Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქის ქუჩებში ეძებენ თვალებით ანუ გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ


ავტორი: სალომე გაბლიანი

‘’გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ, შენ კი ის ადამიანი, ვისთანაც თავშესაფარი ვიპოვე. წამიკითხე და კვლავ გამიშვი სახეტიალოდ...’’
‘’სალამი. მიხვდი? მე მოხეტიალე წიგნი ვარ. გამიფრთხილდი. მან, ვინც სამოგზაუროდ გამომიშვა, თან სული და გული გამომატანა. წამიკითხე და ისევ გამათავისუფლე’’.
ქუჩებში ადამიანები ახალ ალტერ-ეგოს ეძებენ. ნებით თუ უნებლიეთ ყველა ამ მარათონში ერთვება. წიგნებს ტოვებენ და პოულობენ ყველგან: სკვერებში, სამარშუტო ტაქსებში, აეროპორტში... იდეა თანამედროვეა და ასახავს წიგნთან და არა მხოლოდ მასთან, არამედ ერთმანეთთან და საკუთარ თავთან დღევანდელი დამოკიდებულების ფორმას: თავისუფლება ან მისკენ სწრაფვა, საკუთარი მრწამსის, შეხედულებებისა და სურვილების შეკრება და საჯაროდ გაბნევა, განაწილება, გაზიარება. დღეს ფიქრობენ, რომ თაროზე შემოდებული წიგნები იძულებითი პატიმრები არიან და როგორც ყველა ცოცხალი არსება, ასევე წიგნი იმსახურებს გათავისუფლებას მტვრისა და უმოქმედობის მარწუხებისგან. დღეს ამბობენ, რომ მუჰამედი არ მივიდა წიგნთან, ამიტომ წიგნი მივიდა მუჰამედთან. დღეს როცა წიგნს სათავგადასავლოდ ტოვებენ, უკანა გზაზე დაბრუნებული უკვე ყოფილი პატრონები თვალებში უყურებენ წინ შემხვედრთ, ნეტა რომელი თქვენგანი შეხვდებაო ჩემს გათავისუფლებულ მეგობარს. დღეს ადამიანები წიგნებზე ფიქრობენ, წიგნებზე და მათ პოვნაზე.
რატომ აიტაცა ქალაქმა ეს დაუოკებელი ხეტიალი ასეთი ენთუზიაზმით? რატომ უშვებენ საყვარელ მეგობარს ქალაქის ხმაურითა და ხიფათით სავსე ქუჩებში? პასუხი ერთია: ეს სიახლეა, რომელიც ასე აკლდა ქალაქს. სპონტანურად გაჩენილი მიზანია, მოტივაციაა და სურვილია, მოაქციოს პოლიტიზირებული ქალაქი კულტურულ ბლოკადაში. ეს ბლოკადა, მგონი რომ, მოქნილად ამუშავდა. რატომ? თქვენ თუ იცით, რომ ერთერთი წიგნი - მორის მეტერლინკის ‘’განძი თვინიერთა’’ ქალთა No 5-ე დაწესებულებიდან გაათავისუფლეს?
‘’გამარჯობა. მე ახლახან გამათავისუფლეს ქალთა No 5-ე დაწესებულებიდან და, თავისუფლებას მოწყურებული, გავხდი მოხეტიალე წიგნი...’’ თავისუფლებას მოწყურებული? ვფიქრობ, ამ სიტყვების არსით წიგნზე მეტად მისი ძველი პატრონია სავსე პირთამდე. თავისუფლებას ხომ პატიმარზე უკეთ ისევ პატიმარი აფასებს.
იდეის ავტორი : წითური წვერი, დიდი, წინ წამოწეული გუგები, სათვალე, ოდნავ ჩამუქებული უპეები- ასეთია იგი. წიგნი საუკუნეებია, ბრენდია. და ეს იდეა ყოველდღე ხდება ბრენდი, რადგან, პირველი: იყენებს დიდ ბრენდს -წიგნს და მეორე: დაწვრილებით აგიხსნით. ვაღიაროთ, რომ თუ ზოგიერთი ადამიანისთვის წიგნთან სიახლოვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვისთვის ის მიუწვდომელია და იმდენად იდეალურია, რომ თავს არიდებს და ვიღაცისთვის კი შეიძლება საერთოდ დაინტერესების სფეროს არც წარმოადგენს. კატეგორია ალბათ კიდევ ბევრია, თუმცა რამდენიც უნდა იყოს და თითოეულს რამდენი მიმდევარიც უნდა ჰყავდეს, წიგნი ყველასთვის პატივისცემის საგანია. შეიძლება არ მოგწონს, ან არ გაინტერსებს, მაგრამ შენ იცი, რომ ის რაც მასშია, უკეთესს გაგხიდა, რომ გსურდეს. და რაკი შენი თავი გაკმაყოფილებს, როგორიც ხარ, ეს შენივე არჩევანია და არავინ გაძალებს სხვა რამეს, მაგრამ შინაგანი ‘’მე’’ გეძახის, რა იქნებოდა უკეთესი და სწორედ ამ უკეთესს სცემ პატივს, ეკრძალები და რიდით უვლი გვერდს. და ეს მაშინ, როცა შენ გარშემო ხედავ და გესმის, როგორ საუბრობენ ჰამსუნზე, ბერჯესზე, პაჟიზე, კიზიზე, ზოლაზე და ჩუმად ხარ, რადგან ზოგი მათგანი არც გაგიგია, და თუ ვინმე ყურს ნაცნობად ხვდება, გონება გინათდება, მაგრამ ამის მეტს თვალსაწიერი ვერ სწვდება, რას იზამ, გარდა იმ ადგილიდან გადახვეწისა. დიდი-დიდი თემის შეცვლის მანიპულაცია მოახერხო. როცა ფიქრები გესლიანად გიტევენ, როგორ გამოხვიდე საკუჭნაოდან ვერსალის სასახლეში, და თან მოოქროვილ დარბაზებში მარტომ კი არ ისეირნო, კომპანიონებს შეუერთდე და ფეხიც აუწყო, უცებ გესმის იდეა, რომელიც ფრთებს გასხამს და შანსების ბადეს შენი მიმართულებით ისვრის. ეს იდეა ხომ ყველა მკითხველს ერთ მდგომარეობაში აყენებს: ეს არის მარათონი, რომელშიც ზოგი იმარჯვებს, ზოგი ვერა : ზოგი პოულობს წიგნს, ზოგი -ვერა, და ზოგი კი, პოულობს იმას, რასაც ნამდვილად ეძებდა და აი, მთავარი გამარჯვებულიც. და თუკი შენ წინათ ხმას ვერ იღებდი ბრეგბედერზე საუბრისას ლევანთან, დღეს შენ იპოვი ბრედბერის, რომელზეც ლევანს ჯერ არაფერი გაუგია. და დგამ ნაბიჯს, იმარჯვებ . ეს შენი მარათონია. აი მეორე მიზეზი, რატომ ხდება ეს იდეა ბრენდი. თუმცა არიან ისეთი სკეპტიკოსი მკითხველი-მაძიებლებიც, რომლებიც არ აყვნენ ამ ენთუზიაზმს. მაგალითად, ეს: ‘’ ძაან კი მიყვარხართ და ღამეები არ მძინავს, ოღონდ ერმა წიგნები იკითხოს, მარა ჩემი წიგნები უფრო მიყვარს, ჰოდა თქვენ ახეტიალეთ და ყარეთ ქუჩებში. რაც ქუჩაში აღარ დაეტიოს, მე მომიტანეთ.’’.
ამბოხებული, გამოპარული და მოხეტიალე წიგნები კი ახალი შეთამაშებაა ემოციებისა, გაჯიბრებაა, აღმოჩენაა. წიგნები სასაუბრო ენაა, ურთიერთობის ფორმაა და გამოსავლის პოვნა. იდეა ვაქცინა იქნება ადამიანებს შორის, ვინც ებუტება ერთმანეთს და ბაბილონის გოდოლის მაშენებლებივით საერ(თ)ო ენა დაუკაგრავთ. ჩვენ ‘’გავახეტიალებთ’’ ჩვენს ახლო მეგობრებს უცნობი მეგობრების მიმართულებით და ისევ ვიპოვით სასუბროს. ‘’წიგნები მიმაქვს ენგურის ხიდზე - ჩემი აფხაზებისთვის, და იქიდან წიგნები უკვე თავისით წავლენ, მათ არ უნდათ ვიზა საკუთარ ქვეყანაში...’’ თუკი საზღვარგრეთ არსებობს ქუჩის ბიბლიოთეკები - პატარა , მერცხლის ბუდესავით თაროები, სადაც წიგნებს არ ათოვთ და არ აწვიმთ, არ ეშინიათ და არ უფრთხიან, აქ ჩვენთან, საზღვრებში, ფურცლები სველდებიან. ქარი დაფურცლავს აბზაცებს და ამ ორომტრიალში იქნებ ერთხელაც გონს იმის ხელში მოვიდეს, ვინც დახედავს და იტყვის: чиныг ссарын (ოსურად, წიგნის პოვნა).

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG