Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუვალუმ შეცვალა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება


ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გადაწყვეტილება შეცვალა წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფო ტუვალუმ. მისი სამთავრობო დელეგაციის თბილისში სტუმრობისას ტუვალუს საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს. ტუვალუ და საქართველო შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობას განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა მეგობრობის, თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპთა საფუძველზე. თბილისში დღეს ხელმოწერილი ოქმით, ტუვალუ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოქმის ხელმოწერით ტუვალუ უარყოფს 2011 წლის გადაწყვეტილებას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ცალსახად ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ტუვალუს გადაწყვეტილება იქნება მაგალითი იმ რამდენიმე ქვეყნისთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG