Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი


საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მთავრობა ეძებს გზებს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება, ერთი მხრივ, საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებით და, მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ცოდნის მიღებით. პრემიერის განმარტებით, საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელსაც მეთვალყურეობას თავად გაუწევს, კონსოლიდირებული იქნება საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსებიც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრის მეშვეობით სახელმწიფო დააფინანსებს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს და ამასთან, უპირატესობა მიენიჭება საქართველოში დეფიციტურ მიმართულებებს, რომლებსაც სპეციალური კვლევებით გამოავლენენ. გარდა ამისა, ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები ვალდებული იქნებიან საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთონ. უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომლებიც თბილისში სწავლობენ, საერთო საცხოვრებელი აშენდება.
XS
SM
MD
LG