Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს უკრაინის კრიზისზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - ჯონ კერი და სერგეი ლავროვი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალის გამოუყენებლობისკენ მოწოდებით გამოდიან. მათ სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში საერთაშორისო ხელშეწყობის საკითხები, მათ შორის - რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით მრავალმხრივი შეხვედრის მოწყობის შესაძლებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას აღუნიშნავს, რომ ასეთი ფორმატით მოლაპარაკებების გამართვის უმთავრესი ამოცანაა „შიდაუკრაინული ფართო დიალოგის ხელშეწყობა, რომლის მიზანიც საყოველთაოდ მისაღებ საკონსტიტუციო რეფორმებზე შეთანხმება იქნება“. სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნდა“გამოეხმაუროს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების კანონიერ მოთხოვნებს“. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჯონ კერის განუცხადებია, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში ამერიკული ფირმა „გრეისტოუნის“ თანამშრომლების მონაწილეობა არ დასტურდება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ადგილობრივ ქვედანაყოფ „სოკოლის“ რიგებში ამერიკული ფირმა „გრეისტოუნის“ მეომრების მოქმედების შესახებ.
XS
SM
MD
LG