Accessibility links

ახალი ამბები

იაპონიის მთავრობამ ევაკუირებულების ნაწილს ფუკუსიმასთან დაბრუნების ნება მისცა

იაპონიის ხელისუფლებამ 350-ზე მეტ ევაკუირებულ პირს უფლება მისცა 1 აპრილიდან დაბრუნდეს ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მცირე ნაწილში. სამი წლის წინ დაზიანებული ატომური რეაქტორის ირგვლივ 20 კილომეტრიანი ზონა საცხოვრებლად აკრძალულად გამოცხადდა მაღალი რადიაციის გამო. ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ქალაქ ტამურას მიდამოებში რადიაციის დონე საკმარისად დაბალია იმისათვის, რომ ეს ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისად გამოცხადდეს. თუმცა, ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი, ვისაც დაბრუნების ნება დართეს, თავს იკავებს დაბრუნებისგან, ისევ და ისევ რადიაციული დაბინძურების შიშის გამო. 2011 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქებიდან 160 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი მესამედი კვლავაც დროებით საცხოვრებლებში რჩება.

ყველა ახალი ამბავი

კიმ ჩენ ინი პუტინთან შესახვედრად რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავისი ჯავშნიანი მატარებლით ჩავიდა ვლადივოსტოკში, სადაც 25 აპრილს გაიმართება მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, კიმს პურით, მარილით და წითელი ხალიჩით დახვდნენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რამდენიმე საათით ადრე ფხენიანიდან ვლადივოსტოკში თვითმფრინავით ჩაიტანეს კიმ ჩენ ინის ჯავშნიანი „ლიმუზინი.“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ვლადივოსტოკის კუნძულ რუსკიზე გაიმართება. მის გარშემო აკვატორია სამი დღით დაიკეტა მცირე ზომის გემებისთვის.

25 აპრილს, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული თანამშრომლობა და ბირთვული განიარაღების საკითხი.

2018 წლის ივნისში და 2019 წლის თებერვალში კიმ ჩენ ინი ჯერ სინგაპურში, შემდეგ კი ვიეტნამში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ამ მოლაპარაკებების მიზანი იყო ფხენიანს უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე, რასაც საერთაშორისო სანქციების გაუქმება მოჰყვებოდა, თუმცა, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ესპანეთი რუსეთისგან ითხოვს ტარიელ ონიანის გადაცემას

ტარიელ ონიანი

ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის გადაცემის თხოვნით.

„დოიჩე ველემ“ მოიპოვა დოკუმენტის ასლი, რომლის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ტარო“ ესპანეთში ბრალდებულია უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზებაში კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად.

ესპანეთის პროკურატურა ითხოვს ტარიელ ონიანის 8 წლით და 6 თვით დაპატიმრებას და 50 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდას.

38 გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, ტარიელ ონიანი ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდა 1995-დან 2005 წლის ჩათვლით და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიასა და ევროპის ქვეყნებში გამოძალვის და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებულ თანხებს გათეთრების მიზნით აბანდებდა სამშენებლო და რესტორნების ბიზნესში.

ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანის დაპატიმრების ორდერი 2005 წელს გასცა. იმავე წელს ესპანეთის პოლიციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომლის შედეგად დააკავა 30-ზე მეტი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი.“ თუმცა, ტარიელ ონიანმა გაქცევა მოასწრო და მოგვიანებით რუსეთში დაბრუნდა.

„დოიჩე ველესთან“ საუბრისას ესპანეთის პროკურატურის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ონიანის საკითხში მოსკოვთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ესპანეთს ეჭვმიტანილებს პრაქტიკულად, არასდროს გადასცემს. პროკურატურის ოპტიმიზმის საფუძველია ის ფაქტი, რომ ონიანის დაკავების საერთაშორისო ორდერი ინტერპოლის მიერაა გაცემული.

2019 წლის 9 აპრილს, ტარიელ ონიანი რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე კოლონიიდან გათავისუფლდა. მას 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გამოსასყიდის მისაღებად მოსკოველი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით.

კოლონიიდან ონიანის გათავისუფლებამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობები, რომ მას რუსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აღარ არის.

რუსული მედია ადვოკატებზე დაყრდნობით წერდა იმასაც, რომ ონიანს არც საქართველოს მოქალაქობა აქვს და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში გამგზავრებას გეგმავს.

1952 წელს, ტყიბულში დაბადებულმა ტარიელ ონიანმა, რომელიც ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა, საქართველო წლების წინ დატოვა. 80-იან წლებში სარგებლობდა მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდის“ სტატუსით. ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი „ახალი პოლიტიკური ძალებით“ ჩაერთვება საპარლამენტო არჩევნებში

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ჰროისმანი აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ამას არ გააკეთებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიით.

ჰროისმანმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვება „ახალი პოლიტიკური ძალებით“.

„ცხადია, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს კარგი რეპუტაციით, ადამიანებს, ვინც არამარტო ლაპარაკობს, არამედ რეალური საქმის კეთებაც შეუძლია“, განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

ჰროისმანი 2014 წელს გახდა პარლამენტის წევრი პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სიით. 2014 წლის ნოემბერში ის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, 2016 წლის აპრილიდან კი პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია.

ჰროისმანი, სავარაუდოდ, დარჩება მთავრობის ხელმძღვანელად ოქტომბრის არჩევნებამდე.

პოროშენკო, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტურში დიდი უპირატესობით აჯობა მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ, აცხადებს, რომ პოლიტიკაში რჩება და რომ ზელენსკის „ძლიერი ოპოზიცია“ ჰყავს პარლამენტში.

ტრამპის მრჩეველი აპირებს, რამადანის შემდეგ წარმოადგინოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა

თეთრი სახლის მრჩეველი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, აცხადებს, რომ წელს რამადანის შემდეგ წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას. მუსლიმთა დღესასწაული რამადანი 4 ივნისს დამთავრდება.

როგორც კუშნერმა 23 აპრილს გამოაცხადა, გეგმა ითვალისწინებს „მყარ ბიზნეს-გეგმას“ პალეტსინელებისათვის და უსაფრთხოების გარანტიებს ისრაელისათვის, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს „მძიმე კომპრომისებზე“ წასვლა.

კუშნერმა ნიუ-იორკში ფორუმზე გამოსვლისას თქვა ასევე, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს აპირებდა თავისი გეგმის წარმოდგენას, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ იმ პერიოდში არჩევნები დანიშნა, ახლა კი დრო სჭირდება მთავრობის შესადგენად. ეს პროცესი რომ დასრულდება, კუშნერის ვარაუდით, რამადანი იქნება დაწყებული, რის გამოც მას საჭიროდ მიაჩნია დაცდა.

ვაშინგტონის ადმინისტრაცია პალესტინელების უკმაყოფილებას იწვევს თავისი რამდენიმე ნაბიჯით, მათ შორის 2017 წლის გადაწყვეტილებით ისრაელში თავისი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.

ორი ტურისტი დაშავდა ბათუმის ბულვარში ელექტრომობილის შეტაკების გამო

ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში ქვეითად მოსიარულე ტურისტებს ელექტრომობილი დაეჯახა. შედეგად, ისრაელის ორი მოქალაქე დაშავდა. ერთმა მსუბუქი, მეორემ კი მძიმე დაზიანება მიიღო. მედიკოსების ინფორმაციით, მას ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. პაციენტი ითხოვს სამშობლოში დაბრუნებას და ოპერაციის იქ გაკეთებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ელექტრომობილი, რომელსაც დამსვენებლები მართავდნენ, სავარაუდოდ, სწრაფად მოძრაობდა ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ. ინფორმაციას ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს. აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის თანახმად, ბათუმის ზღვისპირა პარკში, რეკრეაციულ სივრცეში, დაუშვებელია ველოსიპედის გარდა სხვა ტრანსპორტით მოძრაობა და გადაწყვეტილება, რომლითაც 1 მაისიდან ელექტრომობილებს ეკრძალებათ ბათუმის ბულვარში მოძრაობა, დროული და აუცილებელია.

გადაწყვეტილება ელქტრომობილებისა და კვადროციკლების მოძრაობის აკრძალვის შესახებ ბათუმის საკრებულომ 5 მარტს მიიღო, რასაც ელექტროტრანსპორტის 100-მდე მეპატრონის საპროტესტო აქცია მოჰყვა ბათუმსა და თბილისში. ისინი ითხოვენ 2019 წლის ზაფხულის ბოლომდე 1300-ის ნაცვლად 300 ელექტრომობილს მიეცეს ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასა და ქალაქის საკრებულოში კი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებენ, რადგან საგანგაშოდ მიაჩნიათ გასულ წლებში ელექტრომობილებით დაშავებული ადამიანების რაოდენობა. 51 ადამიანის (უმრავლესობა ბავშვია) დაშავების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ასობით საჩივარი კი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაშია შესული.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა შრი-ლანკის აფეთქებებზე

კოლომბო, 2019 წლის 23 აპრილი: წმინდა ანტონის სალოცავთან შეკრებილი ხალხი

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მან მოაწყო 21 აპრილს აფეთქებები, რომლებმაც შრი-ლანკაში 320-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ექსტრემისტების გაერთიანებამ გაავრცელა იმ რვა ადამიანის ფოტო, რომელიც, მისი თქმით, თავდასხმების უკან დგას.

„ისლამური სახელმწიფო“ თავის საინფორმაციო სააგენტო „ამაყით“ 23 აპრილს გავრცელებულ ცნობაში წერს, რომ აღდგომის დღესასწაულზე მოწყობილი აფეთქებები მიმართული იყო „კოალიციაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებისა და ქრისტიანების“ წინააღმდეგ და განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ“.

შრი-ლანკელი ოფიციალური პირები ადგილობრივი ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფს ადანაშაულებენ სასტუმროებსა და ეკლესიებზე თავდასხმაში. აფეთქებები მოეწყო ეკლესიებში სააღდგომო წირვის მიმდინარეობისას.

დაიღუპა, სულ ცოტა, 321 და დაიჭრა 500-მდე ადამიანი.

პოლიციის ცნობით, 40 ადამიანი იქნა დაკავებული დედაქალაქ კოლომბოსა და მის მახლობლად მოწყობილ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანით.

სულ ცხრა აფეთქებამ შეარყია ეკლესიები, სასტუმროები და სხვა ობიექტები, რაც მიჩნეულია ძალადობის ყველაზე მასშტაბურ აქტად ათი წლის წინ სამოქალაქო ომისთვის ბოლოს მოღების შემდეგ.

უკრაინაში ხმების მთლიანად დათვლის შედეგებით, ზელენსკის მიემხრო ამომრჩეველთა 73%

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგებით, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ერგო ხმების 73,22%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზელენსკის ხმა მისცა 13,5 მილიონამდე ადამიანმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი მიიღო ხმების 24%, რაც 4,5 მილიონამდე ადამიანს შეესაბამება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუქმებულად გამოაცხადა ბიულეტენების 2%.

იუწყებიან აგრეთვე, რომ 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდა ელექტორატის 61% პროცენტი.

ზელენსკი 3 ივნისამდე უნდა შეუდგეს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

23 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ნიქოზის მცხოვრებლები, გაბრიელ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა ისინი აიყვანეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ოჯახს უკვე აცნობეს, რომ დაკავებულები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდას ითხოვენ. გორის მერის წარმომადგენელი ნიქოზის თემში, გია ლაზარაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ინციდენტი სამართალდამცავებისთვის უკვე ცნობილია და, დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, მოლაპარაკებას აწარმოებენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიქოზელების დაკავების ფაქტს ადასტურებს - „ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“ - აცხადებენ სუს-ში.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ აჭარის ტელევიზია სანდოობას შეინარჩუნებს

ბათუმში მყოფმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტების კითხვაზე, რას ფიქრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, განაცხადა: იმედია, ტელევიზია, რომელიც არაერთი კვლევის თანახმად სანდო მედიაა, შეინარჩუნებს თავის რეპუტაციას:

“მე ვიცი ამ სიტუაციის შესახებ. ჩემი თანამშრომლები მაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. გეტყვით, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ტელევიზიის სანდოობას. ბევრ შეფასებაში ეს იქნა აღნიშნული, განსაკუთრებით კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გაშუქებისას და, მართლაც, აქვს ამ ტელევიზიას სანდოობის რეპუტაცია და იმედია, ეს შენარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას”.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, ნათია კაპანაძეს, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა 19 აპრილს გამოუცხადა. თავის მხრივ, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს.

ლატვიაში კონსტიტუციურად ცნეს სკოლებში სწავლების მთლიანად ლატვიურ ენაზე გადასვლა

რიგა, 2018 წლის 2 ივნისი: მსვლელობა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების ლატვიურ ენაზე გადასვლის გასაპროტესტებლად

ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო გადაწყვეტილება ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში სწავლების ლატვიურ ენაზე გადასვლის შესახებ.

სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე სანიტა ოსიპოვას განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

2018 წელს ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეეიონისმა ხელი მოაწერა ცვლილებებს განათლების შესახებ კანონში, რაც გულისხმობს ეროვნულ უმცირესობათა სკოლების - უმეტესწილად, რუსულენოვანების - 2020 წლიდან გადასვლას ლატვიურ ენაზე. ამავე ცვლილებებით, აკრძალულია რუსულად სწავლება კერძო სასწავლო დაწესებულებებში.

ევროპის საბჭოს მონაცემებით, ლატვიაში ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი 223 ათასამდე ადამიანი, რომელსაც მინიჭებული აქვს „არამოქალაქის“ სამართლებრივი სტატუსი და სხვა ქვყნების მოქალაქე 56,5 ათასამდე ადამიანი. მათი, დაახლოებით, სამი მეოთხედია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

შინ ლატვიურად ლაპარაკობს მოსახლეობის 62%-ზე ცოტა მეტი, ხოლო რუსულად - 37%-ზე მეტი. რუსულენოვანი მოქალაქეების 90%-მდე ფლობს ლატვიურ ენას.

ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელმაც დრო დაუთმო ამ თემას და დიდი მადლობა თქვენ“, თქვა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა, გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

ჯიბღაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

„ფორბსმა“ გამოაქვეყნა ლონდონში რუსების კუთვნილი უძვირესი სახლების სია

რუსი მილიარდერები რომან აბრამოვიჩი (მარჯვნივ) და ალიშერ უსმანოვი

გამოცემა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ლონდონში რუსების კუთვნილი ყველაზე ძვირადღირებული სახლების სია.

სიაში სულ 29 ობიექტია. „ფორბსის“ თანახმად, მათგან ყველაზე ძვირი ეკუთვნის ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორსა და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს. კენსინგტონ-პელას გარდენსის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლი შეფასებულია 170 მლნ გირვანქა სტერლინგად. აბრამოვიჩმა ის 2011 წელს შეიძინა.

აბრამოვიჩს ეკუთვნის კიდევ ერთი ობიექტი „ფორბსის“ უძრავი ქონების სიაში: 30 მლნ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ბინები ლოტს როდის ქუჩაზე.

სიაში მეორე ადგილზეა მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული სასახლე, რომელიც, „ფორბსის“ თანახმად, 150 მლნ გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ითვლება ბრიტანეთში სიდიდით მეორე კერძო სახლად ბუკინგემის სასახლის შემდეგ.

ადრე სახლი ეკუთვნოდა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინას, ახლა კი ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილ წევრს მურმანსკის ოლქიდან, კომპანია „ფოსაგროს“ მფლობელ ანდრეი გურევს.

ლონდონში რუსების კუთვნილი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების სამეულში შედის აგრეთვე 80 ჰექტარზე გადაშლილი მამული ბერკშირში.

მისი მფლობელია მოსკოვის ბანკის ყოფილი უფროსი, ანდრეი ბოროდინი, რომელზეც რუსეთს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. ეს ობიექტიც 150 მილიონი გირავანქა სტერლინგი ღირს.

როს უილსონი: არ მოხდა გაცემული რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება

როს უილსონი

ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, თქვა, რომ აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ მაღალი ნდობის მქონე მოსამართლეები:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოში, რადგან ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოგეხსენაბთ, ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ ბოლოს მიღებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ არ იქნა ადეკვატურად და სრულად გათვალისწინებული ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია თავად პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ - შესაბამისად, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების მაღალი ნდობა“.

ოპოზიცია ია კერზაიას საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის იდეა პარტია „ევროპულ საქართველო“ ეკუთვნის. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე დეპუტატებმა განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, დახურულ ფორმატში შეხვდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაში გამოძიების პროცესში პროკურატურის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მოვითხოვეთ, რომ ამ სხდომაზე მოსულიყო პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენთვის ჩაებარებინა ანგარიში, როგორ მიდის გამოძიება ია კერზაიას საქმეზე, თუმცა მივიღეთ წერილი მარიამ ჯაშისგან, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება... ბაჩანა შენგელიას კიდევ ერთხელ მოვსმენთ, უკვე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტმა შექმნას მოკვლევის კომიტეტი და თვითონ შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე. ხოლო თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს ამ საქმის შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის პასუხად უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ია კერზაიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს: „მოწმეთა გარკვეული ნაწილი დაკითხულია, ნაწილი არ არის დაკითხული, დრო გადის და წინააღმდეგობაც ამაშია. ვფიქრობთ, პროკურატურამ მაქსიმალურად აქტიურად გამოიჩინოს მარიფათი“, - ამ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

როს უილსონი: „უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ მაღალი ნდობის მქონე  მოსამართლეები“

როს უილსონი

ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, თქვა, რომ აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ მაღალი ნდობის მქონე მოსამართლეები:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოში, რადგან ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოგეხსენებათ, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ ბოლოს მიღებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ არ იქნა ადეკვატურად და სრულად გათვალისწინებული ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია თავად პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ. შესაბამისად, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების მაღალი ნდობა“.

უილსონი: მნიშვნელოვანია პანკისში პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე

როს უილსონი

ბათუმში მყოფმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პანკისის ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე:

„ჩვენ ვაკვირდებოდით პანკისში განვითარებულ მოვლენებს და უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და ასევე იყო გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რეგიონს განვითარება ესაჭიროება და ამისათვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება. შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, იმისთვის რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში“.

ბულგარეთში 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს ჟურნალისტის მკვლელობისათვის

ბულგარეთში სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა კაცს, რომელიც დამნაშავედ ცნო ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

30 წლის ჟურნალისტის გვამი შარშან ოქტომბერში იპოვეს მდინარე დუნაის ნაპირზე ქალაქ რუსეში. ის გარეთ, სავარაუდოდ, ვარჯიშობდა, როცა თავს დაესხნენ. პროკურორების თანახმად, დანაშაულს არ ჰქონდა კავშირი მსხვერპლის პროფესიასთან.

21 წლის სევერინ კრასიმიროვმა თავი დამნაშავედ ცნო გაუპატიურებასა და მკვლელობაში. ის დააკავეს გერმანიაში და ბულგარეთს გადასცეს მკვლელობიდან ერთ კვირაში. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კრასიმიროვი მარტო მოქმედებდა.

ირაკლი კობახიძე პანკისზე: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც კანონი დაარღვია

პანკისში, 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც დაარღვია კანონი, ვინც პოლიციას თავს დაესხა და წინააღმდეგობა გაუწია, უნდა დაისაჯოს.

ჰესის მშენებლობაზე კი კობახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს წინასწარ,ვიდრე რაიმე პროექტის განხორციელება დაიწყება.

„მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, რომ მომავალში აღარ მოხდეს ის, რაც ჩვენ ვნახეთ პანკისში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ვესაუბროთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ვიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

ტრამპი დედოფლის მიწვევით, სახელმწიფო ვიზიტით ჩავა დიდ ბრიტანეთში

ლონდონი, 2018 წლის 13 ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო დედოფალ ელისაბედ მეორის მიწვევა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასასვლელად.

ლონდონმა და ვაშინგტონმა 23 აპრილს გამოაცხადეს, რომ ტრამპი მეუღლესთან ერთად 3-5 ივნისს ესტუმრება დიდ ბრიტანეთს.

ის შეერთებული შტატების სულ მესამე ლიდერია, რომელიც ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩადის. ბრიტანეთის მონარქის სტუმრებს შორის ბევრი სხვა ამერიკელი პრეზიდენტიც ყოფილა, მაგრამ ტრამპამდე მხოლოდ ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას ხვდა წილად სახელმწიფო ვიზიტით მიწვევა.

ბრიტანეთში ფართოდ არის გავრცელებული კრიტიკული დამოკიდებულება ტრამპის მიმართ. 2018 წელს ლონდონის ქუჩებში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა მისი ვიზიტი.

მაშინდელი აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვლავ „უზარმაზარ დემონსტრაციებს“ მოაწყობენ ტრამპის წინააღმდეგ.

მისი ვიზიტი დაემთხვევა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოპერაცია „ნეპტუნის“ (ნორმანდიის სანაპიროზე დასავლელი მოკავშირეების გადასხმის) 75-ე წლისთავის აღნიშვნას.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი და პირველი ლედი 6 ივნისს ჩავლენ საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ საიუბილეო ღონისძიებებში და შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

მოსკოვი და ფხენიანი ადასტურებენ, რომ 25 აპრილს გაიმართება პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა

რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ადასტურებენ, რომ 25 აპრილს გაიმართება ორი ქვეყნის ლიდერების, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ 23 აპრილის ცნობით, შეხვედრისათვის შეირჩა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქი ვლადივოსტოკი. ამავე წყაროს თანახმად, არ იგეგმება რაიმე სახის შეთანხმების გაფორმება, ან ერთობლივი განცხადებით გამოსვლა.

ასევე 23 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ პუტინმა კიმი რუსეთში მიიწვია. ცნობაში ნათქვამი არ არის, სად გაიმართება შეხვედრა.

მზადების ფონია შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გარშემო დაძაბულობისათვის ბოლოს მოსაღებად. 2018 წლის ივნისსა და 2019 წლის თებერვალში გაიმართა ამიტები, რომლებზეც ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე.

ვანშიგნტონი გამოდის მესამე სამიტის გამართვის წინადადებით, მაგრამ ჩრდილოეთმა კორეამ 18 აპრილს მოითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოშორება მომავალი მოლაპარაკებებიდან.

მარტში აშშ-მა სანქციების ახალი წყება დაუწესა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის გამო.

თბილისი პრაიდის განცხადებით, შსს დაიცავს "ღირსების მარშის" უსაფრთხოებას

თბილისი პრაიდის გუნდის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაპირდა, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება და ამისთვის პოლიცია ყველაფერს გააკეთებს.

შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს გააცნო მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

„პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს თბილისი პრაიდის გუნდი.

მათივე განცხადებით, თბილისი პრაიდის მიზანია საქართველოში გაიზარდოს მიმღებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას უფლებრივი თანასწორობისკენ.

„ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, - ვკითხულობთ თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე.

თბილისი პრაიდის კვირეული ივნისშია დაგეგმილი.

ნადია სავჩენკო პარლამენტში დაბრუნდა ციხიდან გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ

კიევი, 2019 წლის 23 აპრილი: ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტში დაბრუნებისას

უკრაინელი პარლამენტარი ნადია სავჩენკო ვერხოვნა რადაში დაბრუნდა სულ ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაათავისუფლეს ციხიდან. მან წელიწადზე მეტი დაჰყო წინასწარ პატიმრობაში უკრაინის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით.

23 აპრილს სავჩენკომ განაცხადა, რომ რჩება პოლიტიკაში და არ არის ოპოზიციაში ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელმაც 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დიდი უპირატესობით აჯობა მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

„ჩემთვის საკმარისი იყო (მისი) პროგრამის წაკითხვა. ბევრი ისეთი პუნქტია, რომელზეც მე სამი წლის წინ ვლაპარაკობდი“, განაცხადა სავჩენკომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სავჩენკო 16 აპრილს გაათავისუფლეს, რადგან წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის აღარ გაუგრძელებიათ.

ნადია სავჩენკომ სახელი გაითქვა, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობაში სეპარატისტებმა დააკავეს და გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც 2 წელი დაჰყო ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად. 2016 წლის მაისში, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შედეგად სავჩენკო შინ დაბრუნდა, მას ეროვნულ გმირად აღიარებდნენ. მაგრამ 2018 წლის 22 მარტს მას პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნეს ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ბრალდებით.

სავჩენკო თავს უდანაშაულოდ ცნობს. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გამოაცხადა, რომ ბრალდებები ძალაში რჩება. უკრაინის მედიის ცნობით, მის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 7 მაისს გაიმართება.

"ომეგას" დირექტორი: კომპანიას ძირს უთხრიან ივანიშვილის მითითებით

„გაქვთ მითითება ძირგამომთხრელი პოლიტიკა აწარმოოთ კომპანია „ომეგას“ წინააღმდეგ და ამ მითითებას იღებთ ბიძინა ივანიშვილისგან“, - განცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მისული იყო ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, 5 მარტს „ომეგას“ წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს შესთავეზეს, რომ კომპანია გრაფიკით სრულად გადაიხდიდა როგორც ძირითად გადასახადს, ასევე საურავს, თუმცა, აღდგომელაშვილის თქმითვე, „ომეგამ“ შეთავაზებაზე უარი მიიღო.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორის ამ განცხადების პასუხად, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია ითხოვდა დავალიანების გაყინვას 3 წლის განმავლობაში ისე, რომ „კაპიკს“ არ გადაიხდიდა, ხოლო შემდგომი 7 წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად ბიუჯეტში შეიტანდა 2-2 მილიონ ლარს.

„ასეთი საგადასახადო შეთანხმება სადმე გინახავთ? მთელი წელი ვიხვეწებოდი, მოიტანეთ ნორმალური შეთანხმება! მიუხედავად იმისა, რომ ამდენ პოლიტიკურ პერიპეტიას ჰქონდა ადგილი, დღესაც ვამბობ, მოიტანეთ ოდნავ მაინც ჭკუასთან ახლოს მდგომი წინადადება, რომ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადასახადო ორგანოები, არავისთან ისე მართალი არ არის , როგორც „ომეგასთან“, - განაცხადა ივანე მაჭავრიანმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებშია დეკლარირებული.

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

პუტინი 25 აპრილს ვლადივოსტოკში შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს

კრემლის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 25 აპრილს ქალაქ ვლადივოსტოკში შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

თეა გოდოლაძე: ყველა ჰესის პროექტი გადასახედია

„ჰესებთან დაკავშირებით, ყველა პროექტი გადასახედია. უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები, თორემ ეს პროექტები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ 23 აპრილს, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ჰესების მშენებლობის თვალსაზრისით მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამშენებლო სამუშაოებს არაკომპეტენტური ადამიანები გეგმავენ და ასრულებენ. მისი თქმით, ისინი ვერ საზღვრავენ იმ რისკებს და საზიანო შედეგებს, რომელიც შეიძლება, ამ მშენებლობებს მოჰყვეს.

„ტექნიკურ სფეროებში ამ ქვეყანას საკადრო დეფიციტი აქვს, ამის გამოა, რომ ავანსცენაზე გამოდიან ადამიანები, ვისაც ამ კუთხით განათლება საერთოდ არა აქვთ და გვევლინებიან გადაწყვეტილებების მიმღებებად: ბიზნესმენები, იურისტები, ფინანსისტები. მათ არც უნდათ გაიგონ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე და შდეგად კი გვაქვს უაზრო მშენებლობები, რომელიც კარგს ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს,“ - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის შეფასებით, უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ჰესებს სეისმურად სახიფათო ზონებში აშენებენ. ამას გარდა, მისი ინფორმაციით, არ არსებობს მონაცემთა ბაზა საქართველოში არსებულ მდინარეებთან დაკავშირებით.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG