Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პატივს მიაგებენ ბოსტონის ტერაქტის მსხვერპლს


დღეს ბოსტონში გაიხსენებენ 2013 წლის 15 აპრილის ტერაქტის დროს დაღუპულებს. ბოსტონის მარათონზე მოწყობილი აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემ ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი, ბოსტონის მერი, დაღუპულთა ოჯახების წევრები და აფეთქებების დროს დაჭრილი მარათონის მონაწილეები და მაყურებლები. ადგილობრივი დროით, 14:30-ზე ტრაგედიის ადგილას დაუშვებენ დროშებს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. 2013 წლის 15 აპრილს სამი ადამიანი დაიღუპა და 250 დაიჭრა. ერთი წლის წინ ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებების მოწყობაზე პასუხისმგებლობა ძმებს - ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებს დაეკისრათ. ტამერლან ცარნაევი ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. მისი უმცროსი ძმა ჯოხარი ბოსტონთან ახლოს დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და ახლა სასამართლოს მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება. პროცესი ნოემბერში უნდა დაიწყოს. მიმდინარე კვირაში ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს. მათ სურთ, სასამართლომ ცარნაევის დაცვისგან მოითხოვოს 7 მაისამდე წარმოადგინოს ინფორმაცია - აპირებენ, თუ არა ადვოკატები სასამართლო პროცესზე ცარნაევის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი დააყენონ. ჯერ კიდევ გასულ თვეში ჯოხარ ცარნაევის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებში აღნიშნავდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უფროსი ძმის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG