Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საკრებულოების ფრაქციების რეაქცია გამოკვლევაზე


სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში არსებული 61 ფრაქციიდან დიდ ნაწილს 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე არც ერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. ფრაქციათა თავმჯდომარეები მხოლოდ უწყვეტად იღებენ ხელფასს, თუმცა, იმავდროულად, მათ საქმიანობას რაიმე სახის სარგებელი მუნიციპალიტეტებისათვის არ მოუტანია - ასეთია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ფრაქციების მუშაობა შეისწავლა.

„მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებს 61 ფრაქცია, ამათგან მხოლოდ ორს - და ეს ორივე არის სენაკის მუნიციპალიტეტის ფრაქცია - თითოჯერ აქვს რაღაც საკითხი ინიცირებული. ჩვენ ვასკვნით, რომ ამ ფრაქციების უმეტესობას რაიმე სახის აქტივობა მისი არსებობის მანძილზე, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, - ჩვენ სწორედ ამ პერიოდის ინფორმაცია გამოვითხოვეთ, - არ გაუკეთებია. ისინი მხოლოდ უწყვეტად იღებენ ხელფასს და რაიმე სარგებელი მუნიციპალიტეტებისთვის არ მოუტანიათ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა.

საკრებულოებიდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფრაქციათა თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურება მესტიის მუნიციპალიტეტში 1000 ლარია, თვითმმართველ ქალაქ ფოთში - 1500, ყველა სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმდჯომარის ხელფასი კი 1350 ლარითაა განსაზღვრული. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, გარდა ხელფასის და პრემიისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 11, ანუ ყველაზე მეტი, ფრაქციაა წარმოდგენილი, კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ფრაქციები „ნორმალურად“ მუშაობენ.

„ფრაქციის თავმჯდომარემ ხომ უნდა იარსებოს, ის არჩეულია ოთხი წლით და მას კანონი არ უკრძალავს ხელფასის აღებას. მას ეკრძალება სხვაგან მუშაობა, ეს გათვალისწინებულია კანონით და მას ჩვეულებრივად აქვს ხელფასი“, - აცხადებს გრიგოლ სხულუხია.

კვლევას ასევე არ ეთანხმება ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ზუგდიდელების“ თავმჯდომარე გონელი ნაჭყებია:

„ფრაქციები ყველა მუშაობს. მე, მაგალითად, მუშაობა მიხდება მიწის ლეგალიზაციაზე. როგორც ასეთი, ეს განხილვაზე იყო, მაგრამ საკრებულო არ იყო უფლებამოსილი, ის გადაეწყვიტა“.

ზუგდიდის საკრებულოსგან განსხვავებით, ფრაქციების მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ ჩხოროწყუში. საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ მიზეზებს ასახელებს, რაც ხელს უშლის ფრაქციებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში:

„ეს საკრებულოები არ იყო თავიდანვე არჩეული პარტიული პრინციპით, მერე რაღაც გადაადგილებებიც მოხდა და ამანაც იმოქმედა. მრავალპარტიული სისტემა, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული ხედვა, რომელიც შემდეგ უნდა განახორციელოს ფრაქციამ შესაბამის ორგანოში, საკრებულოში, და ეს ჯერჯერობით არ არის და ახლა რისკენაც მივდივართ, მრავალპარტიულობა ამას ხელს შეუწყობს. მეორე მიზეზი არის ის, რომ ყველა არის წინასაარჩევნო რეჟიმში“..

ფრაქციების მუშაობით არც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანია კმაყოფილი. ის აცხადებს, რომ მესტიის საკრებულოში წარმოდგენილი 7 ფრაქციისგან უფრო მეტ აქტიურობას ისურვებდა:

„უკეთესი უნდა იყოს მათი მუშაობა. როგორც ჩანს, ამ მხრივ ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა მეტ-ნაკლებად“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოებს ფრაქციების მაქსიმალური რაოდენობის რაიმე ლიმიტი არ აქვთ დაწესებული. მისი შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება კი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ზოგადია და ფრაქციის თავმჯდომარესა თუ მის წევრს არ უწესებს განსაკუთრებულ ვალდებულებებს. ორგანიზაცია საკრებულოს თავმჯდომარეებს მიმართავს რეკომენდაციით, რომ ფრაქციისა და მისი თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.
XS
SM
MD
LG