Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის და ლავროვის სატელეფონო საუბარს შედეგი არ მოჰყოლია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამშაბათს სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინის კრიზისის გარშემო, მაგრამ მათ დიალოგს შედეგი არ მოუტანია. კერი ლავროვს მას მერე ესაუბრა, რაც მიიღო პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც აშშ-მა რუსეთს გაუგზავნა მოსკოვის მზადყოფნის შესახებ, დიპლომატიური გზით მოგვარდეს კრიზისი. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთის პასუხებმა ცხადჰყო, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა. მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ლავროვმა კერის განუმარტა: უკრაინის კრიზისის მოგვარებისას გასათვალისწინებელია ყველა უკრაინელის ინტერესი და პატივი უნდა „ვცეთ ყირიმის მოსახლეობის უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი“. ყირიმის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ძალების მიერ, პარლამენტის პრორუსულმა დეპუტატებმა დაამტკიცეს დეკლარაცია, რომლის თანახმად რესპუბლიკა დამოუკიდებელი უნდა გახდეს. კვირას ყირიმში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს მართავენ.
XS
SM
MD
LG