Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს


ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს - ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციით, დაწყებულია საბურავების მომარაგება, იგეგმება ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და შესაძლოა, მოხდეს წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება. „მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს, მოსამზადებელ სამუშაოებს და ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქუჩაში ხალხის გამოსაყვანად და არეულობის მოსაწყობად“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მინისტრის თქმით, საქართველოში ყველას აქვს ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან დესტაბილიზაციას, ხალხის ცემას, ან იარაღის გამოყენებას, რათა ეს სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან. ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და არ დაუშვას დესტაბილიზაცია. „ის, რაც უკრაინაში მოხდა განაპირობა იმან, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა და პირიქით, ივნისში ხელს ვაწერთ ასოცირების შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან“, - განაცხადა საქართველოს შს-თა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG