Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ დაამტკიცა რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“ რეზოლუცია, რომელშიც უკანონოდ ცხადდება ყირიმის რეფერენდუმი რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ. რეზოლუციას მიემხრო 100 ქვეყანა, წინააღმდეგი იყო 11, თავი შეიკავა 58-მა. 11 მოწინააღმდეგეს შორის არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ბოლივია, კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პირველი გამომსვლელი იყო უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანდრეი დეშჩიცია. მან მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის მოქმედება: „ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, არის გაეროს ქარტიის პარდაპირი დარღვევა. ბევრს ჯერ კიდევ უჭირს რეალობის დაჯერება. ეს მოხდა უკრაინაში, ევროპის შუაგულში, ეს მოხდა 21-ე საუკუნეში“. უკრაინელი მინისტრის შემდეგ, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოვიდა გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყნის ნაბიჯები. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისაგან განსხვავებით, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ვეტოს ვერ ადებენ, მაგრამ ამ რეზოლუციების შესრულება სავალდებულო არ არის - ისინი უბრალოდ ასახავს მსოფლიოში გავრცელებულ აზრს.
XS
SM
MD
LG