Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავხდეთ ევროკავშირის 29-ე წევრი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ბოლო 10 წელიწადში ევროკავშირის წევრების რიცხვის ზრდას ეხებოდა და თქვა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა გახდეს ევროკავშირის 29-ე წევრი. ღარიბაშვილის ასეთი ხუმრობანარევი რეპლიკით დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც 21 მაისს ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართეს ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ. მანამდე დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ბაროზუმ უპასუხა, რომ წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ყველაფერი დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს. ბაროზუმ გაიხსენა, რომ 10 წლის წინ - ანუ, მაშინ, როცა ევროკომისიის პრეზიდენტად მუშაობას შეუდგა - ევროკავშირს სულ 15 წევრი ჰყავდა, ახლა კი უკვე 28 წევრი ჰყავს. ამდენად, ბაროზუს თქმით, პერსპექტივა გახსნილია, თუმცა ამ ეტაპზე ის ვერაფერს იტყვის საქართველოს გაწევრიანებაზე. ამ თემაზე ბაროზუს საუბარს მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეპლიკა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 29-ე წევრი გავხდეთო.
XS
SM
MD
LG