Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა


თურქეთის ყველაზე მსხვილმა პროფკავშირმა 15 მაისს საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, დასავლეთის ქალაქ სომაში, მაღაროში მომხდარი მასშტაბური კატასტროფის გამო. გაფიცვის დაწყებისას, მთავრობამ გამოაცხადა, რომ დაღუპულ მაღაროელთა დადასტურებულმა რიცხვმა სულ მცირე 282-ს მიაღწია. პარალელურად, სულ უფრო სუსტდება იმედი სავარაუდოდ მიწისქვეშ დარჩენილი კიდევ 120 მაღაროელის გადარჩენის თაობაზე. მიმდინარეობს ფსიქოლოგების ჯგუფების მობილიზაცია მსხვერპლთა ოჯახების წევრებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. მაღაროს შესასვლელს შეიარაღებული პოლიცია იცავს. პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უარყო ბრალდება მთავრობის პასუხისმგებლობის თაობაზე, მას შემდეგ, რაც 14 მაისს მაღარო მოინახულა. მის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა, როგორც იუწყებიან, ერდოანის ავტომანქანას წიხლს ურტყამდნენ და ქვებს უშენდნენ, ზოგი მას „მკვლელს“ და „ქურდს“ ეძახდა და ერდოანის გადადგომას მოითხოვდა. ანკარასა და სტამბოლში პოლიციამ 14 მაისს ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ასევე ერდოანის გადადგომას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG