Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაახლეს კამპანია “ეს შენ გეხება”


დღეიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაახლეს კამპანია “ეს შენ გეხება,” რომლის მიზანია მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენის აღკვეთა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განცხადებით, ქვეყნის წინა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ ჰქონდა და დაამკვიდრა ცუდი პრაქტიკა, როდესაც შსს-მ მობილური ოპერატორების სერვერებზე დაამონტაჟა ე.წ. შავი ყუთები. გიგაურის თქმით, სამოქალაქო სექტორს იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ამ პრაქტიკას შეცვლიდა, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღესაც გვისმენენ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. მან აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში შსს-ს შეუძლია მოუსმინოს მინიმუმ 21 ათას ადამიანს. გიგაურის განცხადებითვე, არ არსებობს მონიტორინგის არანაირი მექანიზმი, დღევანდელი კანონმდებლობა კი შსს-ს აძლევს განუსაზღვრელი მოსმენის შესაძლებლობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელის განმარტებით, განახლებული კამპანიის - “ეს შენ გეხება“ - მიზანია, რომ სისტემა და შესაბამისი კანონმდებლობა შეიცვალოს. ამასთან, კამპანიის ინიციატორები განმარტავენ, რომ მათი ამოცანაა არა ფარული მოსმენების საერთოდ აღკვეთა, არამედ რეგლამენტირება და სასამართლოს მკაცრ კონტროლს დაქვემდებარება. თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავები უკანონოდ არავის უსმენენ, მოსმენის შემთხვევაში კი სასამართლოს ნებართვა არსებობს.
XS
SM
MD
LG