ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციის თაობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი იმართება პრაღაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ 16 აპრილს თბილისში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იქნება სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან 15 აპრილს სამი ქართველი ჟურნალისტის დაკავების საკითხი. მოლაპარაკებაში, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. ამ მოლაპარაკების პირველი რაუნდი 2012 წლის დეკემბერში, ჟენევაში გაიმართა.