Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 13 მაისი


გაზეთი „ვედომოსტი“ მსხვილი ქართული ბანკის - TBC ბანკის - გეგმებზე წერს. ლაპარაკია მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გატანისა და ამ გზით 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მოზიდვის შესახებ. ბანკის ინვესტორები ასევე აპირებენ 150-200 მილიონი დოლარის აქციების გაყიდვას. გამოცემის მიხედვით, აქციებს შეინარჩუნებენ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც კაპიტალის 26,5 პროცენტს ფლობენ, თუმცა უცხოელი აქციონერები - მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, ნიდერლანდის განვითარების ბანკი და სხვები -აქციების ნაწილის გაყიდვას აპირებენ. სულ TBC ბანკის სავარაუდო ღირებულებად 600-800 მილიონი დოლარი სახელდება. ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ბანკის აქციებზე მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორების მხრიდან. რუსული გამოცემა ციტირებს სააგენტო „როიტერს“, რომლისთვისაც ბადრი ჯაფარიძეს უთქვამს: „ინვესტორებმა ისწავლეს ქართული საბანკო სექტორისა და უკრაინული პრობლემების ერთმანეთისგან გარჩევა. ის, რაც უკრაინაში ხდება, სამწუხაროა, მაგრამ ეს ზემოქმედებას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რადგანაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საგრძნობი დივერსიფიცირება მოხდაო“. „ვედომოსტის“ მიხედვით, 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7,4 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 12 პროცენტი მოდის უკრაინასა და რუსეთზე, თუმცა, ამის მიუხედავად, აზიის განვითარების ბანკმა მაინც გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის კრიზისი ნეგატიურად აისახება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკების ზრდის ტემპზე. რუსული გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ TBC მეორე ბანკია პოსტსაბჭოთა სივრცეში (რუსეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოკლებით), რომელიც უცხოურ ლისტინგზე წავიდა.

„კომერსანტმა“ კი სოციოლოგიური კვლევების ცენტრ „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. სტატიიდან ირკვევა, რომ წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 61-65 პროცენტებს შორის მერყეობდა. ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა თებერვალში, ოლიმპიადის მსვლელობისას, და 82 პროცენტს მიაღწია მარტ-აპრილში, როცა რუსეთმა ყირიმის მიერთების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, „ლევადა-ცენტრის“ სპეციალისტები არ გამორიცხავენ აბსოლუტური რეკორდის გამეორებასაც. საქმე ის არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგმა რეკორდულ 88 პროცენტს მიაღწია 2008 წელს, საქართველოსთან ომის დროს.

გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა კითხვაზე, ვლადიმირ პუტინის რა თვისება მოგწონთ, გულწრფელად უპასუხა, რომ პუტინმა რუსეთს ყირიმი დაუბრუნა. 37 პროცენტს მოსწონს პუტინის შეუპოვრობა, 32 პროცენტს -შორსმჭვრეტელობა, 25 პროცენტს - მის მიერ ქვეყანაში შექმნილი სტაბილურობა, 15 პროცენტს კი ის, რომ პუტინმა რუსეთს დაუბრუნა სუპერსახელმწიფოს სტატუსი. „კომერსანტის“ სტატიაში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ გამოკითხულთა 49 პროცენტს ყველაფერი მოსწონს პრეზიდენტ პუტინისა.

„რუსეთი მთვარის კოლონიზაციას 2030 წლისთვის დაიწყებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „იზვესტია“ სტატიას, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ მთვარის ათვისების კონცეფციის დეტალებზე. მოცემული პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე გაკეთდება ბაზა და პოლიგონი წიაღისეულის მოპოვების მიზნით. რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ „მთვარე წარმოადგენს დედამიწის ცივილიზაციის ათვისებისათვის მნიშვნელოვან კოსმოსურ ობიექტს და 21-ე საუკუნეში შესაძლოა გაჩაღდეს გეოპოლიტიკური კონკურენცია მისი წიაღისეულის მოპოვებაზე“. შესაბამისად, რუსეთმა თავისი ნაციონალური ინტერესების დასაცავად უნდა შექმნას შორეული კოსმონავტიკის აუცილებელი არსენალი.

„იზვესტიის“ მიხედვით, მთვარეზე რუსი და ამერიკელი კოსმონავტების ექსპედიციებმა აჩვენა, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი თავის წიაღში შეიცავს ალუმინს, რკინას, ტიტანსა და მენდელეევის ტაბულის სხვა ელემენტებს.

მთვარის ათვისების პირველ ეტაპზე, რომელიც 2016-2025 წლებს მოიცავს, რუსეთის მთავრობა აპირებს გაუშვას პლანეტათაშორისი ავტომატური სადგურები, რომელთა მიზანი მთვარის საფუძვლიანი ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევა და ათვისებისათვის ყველაზე პერსპექტიული რეგიონების შერჩევაა. სტატიას მთვარის კოლონიზაციის პერსპექტივის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG