Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაათავისუფლა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე


რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მზვერავის გათავისუფლებას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქის ვინაობა არ დაასახელა. არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა 2008 წელს დაკავებული, საქართველოს საგარეო დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზაზა ხერკელაძე, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ინფორმაცია 16 აპრილს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მანამდე რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი ქართველი. „სულ სამი გათავისუფლებული ადამიანის ვინაობა ჩემთვის ცნობილია, მაგრამ, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, მათ გვარებს ვერ დავასახელებ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
XS
SM
MD
LG