Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამზადებენ თუ არა საქართველოში მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად?


2014 წლის 24 აპრილი. უკრაინა
2014 წლის 24 აპრილი. უკრაინა
„რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას არ სჭირდება რაიმე რაციონალური საფუძვლები, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების აბსურდული განცხადებები მათ საქმეს უიოლებს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც აბსურდული დეზინფორმაცია უწოდა უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველი ნაციონალისტების გადაბირების თაობაზე რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას.

თავდაპირველად გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რაც დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმაც აიტაცეს, მოხალისეთა შეკრების ორგანიზებას, უკრაინაში რუსი აქტივისტების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მონაწილეობისთვის, ფინეთში მყოფი, საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ხელმძღვანელი, გოჩა ბახია ახორციელებს. მოხალისეთა დაფინანსებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებენ, - წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ბოლო ხანს უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელმა ნეგატიურად რამდენჯერმე გაიჟღერა.

აპრილის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა მოსახლეობა საქართველოში ევრომაიდნის მსგავსი მოვლენების განმეორების შესახებ. მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მოაწყოს დესტაბილიზაცია და დაამხოს ხელისუფლება. მინისტრის თქმით, მიზნის მისაღწევად ოპოზიცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების საქართველოში გადმოტანას და ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც უკრაინიდან უკვე ჩამოიყვანეს ევრომაიდნის აქტივისტები და შეისყიდეს საბურავები.

კრემლთან დაახლოებული მედიასაშუალებების გმირად იქცა, პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის იანვარში ციხიდან გათავისუფლებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, რომლის თანახმად, სნაიპერები, რომლებიც კიევის მაიდანზე ადამიანებს ესროდნენ, თურმე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაქვემდებარებული პირები იყვნენ.

„აქციებში ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა, რომლებიც იქ „ნაციონალების” უშუალო მითითებით იმყოფებოდნენ. იმ ოთხი ადამიანის ვინაობა ჩემთვის ზუსტად არის ცნობილი, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შემიძლია. ძიების მასალები ორი კვირის შემდეგ გადაიგზავნება პროკურატურაში", - აცხადებდა წითელაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირაც გავიდა და ოთხიც, უცნობია, რა „ძიების მასალებზე“ საუბრობდა წითელაშვილი და დაიკითხა თუ არა იგი პროკურატურაში. მეტიც, საკუთარი ვარაუდის გასამყარებლად დღემდე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც „საბურავების“ თემაზე დეპუტატებთან მისვლას არც დახურულ სხდომაზე არ აპირებს. გიგა ბოკერიას სწორედ ასეთი ვითარება
გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია
აქვს მხედველობაში, როცა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების „აბსურდული განცხადებები უკრაინის კონტექსტში საქმეს უიოლებს რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას“. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან
ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი
ინტერვიუში, "მინისტრის განცხადება იყო პრევენციული ხასიათისა და მან თავის როლი შეასრულა." რაც შეეხება დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინაში საბრძოლველად საქართველოში ნაციონალისტების გადაბირება ხდებოდეს, - სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს რუსეთის მიერ შორსგამიზნული პოლიტიკური გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს. მოისმინეთ გიგა ბოკერიას და ირაკლი სესიაშვილის ინტერვიუები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG