Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში გატაცებული მოსწავლეების ძებნაში ჩაერთო აშშ-ის სადაზვერვო ავიაცია


„ბი-ბი-სის“ ცნობით, აშშ სადაზვერვო ფრენებს ახორციელებს ნიგერიის თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს ინფორმაცია შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მიერ გატაცებულ 200-ზე მეტ სკოლის მოსწავლე გოგოზე. აშშ ნიგერიის მთავრობას უზიარებს სატელიტიდან მიღებულ კომერციულ ინფორმაციასაც. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. „ბოკო ჰარამმა“ გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც 136 გოგოა ასახული. ჩანაწერში „ბოკო ჰარამის“ ლიდერი აცხადებს, რომ გოგოები შესაძლებელია გაიცვალონ დაპატიმრებულ მეომრებში. გოგოები 14 აპრილს გაიტაცეს. ნიგერიაში იმყოფება დაახლოებით 30 ამერიკელი ექსპერტი - დაზვერვის ფედერალური ბიუროს (FBI), თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები. “ბი-ბი-სის“ ვაშინგტონის კორესპონდენტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლება არ ამჟღავნებს რა ტიპის თვითმფრინავებით ზვერავს ნიგერიის ტერიტორიას , თუმცა, ცნობილია, რომ აშშ-ის სადაზვერვო თვითმფირნავებიდან შესაძლებელია მობილური ტელეკომუნიკაციების საშუალებებით გადაცემული ინფორმაციის ნაკადის ფართო სპექტრის მოპოვება. ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის ექსპერტები გულდასმით სწავლობენ „ბოკო ჰარამის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომ აღმოაჩინონ რაიმე ხელჩასაჭიდი ნიუანსი, რომელიც გატაცებული მოზარდების ადგილსამყოფელზე მიანიშნებს. ჩიბოკის - იმ ქალაქის ადგილობრივი ლიდერი, საიდანაც გოგოები გაიტაცეს, ამბობს, რომ მცენარეები, რომლებიც ვიდეოზე ფონად ჩანს, მიანიშნებს, რომ გატაცებული მოზარდები სამბისის ტყის ნაკრძალთან ახლოს გადაიღეს.
XS
SM
MD
LG