Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 10 მაისი


უცხოეთის პრესის,ზოგადად, მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინა რჩება.

გერმანიის ყოველდღიური კონსერვატიული გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ ეხმიანება გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ინიციატივას, იშუამავლოს უკრაინის კრიზისში. სტატიის ავტორი სკეპტიკურად არის განწყობილი: „ბან კი მუნის წინადადებით იგულისხმება, რომ საქმე გვაქვს კონფლიქტის ორ მხარესთან, რომელთა შორისაც შერიგების მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ საქმე ასე არ არის. ბოლო კვირებში რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით აღვივებდა კონფლიქტს და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს აღარ მოხდება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ მოსკოვი აწარმოებს გამოუცხადებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ, აღვივებს და მართავს კონფლიქტს, რომელიც რეალურად არსებობს უკრაინის საზოგადოებაში სოციალურ, ლინგვისტურ, კულტურულ და ისტორიულ საკითხებზე. ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, მაგრამ მისი ტერიტორია იმდენად დიდია და მისი მოსახლეობა იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ შემდგომი ესკალაცია გაცილებით მეტ გავლენას მოახდენს მეზობლებზე, ვიდრე იუგოსლავიის ომებმა მოახდინა ევროპის დანარჩენ ნაწილზე“, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“.

ავსტრიის ყოველდღიური გამოცემა „პრესე“ ყურადღებას ამახვილებს უკრაინის მთავრობის პრობლემაზე, თავი გაართვას ძალადობას ქვეყნის რეგიონებში. 6 მაისის პუბლიკაციაში საუბარია უკრაინის უშიშროების ძალების „კატასტროფულ მდგომარეობაზე“:

„უკრაინის პოლიცია ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებით კორუმპირებულად. ეს ცუდ ანაზღაურებას უკავშირდება. ახლა კიევის ახალი ხელმძღვანელობა ხდება იმის მოწმე, თუ რამდენად არაპროგზონირებადია პოლიციის მოქმედება ბევრ სიტუაციაში და როგორ ზრდის ის ქაოსს, მისი ჩახშობის ნაცვლად“.

ბრიტანეთის მეამარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ინდეპენდენტი“ აანალიზებს დასავლეთის მოქმედებას უკრაინაში კრიზისთან მიმართებით: „კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში გაიმართება მორიგი რეფერენდუმი ყირიმის სტილში - რეფერენდუმი, რომელშიც რუსეთის მომხრე სეპარატისტები უეჭველად გაიმარჯვებენ. საკითხავი ის არის, ამის შემდეგ რა მოხდება - სეპარატისტები მხოლოდ ავტონომიურ რეგიონს შექმნიან თუ უფრო შორს წავლენ და რუსეთთან კავშირის შექმნის შესახებ გამოაცხადებენ. გაუგებარია, რომ დასავლეთის მთავრობები დიდად მონდომებული არ არიან ამოიცნონ რუსეთის ნამდვილი მიზნები. როგორც ჩანს, ყველა ვარაუდობს, რომ კრემლი მოახდენს ქალაქ დონეცკის გარშემო უკრაინის ნაწილის ანექსიას. ტრაგიკულია, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, როგორც ჩანს, არ ცდილობენ რუსეთთან მოლაპარაკების მეშვეობით დაადგინონ, როგორ არის შესაძლებელი უკრაინის მომავლის ერთად განსაზღვრა. აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის წინაშე ვალდებული ვართ, რომ გაჭირვებაში არ მივატოვოთ. ჩვენ გაცილებით უფრო აქტიურად უნდა ვმოქმედებდეთ“, - წერს მემარცხენე-ლიბერალური „ინდეპენდენტი“.

დასავლეთს გააქტიურებისაკენ მოუწოდებს ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული „სანდეი ტაიმსიც“:

„მაშინაც, როცა პუტინი მზად არის ძალადობით, სიცრუით და ძირგამომთხრელი მანევრებით გახლიჩოს უკრაინა, დასავლეთს შეუძლია მძიმე ეკონომიკური ზარალი მიაყენოს რუსეთს. რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ ამა წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ, 60 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, დაეცა რუბლი და მოსკოვის საფონდო ბირჟის მაჩვენებლები. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ კრიზისი გასცდება სახელმწიფოებს შორის გავლენისათვის ბრძოლას. დასავლეთმა აუცილებლად უნდა შეცვალოს თავისი დაუდევარი დამოკიდებულება და განავითაროს მკაფიო პოლიტიკა აგრესიასთან დასაპირისპირებლად“.

რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს ბულგარეთის მემარცხენე გაზეთ „დუმაში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. „დუმა“ გახლავთ ყოფილი კომუნისტური გამოცემის, „რაბოტნიჩესკო დელოს“, მემკვიდრე გამოცემა.

„ბოლო დღეების მოვლენები ბევრის მიერ აღიქმება როგორც ღია პროვოკაცია რუსეთის მიმართ, რათა მან ჯარები გაგზავნოს მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს გაამართლებდა მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური, ფინანსური და სავაჭრო სანქციების დაწესებას, რაც ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა ნატოს (...). რუსეთს ომში იწვევენ, რუსეთი კი დუმს. ის რამდენიმე დღეა დუმს და ეს დუმილი სულ უფრო ხმამაღალი ხდება, სულ უფრო რთული და სანერვიულო კიეველი მარიონეტების მმართველთათვის“, - წერს ბულგარეთში გამომავალი მემარცხენე „დუმა“.

შვედეთის ლიბერალური „დაგენს ნიჰეტერის“ სტატიის ავტორი კი ცდილობს ამოიცნოს, რა გეგმით მოქმედებს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პრეზიდენტი:

„ინტერვენცია და ოკუპაცია, ალბათ, არ შედის პუტინისთვის სასურველ ჩამონათვალში. ურჩი მოსახლეობის პირობებში, ეს ლოგისტიკური კოშმარი იქნებოდა. ისევე როგორც ყირიმის მკვიდრთა შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აღმოსაველთუკრაინელების მოსყიდვა ადრინდელზე უფრო მაღალი ხელფასებით და პენსიებით და მრეწველობის მოძველებული სტრუქტურების შენახვა. ეს კრემლს ძალიან ძვირად დაუჯდებოდა. სავარაუდოდ, პუტინი სხვა გეგმით მოქმედებს. დესტაბილიზაციით მოცულ უკრაინას, რომელსაც სუსტი ცენტრალური მთავრობა ჰყავს, გაუჭირდება სწორ კურსზე დადგომა, კორუფციასთან ბრძოლა ან სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება. პირველ რიგში, მთავრობა, ალბათ, ვერ მიაღწევს ევროკავშირსა ან ნატოსთან დაახლოებას“.
XS
SM
MD
LG