალიერებდნენ. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტად მყოფი ყოფილი ევროკომისარი გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი. ევროპელმა დიპლომატებმა დვანში მოინახულეს დანგრეული სახლები, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინეს მათი პრობლემები. სოფლის გასასვლელთან აღმართულ მწვანე ბანერთან, რომელსაც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ აწერია, ფოტოები გადაიღეს, მაგრამ მათ ფოტოებს რუსეთის მესაზღვრეებიც უღებდნენ, რომლებიც სოფლის მიმდებარე მთაზე მოწყობილი საგუშაგოდან აკვირდებოდნენ სტუმრების გადაადგილებას. ლიტვის წარმომადგენელს ვაილიტას ვირბას დვანში სტუმრობისას ბერლინის კედელი გაახსენდა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია ნათელია - ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

„ეს მისტერ პუტინია, რომელიც გამყოფ ხაზებს აშენებს“, - ამბობს
ყოფილი ევროკომისარი გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი. მას დვანში ცივი ომის პერიოდი გაახსენდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილის აზრით, მსოფლიოს, უკრაინის პარალელურად, არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდება საქართველოში და ევროპელი დიპლომატების დვანში ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურება.

დვანელები აცხადებენ, რომ სოფელთან ახლოს ხშირად ისმის აფეთქებების ხმა, რაც მათ შეშფოთებას იწვევს. ქეთევან ციხელაშვილს დვანელებმა საკუთარი პრობლემების შესახებ უამბეს. გადაუჭრელია სარწყავი წყლის საკითხი. მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებული ნაკვეთების ნაცვლად ალტერნატიულ ფართობებს ითხოვს. გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს სატელეფონო კავშირი და არის შემთხვევები, როცა სოფელი მთლიანად სწყდება ხოლმე გარე სამყაროს. ციხელაშვილმა დვანელებს პირობა მისცა, რომ პრობლემები თანდათნობით მოგვარდება.
XS
SM
MD
LG