Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან რუმპე: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არაა ბოლო ეტაპი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა სერიოზული მოვლენაა, მაგრამ არა ბოლო ეტაპი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების შესრულება ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მისი ხელმოწერა. „ასოცირების შეთანხმების შესრულების შემდეგ ჩვენ საერთო მომავალი გვექნება“ - განაცხადა ვან რუმპემ. მან ასოცირების შეთანხმებას ქართველი ხალხისა და ევროკავშირის ქვეყნების თავისუფალი ნების შედეგი უწოდა. ვან რუმპეს განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობა, რასაც ასოცირების შეთანხმება მოიცავს, ნიშნავს საქართველოს გასვლას მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებზე და უდიდეს შესაძლებლობას შეუქმნის საქართველოს ეკონომიკას და დასაქმების სტიმულირებას. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეკონიმიკის ადაპტირებისთვის არსებობს გარდამავალი პერიოდი, რომლის სირთულეთა დასაძლევად საქართველოს ფინანსურად დაეხმარებიან. "ეს არის სერიოზული ურთიერთობების ეტაპი და ამ გზის არჩევით საქართველომ თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები, მოქალაქეთა უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა და მე ვარწმუნებ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ ამ გზაზე ევროკავშირი საქართველოს გვერდით კვლავაც მტკიცედ დაუდგება“ - განაცხადა ჰერმან ვან რუმპემ. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს გარედან ზეწოლის გარეშე, ამგვარმა ზეწოლამ კი არჩევანი არ უნდა შეცვალოს.
XS
SM
MD
LG