Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი ლელო, ანუ ბურთობის პერსპექტივა


ავტორი: ხატია ჭანიშვილი

საით მივდივართ? მიმართულებას ვგულისხმობ, წინსვლასა და პროგრესს არა, სამწუხაროდ. ჩრდილოეთისკენ თუ უფრო შორს, კონტინენტს მიღმა? თუმცა, ჩვენ ამას ვინ გვეკითხება? ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, გადაწყვეტილებებს კი მაღალთა შორის მაღალნი იღებენ. რა ვქნათ, ყველას თავისი მაღალი ჰყავს ( ეს ეპითეტი გინდ პირდაპირ გაიგეთ და გინდ - ირიბად)...ჰო, ახლა ჩვენ ფეხბურთის ბურთივით ვართ, ყოველი მხრიდან რომ ურტყამენ ფეხებს, თუმცა, კარში გასვლა ყველაზე მეტად ამ ბურთს სწადია, თანაც მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კარში... მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ბურთებს ცვლიან ხოლმე და ძველს, უკეთეს შემთხვევაში, რომელიმე გულშემატკივარს გადაუგდებენ. ასე რომ, ბურთობის პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელია.
და მაინც, ჩვენ „ბედნიერი ერი“ ვართ, ის ბედნიერი ერი ვართ, ასე რომ ვამბობთ, მეზობელი მაინც მეზობელია, დავუთმოთ უნდაო; კიდევ ის ბედნიერი ერი ვართ, რომ ვფიქრობთ, რა უნდოდათ თვითმფრინავის ბიჭებს, აშენებულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სად გარბოდნენ, ღირსებიც იყვნენო; ჰო, ჩვენ კიდევ ის ბედნიერი ერი ვართ, არჩევნებზე იმ იმედით რომ მივდივართ, ფურცელზე დაწერილი „ოცნებები“ აგვიხდებაო უკვე მეორედ განკაცებული უფლის მიერ, საქართველოში რომ ჩამოუდგამს ფეხი; კიდევ ისიც ვართ, ყველგან და ყოველთვის რომ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და ავტობუსში გვერდით მჯდომს სერიოზული გამომეტყველებით ვეუბნებით: „დამთავრდეს უნდა ეს კოჰაბიტი, მერე გვეშველება!“ (სტილი დაცულია). ჰოდა ამ მოლოდინში მაღალთა შორის მაღალნი ბჭობენ და ბაასობენ. ბარათაშვილი გამახსენდა: „და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს“. და თქვენ იკითხავთ ევროპას? ო, ევროპა ლუდოვიკო XIV-ს ჰგავს, ჩვენი ბედი ფეხს რომ ჰკიდია! ამ დროს კი ჩრდილოეთში სამოვარს კვლავ დიდ, შავ ჩექმას აფარებენ, ეს ისე, ტრადიციაა... ეს ის ჩექმაა, ცივილიზაცია რომ შეაქვს ყველგან, სადაც ფეხს დადგამს, მაგრამ, ვაი, თუ ცივილიზაცია კვლავ გენერლების რაოდენობით იზომება... თუმცა, ჩვენ მაინც ბედნიერი ერი ვართ, ერი, რომელშიც საღი აზრი 90-იანი წლების ელექტროენერგიასავით წელიწადში ერთხელ თუ გამოანათებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG