Accessibility links

ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები დეპუტატის იმუნიტეტის თაობაზე

პარლამენტმა 72 ხმით 29-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც, დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო. ამ ცვლილებების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც პროკურატურამ პარლამენტს მიმართა თხოვნით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად ნებართვის მიღებაზე. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საკითხის შესწავლის შედეგად მათ გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ სისხლის სამართლის კოდექსი მისი კონსტიტუციის არსებულ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ნაბიჯს მიიჩნევს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინებად.

ყველა ახალი ამბავი

მსაჯებმა ტოჩინოშინი დააფასეს

17 იანვარს, 2019 წლის პირველი ბაშოს მეხუთე ტურში, დოჰიოს მსაჯებს - გიოჯებს საქართველოს დროშით დამშვენებული კიმონოები ეცვათ. ამ ჟესტით გამოხატა პატივისცემა პროფესიული სუმოს ასოციაციამ ლევან გორგაძის მიმართ. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ქართველმა ოძეკიმ იანვრის სუპერტურნირზე მონაწილეობა ტრავმის გამო ვადაზე ადრე შეწყვიტა.

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რვა დღით ადრე, ვარჯიშისას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. დოჰიოზე მაინც გავიდა, მაგრამ ტრავმის გამო ბოლომდე ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ოთხი ტურის შემდეგ ტურნირიდან მოიხსნა.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სპორტსმენმა 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

ზურაბ დათუნაშვულის განცხადებით, ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ფედერაციასთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მის ძმას, რომელიც ფინალური შეხვედრისას მისი სეკუნდანტი.

„ამის შემდეგ კი უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი“ - დაწერა ზურაბ დათუნაშვილმა. განცხადების ბოლოს კი მოქმედ და ვეტერან მოჭიდავეებს მოუწოდა, რომ ყველა ერთად დადგეს და მოითხოვონ, რომ გეგა გეგეშიძემ დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს. ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჭიდაობის ფედერაცია წერილობით განცხადებას ამზადებს და სავარაუდოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს.

ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციასთან კონფლიქტი ამ ინციდენტამდეც ჰქონია. 2018 წლის აგვისტოში ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდა და საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან მაშინ თავი შეიკავა. ბოლო წერილში მან ის ამბავიც გაიხსენა და პროტესტის მიზეზად მწვრთნელთა არაობიექტური გადაწყვეტილება დაასახელა.

აშშ-ს საელჩო: ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. სამძიმრის გზავნილს საელჩო ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებ: „ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის“, - წერია სამძიმრის გზავნილში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ილია II: ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს სამძიმრის წერილს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით: „გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია. მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ. აღვავლენთ ლოცვებს ნიკოლოზის, ნათიას, ნინოს და ლევანის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა მათთვის ლოცვითი შეწევნისა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ცნობილი გახდა ახალი დეტალები პოლ მანაფორტსა და მის რუს ბიზნესპარტნიორს შორის ურთიერთობებიდან

პოლ მანაფორტი (მარცხნივ) და კონსტანტინ კილიმნიკი.

ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროს პოლ მანაფორტსა და მის ბიზნესპარტნიორს, უკრაინაში მომუშავე რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ კილიმნიკს შორის ურთიერთობების ახალი დეტალები. სხვადასხვა ინფორმაციით, კილიმნიკი კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაახლოებული.

მანაფორტი უკვე არის გასამართლებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით. ახლა სასამართლო მის მიმართ მეორე საქმეს განიხილავს. კილიმნიკს დაუსწრებლად წაეყენა ბრალდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მანაფორტმა არასწორი ინფორმაცია წარმოადგინა კილიმნიკთან თავისი კონტაქტების შესახებ. მიულერის თქმით, ეს ერთ-ერთია, სულ ცოტა ხუთი შემთხვევიდან, როცა მანაფორტმა ტყუილი უთხრა გამოძიებას, რითიც დაარღვია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

რადიო თავისუფლება გაეცნო დოკუმენტებს, რომლებიც მიულერის გუნდმა წარუდგინა სასამართლოს. ისინი შეიცავს მონაცემებს მანაფორტისა და კილიმნიკის კავშირებზე 2016 წელს, როცა მანაფორტი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო შტაბს, და 2017-შიც კი, როცა მის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის მარტამდე მანაფორტი და კილიმნიკი განიხილავდნენ ე.წ. „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ არის ლაპარაკი ამ ინიციატივისა და ეჭვმიტანილთა საუბრების დეტალების შესახებ.

2017 წელს რადიო თავისუფლებისთვის მოცემულ ინტერვიუში კილიმნიკი ლაპარაკობდა ე.წ. „მარიუპოლის ინიციატივაზე“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნებას დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების ხელმძღვანელად. ამ რაიონებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

თუკი მანაფორტს კავშირი აქვს ამ გეგმასთან, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ის მუშაობდა კრემლისთვის პოტენციურად მომგებიან გეგმაზე იმ დროს, როცა ის მუშაობდა ტრამპის საარჩევნო შტაბში და იმ დროს, როცა სავარაუდოდ ხდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. არ არის ნათელი, მანაფორტი სამშვიდობო გეგმას კერძო პირის სტატუსით განიხილავდა, თუ რაიმე უფლებამოსილებებით იყო აღჭურვილი.

არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებს სამ წელში 86 ადამიანი ემსხვერპლა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ რადიო თავისუფლებას აწვდის სამი წლის სტატისტიკურ მონაცემებს არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების მიზეზით, CO-თი (ცეო) მოწამვლისა და გარდაცვალების შესახებ. ჯამში, 2016-18 წლებში ამ მიზეზით დაღუპულია 86 ადამიანი.

საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო თითქმის 37 მილიონი ევრო

კარლ ჰარცელი

საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო 36,8 მილიონი ევროს(110 მილიონი ლარი) გრანტი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის დეკემბერში ჩაირიცხა, რითიც ევროკავშირმა დაადასტურა მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელებაში წინსვლა შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა და განათლება და შრომის ბაზარი. საუბარია 2017 და 2018 წლებში ჩატარებულ რეფორმებზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება ხდება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე. ევროკავშირისგან მიღებული 36,8 მილიონი ევრო გრანტია და ეს თანხა საქართველოს მთავრობამ არ უნდა აანაზღაუროს.

„ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას. მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

კრემლი უკუაგდებს ბრალდებებს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლოა მოსკოვის სასარგებლოდ ემუშავა

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი დიდი 20-ეულის შეხვედრაზე ბუენოს-აირესში. 2018 წ. 30 ნოემბერი.

რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა უკუაგდეს ბრალდებები, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესაძლოა მოსკოვის სასარგებლოდ ემუშავა, და „აბსურდი“ და „სისულელე“ უწოდეს მათ.

რუსესის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის მედიის ცნობები ჟურნალისტური სტანდარტების მკვეთრი ვარდნის ამსახველია.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ გასულ კვირაში იუწყებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აი) დირექტორი ჯეიმს კომი მოხსნა 2017 წელს, ეფ-ბი-აიმ დაიწყო კონტრდაზვერვითი გამოძიება, მუშაობდა თუ არა ტრამპი რუსეთის ინტერესებისთვის. კომის მოხსნის შემდეგ რობერტ მიულერი დაინიშნა სპეციალურ პროკურორად, რათა გამოიძიოს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა და იყვნენ თუ არა ტრამპის მოკავშირეები მოსკოვთან გარიგებაში.

„ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება, რომ ტრამპი შეეცადა დაეფარა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავისი საუბრების დეტალები. ერთ შემთხვევაში ტრამპმა თავის თარჯიმანს ჩანაწერები ჩამოართვა და უბრძანა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან არ ელაპარაკა მომხდარზე.

მიმდინარე კვირაში ტრამპმა თქვა, რომ მას არასოდეს უმოქმედია რუსეთის სასარგებლოდ და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოსკოვთან მისი კავშირების გამოძიება მისტიფიკაციას ეფუძნება.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმაც დაგმო მოსაზრება, რომ ტრამპს რუსეთის ინტერესების დასაცავად შეიძლება ემოქმედა.

„რა სისულელეს კითხულობთ?“, თქვა უშაკოვმა, როცა შეეკითხნენ, იყო თუ არა ტრამპი რუსეთის აგენტი. „როგორ შეიძლება ასეთ სისულელეზე კომენტარი? ამან ისეთ დონეს მიაღწია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლება... როგორ შეიძლება აშშ-ის პრეზიდენტიიყოს სხვა ქვეყნის აგენტი, თავად დაფიქრდით,“ თქვა უშაკოვმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამჟამად აშშ-რუსეთის ურთიერთობები ისეთ დონეზეა, „უარესი რომ არ შეიძლება“.

წითელის ეპიდაფეთქების იმერეთის არეალში 68 ადამიანი დაავადდა

პირველი იანვრიდან 17 იანვრამდე პერიოდში იმერეთის რეგიონში წითელის მწვავე ინფექციით დაავადდა 68 ადამიანი, მათგან 36 ქუთაისში - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა რეგიონში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ლია შეყილაძემ. მისი ინფორმაციით, დაავადებულთა დაახლოებით 60% ერთიდან თხუთმეტ წლამდე ასაკისაა, დანარჩენები კი 40 წლამდე. ლია შეყილაძის ცნობითვე, წითელით დაავადებულთა 80% აცრილი არ ყოფილა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს იმერეთში წითელით დაავადდა 470 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით დაფიქსირდა დაავადების 312 შემთხვევა. ცენტრის მონაცემებით, ამ მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების ძირითადი არეალებია იმერეთი, სამეგრელო და კახეთი.

დიღომში მომხდარი აფეთქების გამო პოლიციაში გამოკითხვაზეა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელიც

თბილისის პოლიციის დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება სამშენებლო კომპანიის „ლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჭანტურია. 2017 წელს ამ კომპანიამ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც 16 ინვარს მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 4 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინაში გაზი აფეთქდა. გამოკითხვზე იმყოფებიან კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებიც. კორპუსის მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იგრძნობოდა გაზის ძლიერი სუნი, რის გამოც კომპანიის წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა, მათ რაიმე პრობლემის არსებობა არ დაადასტურეს. პოლიცია საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აშშ-ში დაიწყო გამოძიება ჩინური კომპანია Huawei Technologies Co.-ს მიმართ

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ჩინური სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებლის, Huawei Technologies Co.-ს მიმართ, ამერიკელი პარტნიორებისგან კომერციული საიდუმლოებების მოტაცების ბრალდებით. როგორც გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნელი“ იტყობინება, საქმე ეხება მოწყობილობას, რომელიც ამერიკულმა T-Mobile-მა გამოცადა სმარტფონებისთვის.

როიტერსის ცნობით, საქმისთვის მასალა საკმარისად მოიპოვება Huawei-ითვის ოფიციალური ბრალდების წარსადგენად. Huawei მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და და მობილური ტელეფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მანამდე აშშ-ში კომპანია შავ სიაში მოხვდა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გამო. აშშ-ის დაზვერვამ ეჭვი შეიტანა ჩინეთის ხელისუფლებასთან Huawei-ის ურთიერთობების კეთილსინდისიერებაში.

ნიკოლ ფაშინიანი მამუკა ბახტაძეს უსამძიმრებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიუსამძიმრა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის გამო. საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ხალხს, დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ნათესავებს და უსურვა სიძლიერე და მოთმინება, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 8 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ პირს საავადმყოფოში წარუდგენენ ბრალს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს დღეს ბრალს საავადმყოფოში წარუდგენენ. 17 იანვარსვე წარუდგენენ ბრალს მასთან ერთად დაკავებულ მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გიორგი ადუაშვილმა, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გიორგი ადუაშვილი დააკავა. ის სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ადუაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში სამძიმარს ქართულ ენაზე უცხადებს დიღომში დაღუპულების ოჯახებს

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გამოუცხადა twitter-ის საკუთარი გვერდიდან.

საქართველოს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იტალიის საელჩომ საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ საქართევლოში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, პირველი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების არეალები ძირითადად კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნავს, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული: „წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

რამდენიმე აფეთქება მოხდა საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტის კამპუსში. ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, ბიბლიოთეკაში სამშენებლო სამუშაოების დროს გაზის ბალონები აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა შენობის სახურავზე და ამას მოჰყვა გაზის ბალონების აფეთქება. უნივერსიტეტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.

დამნაშავე ამ დრომდე არ გამოვლენილა ფონიჭალაში აფეთქების საქმეზე

ზემო ფონიჭალაში, 15 ნოემბერს, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამ დრომდე პასუხისმგებელი პირი გამოვლენილი არ არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია მრავალი სახის ექსპერტიზა, მათ შორის სახანძრო, საინჟინრო და სამედიცინო, თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არის.

კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, ამ დრომდე კორპუსის მობინადრეები ალტერნატიულ ფართში ცხოვრობენ. 9 ოჯახი სასტუმროში ცხოვრობს, 17 ოჯახი კი ნაქირავებ ბინაში.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ცნობით, კორპუსს ჩაუტარდა წინმსწრებ -დამზღვევი სამუშაოები, არსებობს გამაგრების სამუშაოების პროექტი თუმცა, ის ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. სამუშაოები სავარაუდოდ სამ თვეს გასტანს.

ზემო ფონიჭალაში 15 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა სსკ-ს 240 მუხლის პრიმა მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

იგივე მუხლითაა აღძრული საქმე 16 იანვარს, საღამოს 9 საათზე, დიდ დიღომში, მაღლივ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზეც, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. დაშავებულია რვა ადამიანი.

სახალხო დამცველი: თბილისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი სწრაფად უნდა დადგინდეს

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მწუხარება გამოთქვა თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება მიიღოს.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფაც.

საია დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ინფორმაციას საია ავრცელებს: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს. საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას. „საია“ გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დიდი დიღმის პოლიციაში მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა

შსს-ს ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთი თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახური აწვდის. ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც 16 იანვარს, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე იმ კორპუსში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვა სამართალდამცავებმა 16 იანვრის ღამესვე დაიწყეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო

საქართელოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოხატავს დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქებით დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა

ჯანდაცვის მინისტრი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობას გაეცნო

დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვს მკურნალობენ.

„ბავშვს ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა ჩატარებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ. აფეთქების შემდეგ, იაშვილის კლინიკაში სულ 6 ბავშვი მოათავსეს. 5 მათგანი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დაგროვილი გაზი აფეთქდა.

თბილისში აფეთქებით დაზიანებული სახლის მდგრადობას ამოწმებენ

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის სეპციალისტებმა დაიწყეს დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შესწავლა. წინასწარი შეფასებით, შენობის ძირითადი კონსტრუქცია არ დაზიანებულა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, შეძლებენ თუ არა კორპუსის მცხოვრებნი საკუთარ ბინებში დაბრუნებას. შენობის მეექვსე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, თითქმის ყველა კედელი დანგრეულია. დაზიანებულია ქვედა სამი სართულიც. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 2017 წელს ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა.“

საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უსამძიმრებს

დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოხატავს. „ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული 31 ადამიანი სრულად არის უზრუნველყოფილი დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა: „ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“ - განაცხადა ელოშვილმა. დაზარალებულები სასტუმროებში "შაინსა" და "ტეხასში" გადაიყვანეს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია..

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG